საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1379 (კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. თ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:თ. თ-ამ 2017 წლის 1 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხეთა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ, მოპასუხედ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა მოპასუხისათვის თ. თ-ას სასარგებლოდ 2008 წლის 17 ივნისიდან 2014 წლის 7 თებერვლამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით თ. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით თ. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო 2008 წელს, თ. თ-ას სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე მიემართა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსათვის და მოეთხოვა მისთვის „საქართველოს კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნა, განცხადების წარუდგენლობით კი მოპასუხემ მიაყენა მატერიალური ზიანი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნულ მუხლში არ არის დაკონკრეტებული ვისი განცხადების საფუძველზე ხდება კომპენსაციის დანიშვნა, ამდენად, არსებობდა საფუძველი სასამართლოს მითითებული ნორმა განემარტა უფრო ფართოდ.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. თ-ა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 17 ივნისის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის III მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის თანამდებობიდან დაითხოვეს სამხედრო ძალების რეზერვში. 2014 წლის 3 იანვარს მოსარჩელე თ. თ-ამ განცხადებით პირველად მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოსარჩელე თ. თ-ას განცხადების საფუძველზე, შეადგინა მისი წელთა ნამსახურობის ანგარიში და 2014 წლის 7 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე თ. თ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, გაუგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრს. აღნიშნული წარდგინების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ. თ-ას 2014 წლის 1 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლების რეალიზაცია შესაძლებელია უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი N2-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი პირის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა. ამდენად, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საკუთარი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
მოცემულ საქმეზე დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 3 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია მისი წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგზავნა, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. თ. თ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის 2008 წლის 17 ივნისიდან, 2014 წლის 7 თებერვლამდე მიუღებლობა განაპირობა თ. თ-ას მიერ საკუთარი უფლების რეალიზაციის განუხორციელებლობამ, რაც გამორიცხავს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. თ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე