საქმე №ბს-879(გ-19) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-მა“ 2018 წლის 7 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე დ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის შედეგად წარმოშობილი საფასურის სრულად ანაზღაურების (1531 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ „112-ის“ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხისთვის სსიპ „112-ის“ სპეციალური სადგომიდან (მის.: ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა) ავტომანქანის (სახ. ნომრით: ...) საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ გაყვანის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის მაისიდან ახორციელებს ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას და მათ შენახვას სპეციალურ სადგომზე. 2017 წლის 14 დეკემბერს დ. ბ-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121.1.0, 125.6.0 მუხლების შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოიოტა (სახ. ნომრით ...) და დაჯარიმდა. ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე, სადაც განთავსებულია დღემდე. სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე დგომის (შენახვის) გამო მოპასუხეს სსიპ „112-ის“ მიმართ ერიცხება მომსახურების საფასური 1531 ლარი, რომელიც გაანგარიშებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112-ის“ მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესით“ დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის სატრანსპორტო საშუალების მიმართ დასრულებულია ყველა საჭირო პროცედურა, რის გამოც არ არსებობს მისი სპეციალურ სადგომზე დატოვების საჭიროება. ამასთანავე, სპეციალური სადგომის ტერიტორია სსიპ „112-ს“ კანონიერ სარგებლობაში გადაცემული აქვს მესაკუთრე სახელმწიფოსაგან კონკრეტული მიზნით. საჭიროების გასვლის შემდეგ ავტომანქანის სადგომზე დგომა უარყოფითად აისახება სსიპ „112-ის“ სერვისზე, რადგან იზღუდება სადგომის ფაქტობრივი გამოყენების რესურსი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172-ე მუხლებიდან გამომდინარე, სსიპ „112-ს“, როგორც სადგომის მართლზომიერ მფლობელს, შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. რაც შეეხება ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებას, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების მიხედვით ვალდებულება შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენების შედეგად (დელიქტიდან) ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანისა და შენახვის ხარჯების მოპასუხის მიერ გადახდის ვალდებულება კანონისმიერია და წარმოიშობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი შენიშვნიდან გამომდინარე, რომელიც ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას დამრღვევს აკისრებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სარჩელი მოპასუხე დ. ბ-ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და მფლობელისთვის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხლი). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის ობიექტს წარმოადგენს საგნობრივი განსჯადობის განსაზღვრა. აღნიშნულს საფუძვლად უნდა დაედოს საკუთრების უფლების დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი საშუალებების (ნეგატორული და ვინდიკაციული სარჩელი) გამოყენება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში ასახულ პირის კონსტიტუციურ უფლებაზე, რომლის ძალითაც ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამდენად, პირი რომელიც მიიჩნევს, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში მისი უფლება სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით დარღვეულია, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპი, მხარეებს აძლევს სრულ თავისუფლებას თავად განსაზღვრონ დავის საგანი და სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს - სსიპ „112-ს“ გააჩნია ორი სასარჩელო მოთხოვნა: 1) მის სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, სპეციალური დაცული სადგომიდან ავტომანქანის საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ გაყვანის მოპასუხისთვის დავალდებულება და 2) მოპასუხეს დაეკისროს სპეციალურ სადგომზე მანქანის გადაყვანის და შენახვის შედეგად წარმოშობილი მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურება. მოსარჩელე სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე მუხლებზე.
სარჩელის აღძვრას საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობა: დ. ბ-ს 2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მუშაკის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121.1.0, 125.6.0 მუხლების შესაბამისად, დროებით ჩამოერთვა მის მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოიოტა (სახ. ნომრით ...) და დაჯარიმდა. სსიპ „112-ის“ მიერ ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ სადგომზე (დიღმის სასწავლო მეურნეობა), სადაც დღემდეა განთავსებული, საჭიროების გასვლის მიუხედავად. სსიპ „112-ის“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა მოიცავს ევაკუატორის გამოძახების ღირებულებას (30 ლარი), სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასურსა (45 ლარი) და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულებას (1456 ლარი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მქონე იდენტური დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარების სამართლებრივი დასაბუთება მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის №ბს-431(გ-19) საქმეზე გამოტანილ განჩინებაში. ამგვარად, პროცესის ეკონომიურობის, ოპერატიულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „112-ის“ სარჩელი მოპასუხე დ. ბ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე