Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 12-აპ 8 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. გაბრიჩიძე,

ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წ. 3 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელს იხდის 2003 წ. 4 მარტიდან.

საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით თ. ჩ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ორჯერ იყო რა ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, 2003 წ. 4 მარტს, დაახლოებით 17 საათზე, ქ. თბილისში, --- ქუჩაზე, შენიშნა მისთვის უცნობი ქალბატონი (ი. მ-ლი), რომელსაც მიუახლოვდა ზურგის მხრიდან, შეუმჩნევლად გაუხსნა ხელჩანთა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოაცალა 5 ლარად ღირებული, შავი ფერის საფულე, რომელშიც დაზარალებულს ედო 20 ცალი 10 ლარიანი კუპიურა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა მეტრო “---ის” მიმართულებით. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და დაზარალებულს დაუბრუნეს მოპარული ფული.

მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს შემდეგი მოტივებით:

მსჯავრდებული არის მრავალშვილიანი მშობლების შვილი, ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი და-ძმა, ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, დაზარალებული არ ითხოვს მის დასჯას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. ბ-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდუნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია მსჯავრდებულ თ. ჩ-ის მიერ მოქალაქე ი. მ-სათვის 200 ლარის მოპარვის ფაქტი, მაგრამ გამოძიებამ და სასამართლომ არასწორად განსაზღვრეს ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი კვალიფიკაცია. სახელდობრ, თ. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით იმ მაკვალიფიცირებელი ნიშნის მიხედვით, რომ ის წინათ ორჯერ იყო გასამართლებული ქურდობისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ჩ-ნი პირველად გასამართლებულ იქნა 1999 წ. 8 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სხვისი ქონების ქურდობა) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება იმჟამად მოქმედი სსკ-ის 471 მუხლის საფუძველზე გადაედო 2 წლით. უკანასკნელი დანაშაულის ჩადენის დროს მას ეს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. ამდენად, ითვლება, რომ ბოლო განაჩენის დადგენის დროს თ. ჩ-ნს მხოლოდ ერთი წინანდელი ნასამართლობა გააჩნია, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით. ეს შეცდომა უნდა გასწორდეს პალატის განჩინებით და მსჯავრდებულს შესაბამისად უნდა შეუმცირდეს სასჯელის ღონისძიებაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წ. 3 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ თ. ჩ-ის სასიკეთოდ შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:

თ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.