საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1350(2კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ბ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
21.05.2018 წელს ი. ბ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 28.06.2018 წლის განჩინებით, განსჯადობის წესებიდან გამომდინარე, მოპასუხის ტერიტორიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საქმე გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2019 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №955880 ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელე ი. ბ-ას შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ოფიცრის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ი. ბ-ას სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 20 დეკემბერს გამოავლინა ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტი, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას. მომდევნო დღეს ჩატარებულ თათბირზე განხილულ იქნა მის მიერ გამოვლენილი და ასევე წინა ცვლაში მომხდარი დარღვევის ფაქტები, რომლებსაც რეაგირება არ მოჰყოლია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი გახდა მის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი, ის დასაჯეს და ქ. ზუგდიდიდან გადაიყვანეს ქ. ფოთში, დააქვეითეს სერჟანტის თანამდებობაზე და განუსაზღვრეს ყოველ მეორე დღეს ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა. აღნიშნულის გამო ის იძულებული გახდა 2017 წლის 24 დეკემბერს დაეწერა პატაკი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებისა და დროებით კადრების განკარგულებაში გადაყვანის მოთხოვნით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას სამსახურიდან წასვლის ნება არ გამოუხატავს, კადრების განკარგულებაში გადასვლა წარმოადგენდა დროებით ღონისძიებას, რათა ხელი არ შეეშალა სამსახურებრივი მოკვლევისთვის, რა საფუძვლითაც სამსახურიდან მის დათხოვნას მიიჩნევს უკანონოდ და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.02019 წლის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №955880 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი. ბ-ამ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
05.07.2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019 წლის განჩინებით ი. ბ-ას სააპელაციო საჩივარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ბ-ას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე, ეკავა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის III სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილების ოფიცრის თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, რომელიც აღჭურვილი და გარანტირებულია მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
დადგინდა და სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ი. ბ-ა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის III სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილებაში ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობდა 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 24 დეკემბრამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 მარტის №677732 ბრძანებით, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის III სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილების ოფიცერი, პოლიციის კაპიტანი ი. ბ-ა (პ/ნ: ...) მივლინებულ იქნა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის III სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილებაში 2017 წლის 17 მარტიდან შემდგომ განკარგულებამდე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 მაისის №1120600 ბრძანებით, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს შეუწყდათ, შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 მარტის №677732 ბრძანებით, გაფორმებული სამსახურებრივი მივლინება 2017 წლის 8 მაისიდან, მათ შორის, პოლიციის კაპიტან ი. ბ-ას (პ/ნ: ...), შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის III სამმართველოს .. განყოფილების ... ქვეგანყოფილების ოფიცერს.
დადგინდა, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს, ი. ბ-ამ პატაკი წარუდგინა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს და ითხოვა აღნიშნული დღიდან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით, პოლიციის კაპიტანი ი. ბ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში 2017 წლის 24 დეკემბრიდან.
2018 წლის 2 მარტს ი. ბ-ამ პატაკით მიმართა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა. პატაკში მიუთითა, რომ 2017 წლის 24 დეკემბრიდან იგი იმყოფება კადრების განკარგულებაში, რადგან იძულებული გახდა თავი აერიდებინა განყოფილების ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის, მათი მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენის გამო. ასევე მიუთითა, რომ შსს გენინსპექციაში მიმდინარეობდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა, თუმცა დასკვნა არ მიუღიათ.
2018 წლის 26 მარტს ი. ბ-ამ პატაკით მიმართა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. პატაკში აღნიშნა, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი კადრების განკარგულებაში გადასვლაზე, რადგან მისი ხელმძღვანელების, კერძოდ, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის III სამმართველოს ... განყოფილების უფროსების მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ქ. ზუგდიდში, სადაც იგი მსახურობდა მორიგე ოფიცრის თანამდებობაზე, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოხდა სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც მან გამოავლინა, მოახსენა ხელმძღვანელობას და რაც მოგვიანებით აღიკვეთა. აღნიშნულის შემდგომ, იგი, განყოფილების უფროსების გადაწყვეტილებით, გადაყვანილ იქნა ზუგდიდიდან ფოთში დღეგამოშვებით 24-საათიანი მორიგეობით. ი. ბ-ამ ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აღნიშნული ფაქტების და მისი სამსახურიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა შსს-ს გენინსპექციაში, საიდანაც მოგვიანებით აცნობეს, რომ მას სამსახურის გაგრძელებაზე რაიმე პრობლემა არ ჰქონდა. ამის შემდეგ მან მიმართა ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რომ მისთვის გაეგრძელებინათ სამსახურებრივი ურთიერთობა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია. ასევე მიმართა პატაკით შს მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ მ. მ-ას, მაგრამ ამ პატაკის პასუხიც არ ყოფილა. ი. ბ-ამ მინისტრს სთხოვა აღნიშნული ვითარების გარკვევა და ვინაიდან მას კადრების განკარგულებაში ყოფნის დრო უმთავრდებოდა, შესაბამის სამსახურს დავალებოდა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე მოსარჩელემ არაერთხელ (2018 წლის 2 მარტის და 26 მარტის პატაკები) მოითხოვა სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო, იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში გადაყვანა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არ იყო მტკიცებულება, რითიც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ იმოქმედა/გაათავისუფლა ი. ბ-ა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმიდან დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს პატაკით და ითხოვა პოზიციაზე აღდგენა. მან ყურადღება გაამახვილა ხელმძღვანელსა და მას შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე, რაც, მისივე მოსაზრებით, გამოწვეული იყო მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებით და უკავშირდებოდა თანამშრომლების მიერ ჩადენილ დარღვევებს.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.2.; 53.5. და 97-ე მუხლები და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - კანონით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოცემამდე უნდა გამოერკვია, ხომ არ ჰქონდა ადგილი ი. ბ-ას მიმართ რაიმე სახის იძულებას, რამაც გამოიწვია მის მიერ პატაკის დაწერა კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. აღნიშნული გამოსაკვლევი გარემოებაა, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელემ კვლავ მიმართა ხელმძღვანელობას პატაკით და ითხოვა შრომითი ურთიერთობის აღდგენა და განაცხადა, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანის მიზნით პატაკის დაწერისას ნებას ნამდვილად არ ავლენდა და ადგილი ჰქონდა იძულებას.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ი. ბ-ამ თავისი სურვილით დაწერა პირადი პატაკი კადრების განკარგულებაში აყვანისა და დათხოვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმის გარემოებები და ამ ეტაპზე რთულია ცალსახად დადასტურდეს, მოსარჩელემ საკუთარი ნებით დაწერა თუ არა პატაკი კადრების განკარგულებაში აყვანისა და დათხოვნის თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ი. ბ-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან მითითებული ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში, გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ან ეჭვქვეშ დააყენებდა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ასევე, აპელანტის მიერ არ ყოფილა იმგვარი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც სააპელაციო საჩივრის ცალსახად დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
ი. ბ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019 წლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019 წლის განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რადგან განჩინებით არ დაკმაყოფილდა მისი ძირითადი მოთხოვნა და ვითარება დარჩა უცვლელი, რაც იყო სარჩელის წარმოდგენამდე. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალები საკმარისი იყო მოდავე მხარეებს შორის დავის არსებითად გადასაჭრელად; ასევე მიუთითებს, რომ მან წარმოადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც უნდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ცალსახა საფუძველი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019 წლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოახდინა მტკიცების ტვირთის გადანაწილება მხარეთა შორის. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ის მიდგომა, რომ საქმე არ იყო სრულად გამოკვლეული.
კასატორმა ასევე მიუთითა, რომ ი. ბ-ამ თავისი სურვილით დაწერა პირადი პატაკი, რომლითაც მოითხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.12.2019 წლის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ი. ბ-ას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე, ეკავა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ოფიცრის თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პოლიციის კაპიტანი. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ი. ბ-ამ პატაკით მიმართა შსს ობიექტის დაცვის დეპარტამენტის დირექტორს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. საქართველოს შს მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით, პოლიციის კაპიტანი ი. ბ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში 2017 წლის 24 დეკემბრიდან.
დადგენილია, რომ ი. ბ-ას მიერ პირადი პატაკის წარდგენამდე სამხედრო მოსამსახურეებს შორის გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი, რის შემდგომაც, განყოფილების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ი. ბ-ა ზუგდიდიდან გადაყვანილი იქნა ფოთში, რასაც ი. ბ-ა აფასებს მასზე განხორციელებულ ზეწოლად.
2018 წლის 2 მარტს ი. ბ-ამ პატაკით მიმართა შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ითხოვა, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენა. პატაკში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, რადგან იძულებული გახდა თავი აერიდებინა განყოფილების ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, რომელთა მხრიდანაც მის მიმართ ხორციელდებოდა უკანონო ქმედებები. ამავე პატაკში აღნიშნულია, რომ მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა.
2018 წლის 26 მარტს ი. ბ-ამ პატაკით მიმართა ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. პატაკში მიუთითა, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს იგი იძულებული გახდა დაეწერა პატაკი კადრების განკარგულებაში გადაყვანის მოთხოვნით, რამდენადაც მის მიმართ შსს ობიექტის დაცვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მხრიდან განხორციელდა უკანონო ქმედებები. ი. ბ-ა მინისტრს სთხოვდა ვითარებაში გარკვევას და, რამდენადაც მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა იწურებოდა, შესაბამისი სამსახურისთვის მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის აღდგენის დავალებას.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე ადასტურებს დავის ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის საჭიროებას და აღნიშნავს შემდეგს: ადმინისტრაციული წარმოება არის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენების ანუ გადაწყვეტილების მიღების ორგანიზებული პროცესი, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ამოცანებს და აწესრიგებს სამართალურთიერთობის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციული წარმოება შედგება რამდენიმე ეტაპისაგან, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვება, გადაწყვეტილების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ძირითადი ფუნქციის შესრულებას, საჯარო მმართველობის განხორციელებას.
საჯარო მმართველობის განხორციელების დროს ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ხოლო იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მითითებას სასამართლოს მხრიდან დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს, სასამართლოები ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტის პროცესში ახორციელებენ სამართალწარმოებას და არა ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის დროსაც საჭიროა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების განსაზღვრა, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობასთან შესაბამისობის დადგენა და სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. იმ პირობებში, თუ სასამართლო მოახდენდა მითითებული ფუნქციების საკუთარ თავზე აღებას, სასამართლო სრულად ჩაანაცვლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს და განახორციელებდა საჯარო მმართველობას, რაც დაუშვებელია ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე.
ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-329-327(2კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს (საქმე ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.).
საკასაციო სასამართლო იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არის მისი ნების გამოვლინება, თუმცა, მნიშვნელოვანია დასტურდებოდეს, რომ ნება გამოვლენილი იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, ყოველგვარი ზეწოლისა და იძულების გარეშე, რისი დადგენაც უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არათუ არ გამოიკვლია, არამედ იურიდიული მნიშვნელობაც კი არ მიანიჭა და არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რამდენად თავისუფლად იქნა ი. ბ-ას მიერ ნება გამოვლენილი, როდესაც მან მოითხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო წარმოშობილი კონფლიქტისა და უთანხმოების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ზეგავლენა იქონია ი. ბ-ას ნების თავისუფალ გამოვლენაზე და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით პირადი პატაკის დაწერაზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, რატომ გადაწყვიტა მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკის დაწერა, აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ აღნიშნული გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორის ზემოქმედებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავადვე მიუთითებდა აღნიშნული ფაქტორების არსებობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ფიზიკური პირის საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ იძულების თაობაზე მისი სიტყვიერი მითითება არ არის საკმარისი დადასტურდეს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა იძულების ფაქტს, მხარის მხოლოდ სიტყვიერი მითითება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არაა საკმარისი, რამდენადაც ფაქტის უტყუარობა, გარდა დაინტერესებული პირის განმარტებისა, უნდა ემყარებოდეს შესაბამის მტკიცებას. საკითხის გადაწყვეტისა და წარმოდგენილი ფაქტების შეფასების პროცესში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ სამსახურის სპეციფიკას, რომელშიც კასატორი იყო დასაქმებული და რომელშიც თანამდებობათა ვერტიკალური იერარქიის დაცვა და ზემდგომი თანამდებობის პირის კანონიერი მითითებისა და ბრძანებისადმი მორჩილების ვალდებულება განსაზღვრულია ნორმატიული აქტით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მან წარმოადგინა იმგვარი არგუმენტები, რომელიც უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველი, არ არის დასაბუთებული და არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი ფიზიკური პირის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხრიდან სადავო აქტის არაკანონიერად და ბათილად ცნობის პირობებში სასამართლოს უნდა ემსჯელა დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის გარეშე, რაც გამორიცხავს მოსარჩელის უფლებებში სრულად აღდგენის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოახდინა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის გადანაწილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომაზე (საქმე №ბს-464-464(კ-18) 15.01.2019წ.), რომელშიც უზენაესი სასამართლო მიუთითებს: მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრძანების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.“
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო განესაზღვრა საკითხის გადასაწყვეტად საჭირო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გამოეკვლია ისინი, დაედგინა მათი შესაბამისობა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივ შემადგენლობასთან და მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ბ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2019 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე