Facebook Twitter

საქმე Nბს-1516(კ-18) 16 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. მ-ემ 2018 წლის 5 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. მ-ის სასარგებლოდ დაევალოს წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 1244.77 ლარის ანაზღაურება და დაეკისროს დაყოვნებული ხელფასის 0,07% გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

მოსარჩელის მითითებით 1998 წლიდან მუშაობდა საქართელოს თავდაცვის სამინისტროში. მისთვის 1998 წლიდან 2000 წლამდე არ მომხდარა კუთვნილი ხელფასის დარიცხვა, რის გამოც სახელფასო დავალიანება შეადგენს 1244,77 ლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. მ-ის სასარგებლოს მისთვის 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1244.77 ლარის ანაზღაურება. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. მ-ის სასარგებლოდ დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულად მიღებამდე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით - სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“. სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება. მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირს, ანიჭებდა შესაძლებლობას მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.

სააპელაციო პალატის განმარტებით განსახილველ შემთხვევაში გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, რაც შეადგენს 1244.77 ლარს. ასევე მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაყოვნებული ხელფასის 0,07% გადახდის დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 24 მაისის N9/2261 წერილით, გ. მ-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის MOD 1 17 00630776 ცნობით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ის მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირიცხება 1998, 1999, 2000 წლებში მიუღებელი დავალიანება (ხელფასი, კვება, პრემია), რომელიც შეადგენს 1244.77 ლარს.

სააპელაციო პალატის განმარტებით სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე. კერძოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს. დღეს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ზემოაღნიშნული ჩანაწერის არარსებობის მიუხედავად, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა, რადგან ახალი კანონით გაუარესდა პირთა მდგომარეობა - მოითხოვონ წარსული პერიოდის დავალიანების ანაზღაურება, ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ამგვარ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება. ამდენად, პირს მაინც აქვს უფლება მოითხოვოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. გარდა ამისა, დავალიანების ანაზღაურების შესაძლებლობის ძველ კანონში პირდაპირ მითითების არარსებობა ისედაც ვერ დააბრკოლებდა პირის უფლებას მოეთხოვა ასეთი ანაზღაურების დაკისრება, რადგან ამგვარი რამ დაარღვევდა კონსტიტუციურ პრინციპს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე.

პალატამ ასევე არ გაიზიარა მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით, მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის MOD 1 17 00630776 ცნობაზე, რომლითაც გ. მ-ეს ეცნობა, რომ მისი 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანება ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს სულ -1244,77 ლარს. აღნიშნული წერილი, პალატის მოსაზრებით, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებას.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის MOD 1 17 00630776 ცნობით დავალიანების აღიარება მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ცალსახად ადგენენ, რომ თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

პალატამ განმარტა, რომ ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ვალი აღიარებულია 2017 წლის 4 ივლისს, რა დროიდანაც ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2018 წლის 5 თებერვალს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. აღნიშნული დანაწესი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმული მოთხოვნა, მართალია, განუხორციელებადია, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას შესრულებადი რჩება. ხანდაზმულობის ვადის გასვლისას 144-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი შედეგები მაშინაც დგება, როდესაც ვალდებული პირი აღიარებს ვალს და კრედიტორი ვალდებულების უზრუნველსაყოფად განახორციელებს შესაბამის ქმედებას ან გამოიყენებს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს. რაც შეეხება მოთხოვნას, დაყოვნებული ხელფასის 0,07% გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის, სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამდენად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი არ კრძალავს შრომის კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებას საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში, არც რაიმე განსხვავებულ წესს ადგენს ამ თვალსაზრისით და უდავოა, რომ ამ ნაწილში საქართველოს შრომის კოდექსი ვრცელდება მოცემულ სადავო ურთიერთობაზე; იქედან გამომდინარე, რომ სარჩელი საფუძვლიანია 1998, 1999, 2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, იმავე სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით საფუძვლიანია მოთხოვნა ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. მ-ის სასარგებლოდ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2017 წლის 1 ივნისს ძალაში შევიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი კანონი, რომლის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლება აღიარებულია კანონით. აღნიშნული კანონი განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების (ხანდაზმულობის მათ შორის) გამოყენება დაუშვებელი იყო, თუმცა ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნულ დანაწესს და ძველი რეგულაციაც აღარ არსებობს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით გ. მ-ის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს აღძრულ სარჩელზე ახალი კანონის ამოქმედების პირობებში მასზე ძველი კანონის მოქმედება არ უნდა გავრცელებულიყო.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 ივლისის ცნობა წარმოადგენს სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებას, რადგან ზემოაღნიშნული ცნობით არ მომხდარა რაიმე სახის ვალდებულების აღიარება, რაც შეიძლება გამხდარიყო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველი.

კასატორი უკანონოდ მიიჩნევს სამინისტროსთვის გ. მ-ის სასარგებლოდ დაყოვნებული ხელფასის 0,07 %-ის გადახდის დაკისრებას, რადგან საქმე ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებს და არა კერძო, შრომის კოდექსით რეგულირებულ ურთიერთობებს. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მსგავს ვითარებაში დამსაქმებელს (საჯარო სამსახურს) მოსარჩელის (საჯარო მოსამსახურის) სასარგებლოდ დააკისრებს დაყოვნებული თანხის 0, 07 %-ის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველი დავის საგანს - მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს გ. მ-ის მიმართ 1998-1999-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების - 1244.77 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების კანონიერება. დამატებით მოთხოვნას კი წარმოადგენს დაყოვნებული ხელფასის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,07%-ის გადახდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების კანონიერება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 24 მაისის №9/2261 წერილით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის MOD 1 17 00630776 ცნობის საფუძველზე საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს და სადავო არ არის, რომ გ. მ-ე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და მის მიმართ 1998, 1999, 2000 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სახელფასო დავალიანება. გ. მ-ეზე ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს (ხელფასი - 474.24, კვების კომპენსაცია - 593.54, პრემია - 176.99) 1244.77 ლარს. თუმცა სადავოა რამდენად არსებობს აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 2018 წლის 5 თებერვალს აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა შეფასება, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის MOD 1 17 00630776 ცნობა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებას, რაც მიჩნეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში აღძვრის თაობაზე. ამასთან, მიიჩნევს, რომ არამართებულია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-… ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის MOD 1 17 00630776 ცნობის თაობაზე და მიუთითებს, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის აღძვრა განხორციელდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამავე კანონის 128-ე მუხლით დადგინდა კანონის ამოქმედების დრო 2017 წლის 1 ივლისი. მითითებული კანონის ამოქმედებამდე სადავო საკითხის მარეგულირებელ ნორმებს შეიცავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 21 ოქტომბრის კანონი, რომლის 1341 მუხლი 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სპეციალურ წესს ითვალისწინებდა კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. სწორედ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს გ. მ-ე 2018 წლის 5 თებერვალს აღძრული სარჩელით. ამგვარად, 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში გ. მ-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ მიიჩნეოდა ხანდაზმულად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისიდან. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს მოწესრიგებას, რაც ადასტურებს სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვა და სარჩელის წარდგენა გ. მ-ემ განახორციელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის ამოქმედებიდან 3-წლიან ვადაში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების (ხელფასი - 474,24 ლარი და პრემია - 176,99 ლარი) ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა კვების კომპენსაციის - 593,54 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რადგან სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემული იყო მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამგვარად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნებოდა ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით იყო გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის დროს სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის - ულუფის სახით. ამავე დროს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341 მუხლი (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) ითვალისწინებდა, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხებოდა საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან - სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულად იყო მოწესრიგებული 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლში. ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა („საჯარო სამსახურის შესახებ„ 31.10.1997წ. საქართველოს კანონის 1341 მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდებოდა. შესაბამისად, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გ. მ-ის მიერ 2018 წლის 5 თებერვლის სარჩელით აღძრულ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის მეორე თავით (ხანდაზმულობა) დადგენილი ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები ითვალისწინებს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელ ხელფასთან ერთად კვების კომპენსაციას 1998-1999-2000 წლების პერიოდზე, რომელიც წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ვალის არსებობის აღიარების ფორმა გათვალისწინებულია 341-ე მუხლით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. იმავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 24 მაისის N9/2261 წერილით გ. მ-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა. ასევე, საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 4 ივლისის MOD 1 17 00630776 ცნობა ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნის მომენტში, რაც თავისთავად დავას არ იწვევს.

საკასაციო პლატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მხოლოდ კვების კომპენსაციის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, რადგან გარდა კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე ზემოაღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების არარსებობისა („საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1311 მუხ.), ასევე სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება, რაც შესაძლოა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი გამხდარიყო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს ფაქტისა და ვალის აღიარება, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო ვალის აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული 2013 წლის 24 მაისის წერილი და 2017 წლის 4 ივლისის ცნობა არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ დავალიანების რაოდენობას ადასტურებს და არ გამოთქვამს მზადყოფნას სათანადო ასიგნებების მიღებისთანავე დაუბრუნდეს საკითხის განხილვას. ამასთან, ორგანო შესაძლებლად არ მიიჩნევს არსებული დავალიანების ანაზღაურებას მიზნობრივი დაფინანსების შემთხვევაში და მიუთითებს, რომ შესაბამისი ასიგნებების გამოყოფის არარსებობის გამო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თხოვნა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დადასტურებული 1998-1999-2000 წლების კვების კომპენსაციის დავალიანების არსებობა და მოპასუხეს არ გამოუთქვამს მის ანაზღაურებაზე მზადყოფნა, რაც მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებად მიჩნევისა და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის დადასტურების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გ. მ-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ხანდაზმულობის ვადაში დავალიანების მოთხოვნით მიმართვისა და თავისი უფლების რეალიზაციის განხორციელების მცდელობის ფაქტს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის (ძალადაკარგულია 2017 წლის 1 ივლისიდან) მე-14 მუხლის საფუძველზე შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის დაკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის არამართებულია, რამდენადაც სარჩელის აღძვრის დროს 2018 წლის 5 თებერვალს და შესაბამისად სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტშიც ძალადაკარგული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი და ამ კანონის მე-14 მუხლი, რომლითაც საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. თუმცა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამგვარად, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა და სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებულ იქნა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით ძალადაკარგული ნორმატიული აქტი - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-14 მუხლი, რომლით გათვალისწინებულ შინაარსს აღარ შეიცავს 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ყოველი გადაცილებული დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოთხოვნის ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციისა და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და გამოიყენა 2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგული „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-14 მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 2ლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის - 593,54 ლარისა და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გ. მ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელფასო დავალიანების - 651,23 ლარის ნაწილში, რომელიც მოიცავს ხელფასს - 474,24 ლარს და პრემიას - 176,99 ლარს გადაწყვეტილების შედეგი სწორია, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობს საკასაციო განაცხადის გაზიარების შესაძლებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციისა და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. მ-ის მოთხოვნა კვების კომპენსაციის - 593.54 ლარისა და დაყოვნებული თანხის - 0,07%-ის ნაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების - 651,23 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე