Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1392(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „…მა“ 2018 წლის 28 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შპს ,,...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №03/210 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს „...-ის“ 2018 წლის 15 მაისის №13769 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №03/210 ბრძანება შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა შპს „...-ის“ 2018 წლის 15 მაისის №13769 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

კასატორის განმარტებით, სამინისტრო არ წარმოადგენს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული საკითხები. სამინისტრო ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. მოცემულ საქმეზე „შპს ...“ ითხოვდა მშენებლობის ნებართვაში ცვლილებას, რომლის გაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. მშენებლობის ნებართვის გაცემისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც, კერძოდ, მან უნდა შეითანხმოს ყველა სამშენებლო პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხორციელდება. ასეთი შეთანხმებისას მიღებული გადაწყვეტილება არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, 2017 წლის 17 ნოემბრის N12/1932 წერილი, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სამინისტროში, არ არის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ შპს ,,...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №03/210 ბრძანება საფუძვლიანია, რადგან მოსარჩელე სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 17 ნოემბრის 12/1932 წერილს ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 27 ნოემბერს არქიტექტურის სამსახურის მასალებთან ერთად, შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას დარღვეული იყო გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც საფუძვლად დაედო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, შპს „...-ის“ სარჩელის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის დავის საგანია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება, რა დროსაც უნდა დადგინდეს არა სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 17 ნოემბრის 12/1932 წერილის კანონიერება, არამედ ,,...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №03/210 ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული კორესპონდენციის ჩაბარებისა და საჩივრის წარდგენის ერთთვიანი ვადის დაცვის საკითხი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...-ს“ უარი ეთქვა კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების დამტკიცებაზე. უარის თქმას საფუძვლად დაედო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №12/1932 კორესპონდენცია, რომლითაც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული შპს „...-ის“ სასტუმროს მშენებლობის პროექტში განხორციელებული ცვლილებების შეთანხმება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №12/1263 წერილით, შპს ,,...-ის“ დირექტორს 2018 წლის 10 აპრილის №201731316 განცხადების პასუხად გაეგზავნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №12/1932 წერილის ასლი, რომელიც მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2018 წლის 19 აპრილს.

2018 წლის 15 მაისს შპს ,,...-ის“ დირექტორმა ბესიკ სურმავამ №13769 ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2018 წლის 24 მაისს №14937 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №12/1932 კორესპონდენციის ბათილად ცნობა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №03/210 ბრძანებით შპს „...-ის“ 2018 წლის 15 მაისის №13769 ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის საფუძვლით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას სამინისტროს უფლებამოსილებისა და გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხთან დაკავშირებით, რამდენადაც შპს „…-მა“ 2017 წლის 17 ნოემბრის №12/1932 კორესპონდენცია მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოსგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ოფიციალურად ჩაიბარა 2018 წლის 19 აპრილს და უფლებამოსილ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სამინისტროში, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა 2018 წლის 15 მაისს გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვით.

საკასაციო პალატა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სადავო პერიოდში მოქმედი 2015 წლის 3 თებერვლის N05/11 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე. კონტროლის განხორციელების ერთ - ერთი მექანიზმია სააგენტოს მიმართ წარდგენილი საჩივრის განხილვა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას საჩივრის განხილვის უფლებამოსილების არქონის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შპს „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2018 წლის 22 ივნისის №03/210 ბრძანების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე და 180-ე მუხლის მოთხოვნები, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა საჩივრის საფუძვლიანობაზე შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის N12/1932 წერილი არ არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი 2015 წლის 3 თებერვლის N05/11 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს გენერალური დირექტორი, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს. 2017 წლის 17 ნოემბრის N12/1932 წერილი გამოცემულია სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული მუხლის საფუძველზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმებას. პალატის მოსაზრებით, შეთანხმება თავისი შინაარსით მოიცავს თანხმობის გაცემას და არ გულისხმობს მხოლოდ რჩევის მიცემას (რეკომენდაციას). კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მართალია, შესაბამისი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია იღებს, თუმცა ნებართვის გაცემისას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანხმობის სავალდებულოობას განსაზღვრავს მისი მიზანი - არ დაუშვას ასეთ ზონაში ისეთი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას. ამდენად, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, წერილის სარეკომენდაციო ხასიათთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ სადავო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №03/210 ბრძანება არ შეიცავს მსჯელობას სამინისტროს არაუფლებამოსილებისა და 2017 წლის 17 ნოემბრის N12/1932 წერილის სარეკომენდაციო ხასიათთან დაკავშირებით და საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულია მხოლოდ შპს „...-ის“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა, რაც არარელევანტურს ხდის საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებზე პასუხის გაცემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე