Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1369 (კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ბ-ემ 2019 წლის 19 თებერვალს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხის - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა 2019 წლის 31 იანვრის №32 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კურორტ ..., ...ის ქუჩა №68-ში მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ არსებობდა ა. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან აღიარების კომისიაში წარდგენილი იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა საჭირო მტკიცებულება, კერძოდ, სახლის ფოტოსურათები, გადასახადის ქვითრები, მოწმეების ჩვენებები. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომისია არასაკმარისად მიიჩნევდა განმცხადებლის წარდგენილ მასალებს, უნდა ეცნობებინა განმცხადებლისთვის და მიეცა ვადა დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად. ამასთან, საგულისხმოა, რომ კომისიამ ა. ბ-ის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის 19 ნოემბრის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც კომისიას დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, მათ შორის, ა. ბ-ის ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღიარების კომისიამ, მართალია, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართო ა. ბ-ე და აცნობა კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები არ შეისწავლა, კერძოდ, საჭიროდ არ მიიჩნია, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ჩატარება.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის გარემოებების გამოკვლევის ნაცვლად, კომისიამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად კვლავ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არარსებობა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სახლი იდგა ხეებს შორის, ორთოფოტოზე ჩანდა ხეები, რომელთა წაქცევის გამო დაინგრა სახლი 2009 წელს.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, სადავო ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა, რამდენადაც მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა. ბ-ემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (საჯარო რეესტრის მეშვეობით) მიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ …ში, ...ის ქუჩა N65-ში მდებარე 70 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე განთავსებული იყო სააგარაკე საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2009 წელს დაინგრა.

ა. ბ-ეს უარი ეთქვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ..., ...ის ქუჩა №68-ში მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ მდებარეობს სააგარაკე-საცხოვრებელი სახლი, სახლის არსებობა არ დასტურდება არც 2016 წლის და არც 2005 წლის ორთოფოტოებზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, რომ

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობის ფაქტის დასადასტურებლად ერთ-ერთი პირობაა მიწის ნაკვეთზე აშენებული ან დანგრეული საცხოვრებელი სახლის ან აშენებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა, რაც მოსარჩელის მიერ განსახილველ შემთხვევაში, ვერ იქნა დადასტურებული.

რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება სადავო მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საცხოვრებელი შენობის არსებობისა და მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი შენობის არსებობისა და მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, რაც გამორიცხავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - ა. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 16.12.2019წ. №22581642 გადახდის ქვითრით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე