#ბს-1197(კ-18) 20 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი – ეკატერინე მეტრეველი
კასატორი (მოსარჩელე) – სს „…ა“; წარმომადგენელი - ც. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; წარმომადგენელი - ი. გ-ე
მესამე პირი – ქ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 25 აგვისტოს სს „…ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სემეკმა 2016 წლის 11 აგვისტოს დააკმაყოფილა მოქალაქე ქ. ქ-ის განცხადება და უსაფუძვლოდ მიიჩნია ენერგოკომპანიის მიერ 2016 წლის მარტის თვეში განხორციელებული დარიცხვა. ასევე, კომპანიას დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის დაკორექტირება და შესაბამისი ცვლილების აბონენტის ბარათზე ასახვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიჩნეული.
მოსარჩელე არ ეთანხმება სემეკის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რამდენადაც მიიჩნევს, რომ იგი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფის შედეგად, შესაბამისად, იგი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რაც მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს #54/14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ქ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ქ-ე 2016 წლის 27 იანვრიდან წარმოადგენს ქ. სამტრედია, ...ის ქ. #22-ში მდებარე ქონების მესაკუთრეს.
სს „...ამ“ აბონენტ ქ. ქ-ეს 2016 წლის 30 მარტს დაარიცხა 1 მარტიდან 29 კალენდარული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია 292 კვტ/სთ-ის ოდენობით. აბონენტის საშუალო დღიური მოხმარება 292 კვტ/სთ ელექტროენერგია გაყო 29 კალენდარულ დღეზე და მიიღო 10.7 კვტ/სთ, ხოლო 10.7 კვტ/საათი გაამრავლა 30 კალენდარულ დღეზე და მიიღო 302,1 კვტ/სთ, რაც დაანგარიშდა მესამე საფეხურის ტარიფით.
2016 წლის 28 ივნისს ქ. ქ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა არსებული დავალიანების კორექტირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 11 აგვისტოს #54/14 გადაწყვეტილებით ქ. ქ-ეზე (აბ. ...) სს „...ას“ მიერ 2016 წლის მარტის თვეში 292 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის (62.63 ლარის) მესამე საფეხურის ტარიფით დარიცხვა უსაფუძვლოდ მიიჩნია. სს „...ას“ მომხმარებლისათვის მეორე საფეხურის ტარიფით 49.44 ლარის დარიცხვის განხორციელება და აბონენტის (აბ. ...) პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილების შეტანა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები. ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა. შ.).
სასამართლომ მიუთითა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამასთან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ მიუთითა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის #6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ოფიციალურად განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულად კრძალავს ელექტროენერგიის მოხმარებისას მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად და მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად). ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დადასტურებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ დადგენილების 111 მუხლის თანახმად, სს „...ას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები დადგენილია ძაბვების მიხედვით: ა) 220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 16,776 თეთრი/კვტსთ; ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი – 12,024 თეთრი/კვტსთ; გ) 35-110 კილოვოლტი – 11,501 თეთრი/კვტსთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „...ას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში): ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 10,978 თეთრი/კვტსთ; ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 14,348 თეთრი/კვტსთ; გ) 301 კვტსთ-დან და მეტი – 18,178 თეთრი/კვტსთ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით დადგენილი ტარიფები არაგამჭოლია; ყოველი მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დადასტურებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წესის თანახმად, ინდივიდუალური მრიცხველის არსებობა, რომელიც სრულად აღრიცხავს მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, გამორიცხავს საშუალო დღიური მოხმარების გამოანგარიშებით აბონენტზე გადასახადის დარიცხვის შესაძლებლობას და უშვებს მომხმარებელზე გადასახადის დარიცხვას მხოლოდ ინდივიდუალურ მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სს „...ა“ სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ქ. ქ-ემ 1 მარტიდან 29 კალენდარული დღის განმავლობაში მოიხმარა 292 კვტ/სთ ელექტროენერგია, თუმცა 30 დღეზე ელექტროენერგიის მოხმარება შეაფასა 302,1 კვტ/სთ-ად (საშუალო დღიური მოხმარება 292 კვტ/სთ: 29 დღეზე = 10,07 კვტ/სთ-ს, ხოლო 10,07კვტ/სთ X 30 დღეზე = 302,1 კვტ/სთ-ს) და მასზე გაავრცელა მესამე საფეხურის ტარიფი (301 კვტსთ-დან და მეტი – 18,178 თეთრი/კვტსთ).
სასამართლო არ დაეთანხმა სს „...ას“ მიერ განხორციელებულ დაანგარიშების წესს, რომლითაც კომპანიამ აბონენტ ქ. ქ-ეს 30 მარტს დაარიცხა 1 მარტიდან 29 კალენდარული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია 292 კვტ/სთ-ის ოდენობით, მესამე საფეხურის ტარიფით. სასამართლოს განმარტებით, ვარაუდი, რომ ქ. ქ-ე ყოველდღიურად მოიხმარდა ერთი და იმავე ოდენობით ელექტროენერგიას (10.07კვტ/სთ), საფუძველს მოკლებული იყო. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე (მხოლოდ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით) იმ ტარიფით, რომელიც დაწესებული იყო მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე. ამრიგად, სასამართლო დაეთანხმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ მსჯელობას და მიიჩნია, რომ მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს #54/14 გადაწყვეტილება გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „…ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით სს „…ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო სრულად დასაბუთებული და იგი იძლეოდა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებს გაეგოთ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოპასუხის პოზიციას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სს „…ა“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ წელიწადი შედგება 365 დღისაგან და ზუსტად 30 დღიანი პერიოდით ჩვენების აღების შემთხვევაში, ყოველწლიურად დარჩებოდა 5 (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში - 6) დღე წლის ჭრილში, რომლის განმავლობაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ვერ განხორციელდება, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიას მოუწევდა თვეში ორი ქვითრის მიტანა მომხმარებლისთვის, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პრინციპს, რომლის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 აგვისტოს #54/14 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ქ. ქ-ის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ ქ. ქ-ის ბრუნვის ისტორიით დადგენილ იქნა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველიდან ჩვენების აღება წარმოებდა თვის სხვადასხვა რიცხვებში. კერძოდ, სადავო შემთხვევაში, 2016 წლის მარტის თვეში მრიცხველის ჩვენება აღებული იქნა 1 რიცხვში, ხოლო მომდევნო ჩვენება 29 დღის შემდეგ. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია ჩვენების აღების ერთთვიანი ვადა, რის გამოც აღნიშნულ თვეში მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასური დაარიცხა მე-2 საფეხურის ტარიფით. ამგვარად, სააპელაციო პალატის დასკვნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის საწინააღმდეგოდ, ქ. ქ-ის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა 2016 წლის მარტის თვეში განახორციელა ორჯერ, 1 მარტსა და 30 მარტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „…ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად განმარტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილების მე-12 მუხლი. კერძოდ, კასატორისათვის ცალსახაა, რომ სემეკს ტარიფი 30 კალენდარულ დღეზე აქვს ნორმატიულად დადგენილი, რომლის იგნორირებაც თავად მოახდინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 30 კალენდარულ დღეში დარიცხვის განხორციელება იმავდროულად არ ნიშნავს ზუსტად 30-ე დღეს მრიცხველიდან ჩვენების აღებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილება ტარიფებს სწორედ 30 კალენდარული დღით ანგარიშობს, რაც, განსახილველ შემთხვევაში, განახორციელა კიდეც ენერგოკომპანიამ. კასატორის მითითებით, უდავოა, რომ ყოველი 30 დღე ავტომატურად არ წარმოადგენს თვეს, იგივე თებერვლის მაგალითზე, რომელსაც 30-ე დღე არ გააჩნია. ამასთან, მოსარჩელეს არგუმენტირებული პასუხი არ მიუღია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ენერგოკომპანიამ 31-დღიანი თვეების შემთხვევაში.
კასატორის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების მე-9 მუხლის 51 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს ქვითრის აბონენტებისათვის მიწოდების წესს. კერძოდ, ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. სემეკის #54/14 გადაწყვეტილების აღსრულებით და მისი პრეცედენტად დამკვიდრებით კი ცალსახაა, რომ „მცოცავი“ გრაფიკის გამო (30-ე დღე პერიოდულად მუდმივად გადაიწევს და ერთსა და იმავე თარიღს არასდროს არ დაემთხვევა) ნორმატიული აქტის აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული და ქვითრების ერთსა და იმავე დროს ჩაბარება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
კასატორის განმარტებით, გარდა უკანონობისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოიწვევს უკვე დალაგებული ელექტრონული, კომპიუტერული სისტემების არევას და აბონენტთა გაურკვევლობასა და დისკომფორტს, რომელთაც გადახდისთვის ერთი კონკრეტული თარიღი არასდროს არ ექნებათ. ამდენად, კასატორის მითითებით, სადავოა არა ტარიფის გამოთვლის სისწორე, არამედ ჩვენების ზუსტად 30-ე დღეს აუღებლობა, თუმცა არ ხდება მითითება კონკრეტულ ნორმაზე, რაც კასატორისათვის ამგვარი ვალდებულების განმსაზღვრელი იქნებოდა. კასატორისათვის, აგრეთვე, გაურკვეველია, არა თვის 29-ე დღეს, არამედ 31-ე დღეს რომ მომხდარიყო ჩვენების აღება, ამ შემთხვევაში როგორ უნდა განხორციელებულიყო ანგარიშსწორება.
კასატორის მოსაზრებით, ობიექტურად შეუძლებელია შესაბამისი ნორმების იმგვარად განმარტება, რომ გამანაწილებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის განგრძობად პერიოდულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში საანგარიშსწორებო პერიოდი აცდეს კალენდარულ თვეს. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებული სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც ისევ სემეკი ადგენს, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთიანი მიდგომით კალენდარულ თვეში ერთხელ მრიცხველის ჩვენების აღების ხარჯებს ითვალისწინებს და არ აფინანსებს ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მრიცხველის ცალ-ცალკე ინდივიდუალური გრაფიკით წაკითხვას.
ამასთან, კასატორის მითითებით, სადავო ვერ იქნება, რომ იმ მოცემულობაში, სადაც საანგარიშსწორებო პერიოდი კალენდარული თვეა, ხოლო საანგარიშსწორებო ტარიფი ანგარიშდება 30 კალენდარული დღის მოხმარების მიხედვით, საუკეთესო და გონივრული გამოსავალი არის სწორედ ის წესი, რომელიც კომპანიამ გამოიყენა ქ. ქ-ის ტარიფის შესარჩევად. კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ საანგარიშსწორებო პერიოდი ნებისმიერ შემთხვევაში აცდება ტარიფის განსაზღვრის პერიოდს და სადავო შეიძლება გახდეს, რომელ საანგარიშსწორებო პერიოდს რომელი პერიოდის ტარიფი უნდა მიესადაგოს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საშუალო მოხმარება არ არის ენერგოკომპანიის მიერ მოგონილი კატეგორია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული წესები, სწორედ საშუალო მოხმარების განსაზღვრის წესს იყენებს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დროის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრა, საშუალო დღიური მოხმარების განსაზღვრა. საგულისხმოა ისიც, რომ ტარიფის საფეხურის შესარჩევად ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენება ენერგოკომპანიას თავად სემეკმა 2014 წლის 12 თებერვლის #1/08-7/35-389 წერილითაც ურჩია. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ სფეროში ობიექტურად აუცილებელია რაიმე დაშვების გამოყენება და ასეთ დაშვებად დარგის მარეგულირებელი ყოველთვის საშუალო მოხმარების განსაზღვრას მიიჩნევს. კასატორი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია აღნიშნული მიდგომა ყოველთვის სწორი იყოს და მხოლოდ ტარიფის საფეხურის შერჩევისას იყოს უსაფუძვლო.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სემეკის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 121-ე და 126-ე მუხლების გამოყენებას, კერძოდ, განმარტავს, რომ ერთი მხრივ, არსებობს სპეციალური ნორმა - სემეკის #33 დადგენილება და მეორე მხრივ, სამოქალაქო ნორმებზე მითითების აუცილებლობა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. იმავე სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზოგად წესთან მიმართებაში, უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არც ენერგოკომპანიის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე - დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მსჯელობს. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, აქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა ხსენებული არ ნიშნავს, რომ სემეკს მის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტის დასაბუთების ვალდებულება არ გააჩნია. კასატორისათვის გაუგებარია, ვის ან რას ექმნებოდა საფრთხე ქ. ქ-ისათვის დარიცხული თანხის დაუყოვნებლივ ჩამოუწერლობის შემთხვევაში, მით უფრო მაშინ, როდესაც ქ. ქ-ის მხრიდან გადახდა უკვე შესრულებული იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „…ას“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სს „…ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სს „…ას“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ქ-ე 2016 წლის 27 იანვრიდან წარმოადგენს ქ. სამტრედია, ...ის ქ. #22-ში მდებარე ქონების მესაკუთრეს.
სს „...ამ“ აბონენტ ქ. ქ-ეს 2016 წლის 30 მარტს დაარიცხა 1 მარტიდან 29 კალენდარული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია 292 კვტ/სთ-ის ოდენობით. აბონენტის საშუალო დღიური მოხმარება 292 კვტ/სთ ელექტროენერგია გაყო 29 კალენდარულ დღეზე და მიიღო 10.7 კვტ/სთ, ხოლო 10.7 კვტ/საათი გაამრავლა 30 კალენდარულ დღეზე და მიიღო 302,1 კვტ/სთ, რაც დაანგარიშდა მესამე საფეხურის ტარიფით. 2016 წლის 28 ივნისს ქ. ქ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა არსებული დავალიანების კორექტირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 11 აგვისტოს #54/14 გადაწყვეტილებით ქ. ქ-ეზე (აბ. ...) სს „...ას“ მიერ 2016 წლის მარტის თვეში 292 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის (62.63 ლარის) მესამე საფეხურის ტარიფით დარიცხვა უსაფუძვლოდ მიიჩნია. სს „...ას“ მომხმარებლისათვის მეორე საფეხურის ტარიფით 49.44 ლარის დარიცხვის განხორციელება და აბონენტის (აბ. ...) პირადი აღრიცხვის ბარათზე ცვლილების შეტანა დაევალა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები. ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა. შ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამასთან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის #6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ოფიციალურად განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად კრძალავს ელექტროენერგიის მოხმარებისას მომხმარებლისთვის (აბონენტისთვის) წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად და მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დადასტურებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბერის #33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ დადგენილების 111 მუხლის თანახმად, სს „...ას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები დადგენილია ძაბვების მიხედვით: ა) 220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 16,776 თეთრი/კვტსთ; ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი – 12,024 თეთრი/კვტსთ; გ) 35-110 კილოვოლტი – 11,501 თეთრი/კვტსთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „...ას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში): ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 10,978 თეთრი/კვტსთ; ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 14,348 თეთრი/კვტსთ; გ) 301 კვტსთ-დან და მეტი – 18,178 თეთრი/კვტსთ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით დადგენილი ტარიფები არაგამჭოლია; ყოველი მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დადასტურებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).
საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსგავსად განმარტავს, რომ აღნიშნული წესის თანახმად, ინდივიდუალური მრიცხველის არსებობა, რომელიც სრულად აღრიცხავს მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, გამორიცხავს საშუალო დღიური მოხმარების გამოანგარიშებით აბონენტზე გადასახადის დარიცხვის შესაძლებლობას და უშვებს მომხმარებელზე გადასახადის დარიცხვას მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სს „...ა“ სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ქ. ქ-ემ 1 მარტიდან 29 კალენდარული დღის განმავლობაში მოიხმარა 292 კვტ/სთ ელექტროენერგია, თუმცა 30 დღეზე ელექტროენერგიის მოხმარება შეაფასა 302,1 კვტ/სთ-ად (საშუალო დღიური მოხმარება 292 კვტ/სთ: 29 დღეზე = 10,07 კვტ/სთ-ს, ხოლო 10,07კვტ/სთ X 30 დღეზე = 302,1 კვტ/სთ-ს) და მასზე გაავრცელა მესამე საფეხურის ტარიფი (301 კვტსთ-დან და მეტი – 18,178 თეთრი/კვტსთ).
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს სს „...ას“ მიერ გამოყენებულ დაანგარიშების წესს, რომლითაც კომპანიამ აბონენტ ქ. ქ-ეს 30 მარტს დაარიცხა 1 მარტიდან 29 კალენდარული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგია 292 კვტ/სთ-ის ოდენობით, მესამე საფეხურის ტარიფით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ვარაუდი იმისა, რომ ქ. ქ-ე ყოველდღიურად ერთსა და იმავე ოდენობით (10.07კვტ/სთ) ელექტროენერგიას მოიხმარდა, საფუძველს არის მოკლებული. ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე (მხოლოდ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით) იმ ტარიფით, რომელიც დაწესებული იყო მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახულ მსჯელობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული არც ერთი საკანონმდებლო რეგულაცია არ შეიცავს რაიმე მითითებას ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხული, აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილის პრინციპის გამოყენებით გამოთვლის თაობაზე. აღნიშნული პრინციპით ელექტროენერგიის გაანგარიშება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც შეუძლებელია ზუსტად იქნეს განსაზღვრული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა. საგულისხმოა ისიც, რომ მრიცხველიდან ინფორმაციის დროული მიღება ენერგოკომპანიის ინტერესებში შედის, რის გამოც მის დროულ შემოწმებაზე პასუხისმგებელია სწორედ სს „…ა“. შესაბამისად, საშუალო შეწონილის პრინციპის გამოყენება დასაშვებია, აგრეთვე, ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ენერგოკომპანიის უფლებამოსილი თანამშრომელი საპატიო თუ არასაპატიო მიზეზებით ვერ შეძლებს ინდივიდუალური მრიცხველიდან 30 დღის ვადაში დახარჯული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. სხვა შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია ინდივიდუალური მრიცხველიდან აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ზუსტი წაკითხვა, კერძოდ, მაშინ, როდესაც მრიცხველიდან ინფორმაციის მოპოვება ხერხდება 30-დღიან მონაკვეთში, საშუალო შეწონილის პრინციპის გამოყენება და ამ გზით აბონენტის საზიანოდ მის მიერ რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემთა შეცვლა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადასახდელი საბოლოო თანხის განსაზღვრა უნდა ხდებოდეს არა ჰიპოთეტურად, საშუალოდ ყოველდღიურად მოხმარებული ენერგიის 30-ზე გამრავლების შედეგად იმის დაშვებით, რომ აბონენტი ყოველდღიურად ერთსა და იმავე ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, არამედ ინდივიდუალური მრიცხველიდან აღებულ, რეალურად დახარჯულ ელექტროენერგიის მონაცემებზე დაყრდნობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „…ას“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „…ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი