Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

#ბს-147(კ-20) 19 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სს ,,…ის“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანების გაუქმების თაობაზე.

2019 წლის 18 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სს ,,...ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით სს ,,…ის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სს ,,…ის“ ყადაღადადებული ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,…მა“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანების გაუქმება და შუამდგომლობის ავტორისათვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანებით სს „…ის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „...მა“, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანების გაუქმება და ქვედა ინსტანციის სასამართლოსათვის საჩივრის განხილვის დავალდებულება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანების გაუქმების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამავე კოდექსის 2123 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება საჩივრდება სააპელაციო პალატაში (სასკ-ის 2123.7 მუხ.), რომლის ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (სასკ-ის 2123.9 მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული სასამართლო წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრით გასაჩივრებული ბრძანების შემოწმებით. ნორმატიულად არ არის გათვალისწინებული აღნიშნულ საქმეებზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული ბრძანების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

აღნიშნულის მიუხედავად, სს „...მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,…ის“ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,…ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის ბრძანების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე