Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1383(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ი-ემ 2018 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3023192 ბრძანების ბათილად ცნობა ლ. ი-ის ნაწილში; „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის №879348 ბრძანების ბათილად ცნობა ლ. ი-ის ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ლ. ი-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის ინსპექტორის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე და ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 15 დეკემბრიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო და დანამატის) ანაზღაურება შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3023192 ბრძანება ლ. ი-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის №879348 ბრძანება ლ. ი-ის ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ი-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ლ. ი-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო და დანამატის) ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 15 დეკემბრიდან მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; გადაწყვეტილება თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ხოლო გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი. განჩინების მე-4 პუნქტში მიეთითა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებით საბოლოოა და არ საჩივრდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით; იმავე ბრძანების 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მისი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. ზემოხსენებული მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა თავისთავად გულისხმობს საშტატო ერთეულის გაუქმებას.

კასატორის განმარტებით, რეორგანიზაცია ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შეიძლება შტატების შემცირება იქნეს მიჩნეული. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთ ასეთ (სამსახურიდან გათავისუფლების) საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფუნქციების მატება, შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია. მოცემულ შემთხვევაში, ის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ლ. ი-ე, გაუქმდა. სახეზე იყო შტატების შემცირება, ...ის სამმართველოში არსებული 9 საშტატო ერთეული შემცირდა 6 საშტატო ერთეულამდე. შესაბამისად, სამინისტრო უფლებამოსილი იყო გამოეცა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავოდ ქცეული ბრძანებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3023192 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის წამყვანი სპეციალისტი, მოსარჩელე ლ. ი-ე რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში, საიდანაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის №879348 ბრძანებით დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №671311 ბრძანებით

დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოში დადგენილი იყო სულ ცხრა საშტატო ერთეული, რომელთაგან 2 საშტატო ერთეული იყო წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა. წამყვანი სპეციალისტისათვის სპეციალური წოდების ზედა ზღვარს წარმოადგენდა პოლიციის კაპიტნის წოდების მიღება.

რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №671311 ბრძანებაში, 2017 წლის 15 დეკემბერს შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოში დადგინდა სულ ექვსი საშტატო ერთეული, გაუქმდა ...ის უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული და განისაზღვრა განყოფილების უფროსის - ერთი, უფროსი ინსპექტორის - ორი, ხოლო ინსპექტორის - სამი საშტატო ერთეული. ამასთან, ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ისევე, როგორც რეორგანიზაციამდე არსებული წამყვანი სპეციალისტის შემთხვევაში სპეციალური წოდების სახით განისაზღვრა პოლიციის კაპიტნის წოდების არსებობა. რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ მოქმედი ...ის სამმართველოს ფუნქციების ურთიერთშედარებით, დადგინდა სამსახურის ფუნქციურ დატვირთვას შორის არსებითი მსგავსება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას რეორგანიზაციის მოჩვენებით ხასიათთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ „რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ...ის სამმართველოში შეიქმნა ინსპექტორის 3 საშტატო ერთეული. ახლადშექმნილი ინსპექტორის თანამდებობა ფუნქციური დატვირთვით, ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში წარმოადგენდა რეორგანიზაციამდე არსებული ლ. ი-ის მიერ დაკავებული თანამდებობის - წამყვანი სპეციალისტის ანალოგიურ თანამდებობას, რომლის საშტატო რაოდენობაც რეორგანიზაციამდე 2 ერთეული იყო. ამასთან, საგულისხმოა, რომ კასატორი არ მიუთითებს საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის თაობაზე, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭირო იყო კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სადავო აქტების გამოცემისას არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობების გაუქმება და ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. აღნიშნული ქმედებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი, რომელიც იცავს დასაქმებულის უფლებას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლები ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლები, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სტრუქტურული დანაყოფისა და შტატების მხოლოდ დასახელების შეცვლა, საჯარო მოხელეთა უსაფუძვლო გათავისუფლების რისკებს შეიცავს, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწვეტილების მიღებისას ზემოაღნიშნული რისკების არსებობა უნდა გამორიცხოს კანონიერი და დასაბუთებული აქტის მიღებით. მოცემულ საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული აქტებით შეიზღუდა მოსარჩელის - ლ. ი-ის კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლება, რამდენადაც დადასტურებულია, რომ რეორგანიზაცია არ ატარებდა რეალურ ხასიათს, უფლებაში ჩარევას არ ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი, რაც განაპირობებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების საფუძვლიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე