Facebook Twitter

საქმე ¹518აპ-11 ქ. თბილისი

21 ოქტომბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გ. შ-ს

პროკურორ _ დ. მ-ს

ადვოკატ _ ზ. შ-ს

მსჯავრდებულ _ ლ. ნ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განაჩენით ლ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ», ,,ე» ქვეპუნქტებით _ 10 წლით, ხოლო 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ლ. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იმავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 9 თვე, 13 დღე და ლ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 10 დეკემბრიდან.

ლ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენით ლ. ნ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ლ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც მას არ გადაუხდია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის განაჩენით ლ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. ნ-ე არ დაადგა გამოსწორების გზას და გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით _ 0,0209 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, საიდანაც ნაწილი _ 0,0070 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი უკანონოდ შეინახა პირადად, ხოლო ნაწილი, დიდი ოდენობით _ 0,0139 გრამი, 2010 წლის 10 დეკემბერს თბილისში უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ დ. კ-ე, რაც პოლიციამ ამოიღო მისი პირადი და ასევე მისი ავტომანქანის ჩხრეკისას.

2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, მელიტონ ქანთარიას ქუჩის ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ლ. ნ-ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 0, 0070 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი. იმავე დღეს ლ. ნ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ნ-მ. აპელანტმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ნ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა საჩივრით ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

2011 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ. მ-მა, საქართველოს სსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასსა და მსჯავრდებულ ლ. ნ-ს შორის.

პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ლ. ნ-ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, საჯარო ინტერესების დაცვით, იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები, 2011 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

2011 წლის 21 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და მსჯავრდებულ ლ. ნა-ს შორის 2011 წლის 13 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. მ-სა და მსჯავრდებულ ლ. ნ-ს შორის.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. მ-მა მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებულ ლ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს ჯარიმა _ 2000 ლარი, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვროს 5 წლით, 2 თვითა 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 18 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით აღნიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 9 თვე, 13 დღე და საბოლოოდ ლ. ნ-ეს უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 20 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ლ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა ლ. ნ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. შ-მ.

სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ ლ. ნ-ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: დ. მ-ს, ზ. გ-ს, ზ. მ-ს, გ. ლ-ს, დ. კ-ს, უ. თ-ს, ი. კ-ს, ზ. შ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით ლ. ნ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.

საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ლ. ნ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.

პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათს, მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებული ლ. ნ-ე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ. მ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ლ. ნ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 209-216-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა.

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. მ-სა და მსჯავრდებულ ლ. ნ-ს შორის.

ლ. ნ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა _ 2.000 (ორი ათასი) ლარი, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ», ,,ე» ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 5 წლით, 2 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 18.000 (თვრამეტი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილების გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 9 თვე, 13 დღე და ლ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 20.000 (ოცი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ლ. ნ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2010 წლის 10 დეკემბრიდან.

ლ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის უწყებებს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ლ. ნ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,0070 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.