გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 21-კოლ 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გაბრიჩიძე (მომხსენებელი),
ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულების _ გ. და ლ. მ-ების ადვოკატების _ ო. ს-სა და ზ. როსტიაშვილის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 2004 წ. 27 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით:
1. გ. მ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ა”, “დ”, “ვ”, '“ზ”, “თ”, “ი” და “ლL” პუნქტებით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; 19,109-ე მუხლის “ა”, “დ”, “ვ”, '“ზ”, “თ”, “ი” და “ლL” პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. მ-ას საბოლოო, სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
2. ლ. მ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “ა”, “დ”, “ვ”, '“ზ”, “თ”, “ი” და “ლL” პუნქტებით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის “ა”, '“ზ”, “თ”, “ი” და “ლL” პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ლ. მ-ას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით გ. და ლ. მ-ების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. მ-ვა 2004 წ. 24 აგვისტოს დანაშაულებრივად დაუკავშირდა ლ. მ-სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს, რომლებიც შეთანხმდნენ, თავს დასხმოდნენ ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ---ს გზაზე გამვლელ ავტომანქანას და მართლსაწინააღმდეგოდ, ყაჩაღური გზით, გაეტაცებინათ სხვისი მოძრავი ქონება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ. მ-ვა შეიარაღდა ფ-1 ტიპის ხელყუმბარით, ასევე _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო ლ. მ-ვა _ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით; რაც შეეხება გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს, მათგან ერთი შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით, ლულაგადაჭრილი ორლულიანი თოფით, ხოლო დანარჩენ ორს ხელთ ჰქონდათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, ნიღაბაფარებულნი ლ. და გ. მ-ები გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად წალენჯიხის რაიონის სოფ. ---ს ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე, თავს დაესხენ “მერსედესის” მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა დაზარალებული რ. გ-ია. მიკროავტობუსში ისხდნენ: ძმები ბ. და მ. გ-ები, ბ. გ-ია, ს. ლ-ვა, ნ. ბ-ია, შ. მ-ია, ბ. თ-ვა, პ. მ-ვა და ვ. კ-ია. მსჯავრდებულებმა გ. და ლ. მ-ბმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით ატეხეს სროლა მიკროავტობუსის მიმართულებით. განზრახ დააზიანეს ბ. გ-ას კუთვნილი “მერსედესის” მარკის ავტობუსი, რომელსაც 10 ადგილას მოხვდა ტყვია, ჩაამსხვრია 400 ლარად ღირებული წინა საქარე მინა და 100 ლარად ღირებული მარცხენა მხარის გვერდითა მინა. სულ მიკროავტობუსს მიაყენეს 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ამ გზით აიძულეს დაზარალებული, მძღოლი რ. გ-ია, გაეჩერებინა ავტომანქანა, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, გ. და ლ. მ-ებმა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად დაზარალებული რ. გ-ია აიძულეს, გადმოსულიყო ავტომანქანიდან. მისი გადმოსვლისთანავე ლ. და გ. მ-ებმა რ. გ-ას, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლეს ავტომატური იარაღებიდან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. რ. გ-ას გადმოსვლის შემდეგ მიკროავტობუსის საჭეს მიუჯდა ბ. გ-ია, რომელმაც მანევრირებით დაძრა ავტომანქანა და განიზრახა საავტომობილო გზიდან არხისკენ მისი გადაყვანა, რათა ბოროტმოქმედებს ვერ მოეხერხებინათ ავტომანქანის გატაცება. ამ დროს ავტომატური იარაღით ხელში წინ გადაუდგა ლ. მ-ვა, რომელსაც შეეჯახა ავტომანქანა, რის შედეგადაც განსასჯელმა ლ. მ-ამ მიიღო სხეულის დაზიანება და წაიქცა, ხოლო მიკროავტობუსი ჩავარდა არხში. მანქანის საჭესთან მჯდარი ბ. გ-ია, სალონში მყოფი მ. გ-ია და სხვა მგზავრები ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა დაუდგენელმა ბოროტმოქმედმა აიძულა გადმოსულიყვნენ მიკროავტობუსიდან. მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ მ. გ-ამ შეძლო ნიღაბი აეხადა ერთ-ერთი მოძალადისათვის, რა დროსაც დანაშაულში მხილების შიშით გ. და ლ. მ-ბმა, ძმები გ-ების განზრახ მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლეს ბ. და მ. გ-ებს, რომლებიც მიღებული მრავლობითი დაზიანების გამო დაეცნენ ძირს. ამასთან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მესამე, გამოძიებით დაუდგენელმა ბოროტმოქმედმა, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლა დაზარალებულ ბ. გ-ას, რომელსაც ასცდა ტყვია, შემდეგ კი იგი ამოეფარა მიკროავტობუსს, რის გამოც გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ბ. გ-ას მოკვლის განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. გ. და ლ. მ-ები, აგრეთვე, გამოძიებით დაუდგენელი პირები დაზიანების მიღების შედეგად უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ. გ-ას ავტომატის კონდახის ჩარტყმით აიძულებდნენ, დახმარებოდა მიკროავტობუსის არხიდან ამოყვანაში, მაგრამ მ. გ-ამ წამოდგომა ვერ შეძლო. ამის შემდეგ ლ. და გ. მ-ებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ. გ-ას ახლობლების თვალწინ პირდაპირი დამიზნებით, მისთვის განსაკუთრებული ტანჯვის მიყენებისა და ასეთ ვითარებაში მოკვლის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით, დაცხრილეს იგი. შემდეგ მიკროავტობუსის საჭეს მიუჯდა ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ლ. მ-ვა და სცადა მისი არხიდან ამოყვანა, მაგრამვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულები _ ბ., მ. და რ. გ-ები გამვლელი ავტომანქანით სასწრაფოდ გადაიყვანეს და მოათავსეს ზუგდიდის საავადმყოფოებში, სადაც მიყენებულ მრავლობით ცეცხლსასროლ დაზიანებათა შედეგად ძმები ბ. და მ. გ-ები გარდაიცვალნენ, ხოლო დაზარალებული რ. გ-ია გადარჩა.
აღნიშნული ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან დროულად მიმალვის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა ლ. და გ. მ-ებმა და გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, გამოძიებით დაუდგენელმა მესამე ბოროტმოქმედმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და მუქარით გააჩერეს ბ. ა-ას მართვის ქვეშ მყოფი ქ. ---დან ჩხოროწყუს რაიონის მიმართულებით მოძრავი წითელი ფერის “ვაზ 2106” მარკის ავტომანქანა, რომლიდანაც იარაღის მუქარით გადმოსვეს დაზარალებულები: მ. ლ-ვა, რ. ა-ია და ს. მ-ია, ხოლო ბ. ა-ია იარაღის მუქარით აიძულეს, წაეყვანა ისინი ჩხოროწყუს მიმართულებით. სამიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ ბ. ა-ია ჩამოსვეს ავტომანქანიდან, საჭეს მიუჯდა დაუდგენელი ბოროტმოქმედი და გაემართნენ ჩხოროწყუს რაიონის სოფ. --- გავლით ---ას ხეობისაკენ, სადაც დროებით გამოყენების მიზნით გატაცებული ავტომანქანა მიატოვეს. დაზიანებული ლ. მ-ვა, გ. მ-ვა და დაუდგენელი ბოროტმოქმედი გადავიდნენ ავტომანქანიდან და ---ას ხეობაში არსებულ ტყეს შეაფარეს თავი.
შემთხვევის შესახებ დაზარალებულებმა აცნობეს პოლიციას, რომლებიც დაედევნენ გატაცებული მანქანით გაქცეულ პირებს. რამდენიმე საათში ---ას ხეობაში პოლიციის მუშაკებმა დააკავეს ლ. და გ. მ-ები, ხოლო მათთან მყოფმა გამოძიებით დაუდგენელმა მესამე პირმა მოახერხა მიმალვა.
მსჯავრდებულების _ გ. და ლ. მ-ების ადვოკატები ო. ს-ლი და ზ. რ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 2004 წ. 27 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. მ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან ითხოვა განაჩენის გაუქმება და ორივე მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
მსჯავრდებულ გ. მ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ემ ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, რასაც დაეთანხმნენ მსჯავრდებულები _ გ. და ლ. მ-ები.
პალატის სხდომაზე დაზარალებულებმა _ მ. კ-ამ და ბ. გ-ამ ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პროკურორმა კ. კ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს ძირითადად მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა თვლის: უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს საქმეში არ არსებობს არანაირი უტყუარი მტკიცებულება, რომ ლ. და გ. მ-ებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული და ამის გამო განაჩენი უნდა გაუქმდეს და მათ მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე.
გ. და ლ. მ-ების მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების _ რ. გ-ას, ბ. გ-ას, ს. ლ-ას, შ. მ-ს, ვ. კ-ას, ნ. ბ-ას, ბ. თ-ას, პ. მ-ას, ხ. გ-ას, მოწმეების _ გ. კ-ას, პ. კ-ას, ბ. ქ-ას, ე. უ-ას, დ. პ-ას, გ. შ-ას და სხვათა ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბალისტიკური, სასამართლო-დაქტილოსკოპიური, სასამართლო-ტრასოლოგიური და სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს _ გ. და ლ. მ-ებს არასწორად _ ზედმეტად აქვთ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მათი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა ორი ადამიანისათვის სიცოცხლის განზრახ მოსპობაში, ხოლო მესამე ადამიანის მიმართ, მიუხედავად მოკვლის განზრახვის არსებობისა, სასიკვდილო შედეგი არ დამდგარა. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 109-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით ქმედების დაკვალიფიცირება ხდება არა მხოლოდ მაშინ, როცა სახეზე გვაქვს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ერთიანი განზრახვით, არამედ მაშინაც, როდესაც მინიმუმ ორი ადამიანის სიკვდილი დადგა, ხოლო დანარჩენი ერთი ან მეტი მსხვერპლის მიმართ სახეზე გვაქვს დაუმთავრებელი დანაშაული _ განზრახი მკვლელობის მცდელობა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულებმა _ გ. და ლ. მ-ებმა ერთიანი განზრახვით ორ ადამიანს მოუსპეს სიცოცხლე, ხოლო მესამე _ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცოცხალი დარჩა, ასეთ ვითარებაში მთლიანობაში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ-ის 109-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებით და ზედმეტია დამატებით განზრახი მკვლელობის მცდელობის ბრალდების წარდგენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულებს _ გ. და ლ. მ-ებს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოთ სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის “ა”, “დ”, “ვ”, '“ზ”, “თ”, “ი” და “ლL” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება და ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს _ გ. და ლ. მ-ებს ასევე არასწორად აქვთ წარდგენილი სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, ვინაიდან 184-ე მუხლის მე-2 ნაწილს “დ” ქვეპუნქტი საერთოდ არა აქვს, რის გამოც იგი უნდა ამოერიცხოთ განაჩენიდან, როგორც არასწორად წარდგენილი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 2004 წ. 27 დეკემბრის განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა გ. და ლ. მ-ების მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს და სასჯელის საბოლოო ღონისძიებაც სამართლიანად აქვთ განსაზღვრული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წ. 27 დეკემბრის განაჩენში გ. და ლ. მ-ების მიმართ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის “ა”, “დ”, “ვ”, '“ზ”, “თ”, “ი” და “ლL” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი და შესაბამისად _ ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი.
ასევე განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილს “დ” ქვეპუნქტი, როგორც არასწორად წარდგენილი.
საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ. და ლ. მ-ებს შეფარდებული სასჯელები _ 25-25 წლით თავისუფლების აღკვეთა _ დარჩეთ უცვლელად.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.