საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1370(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 7 თებერვალს მ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 ივლისის შუამდგომლობით, მ. გ-ის განცხადება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
მოსარჩელის განმარტებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის N336 განკარგულებით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი, წყალტუბოს რ/ნ, სოფ. ...ში მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის N336 განკარგულების - მ. გ-ისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. გ-ის სახელზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ 130 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის N336 განკარგულება, მ. გ-ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ... მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ... მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 6 ივლისს მ. გ-ის წარმომადგენელმა ა. ე-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობაზე უფლების რეგისტრაცია, მისამართზე წყალტუბო, სოფელი ... .
განცხადებასთან ერთად მ. გ-ემ წარადგინა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსია, მოწმეების ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა. 2017 წლის 28 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. გ-ის მიერ წარმოდგენილი და დამატებით რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: 1) საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2) საკუთრების უფლებით გადასაცემი (თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უნდა იყოს და მისი ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
საქმეში დაცული 2017 წლის 12 აპრილის ამონაწერით დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ს/კ.... (დაზუსტებული ფართობით 1900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2) 2017 წლის 13 თებერვლის N… საარქივო ცნობის საფუძველზე რეგისტრირებულია მ. გ-ის საკუთრებად.
2018 წლის 4 იანვრის ამონაწერით კი ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ს/კ. ... (დაზუსტებული ფართობით 1495 კვ.მ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N72 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულია მ. გ-ის საკუთრებად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.07.2017 წლის N… შუამდგომლობის საფუძველზე „კომისიამ“ მ. გ-ის განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მ. გ-ე ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) მომიჯნავედ მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებას.
უდავოა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ფართობით ნაკლებია მ. გ-ის კუთვნილ (საკუთრებად რეგისტრირებული) საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის მომიჯნავეა.
თვითმმართველი ქ. წყალტუბოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის №336 განკარგულებით დაინტერესებულ პირს მ. გ-ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყით დაკავებულ ტერიტორიას, ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება მ. გ-ის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, მიწის ნაკვეთი ძირითადად დაფარულია ტყით, მოუვლელია, ასევე დაუდგენელია არასაცხოვრებელი შენობის დანიშნულება, რამაც კომისიას მისცა საკმარისი საფუძველი უარი ეთქვა ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მ. გ-ის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ მისი მარწმუნებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მ. გ-ის მფლობელობაშია. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ფლობდა და სარგებლობდა მ. გ-ის მამა - რ. გ-ე, რომელმაც შემოღობა მიწის ნაკვეთი, გააშენა აკაციის ტყე და ააშენა კაპიტალური შენობა, მოაწყო წისქვილი, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა. წისქვილი დღეის მდგომარეობით არ მუშაობს. ასაღიარებელი ტერიტორია წარმოადგენს ,,ორღობეს’’, რომლითაც არავინ არ სარგებლობს და მ. გ-ის საზღვრიდან ორი მეტრითაა მოშორებული.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51.7 მუხლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. „კანონის“ 51.5 მუხლის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოს მიხედვით სადავო ტერიტორიის ნაწილზე ფიქსირდება ნაგებობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ნაგებობა არის სწორედ წისქვილის შენობა, რაზედაც სარჩელში მიუთითებდნენ და ამყარებდნენ თავიანთ პრეტენზიას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომ მათი მხრიდან მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც მოცემულ შემთვევაში აპელანტის მიერ ვერ იქნა განხორციელებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, გასაჩივრებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის N336 განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; აღნიშნული კანონი კი ამოქმედდა 2007 წელს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საკუთრება უფლება ასაღიარებელი მიწა დაინტერესებულ პირს დაკავებული უნდა ჰქონდეს 2007 წლამდე და არა მხოლოდ განცხადების წარდგენის მომენტში.
კასატორის განმარტებით, წარმოდგენილი მასალებით დაინტერესებული პირი ითხოვს თვითნებურად დაკავებულ 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N364972/17 წერილის თანახმად, მ. გ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყით დაკავებულ ტერიტორიას. ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ არ დასტურდება მ. გ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, მიწის ნაკვეთი ძირითადად დაფარულია ტყით, მოუვლელია, ასევე დაუდგენელია არასაცხოვრებელი შენობის დანიშნულება, რაც კომისიას აძლევს საკმარის საფუძველს უარი თქვას ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისია მიიჩნევს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დროს, თვითნებურად დაკავების მომენტიდან იგი თავისთავად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთი, რომელიც აუთვისებელია.
,,ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და ამ მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
კასატორის მითითებით, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ კომისიის მიერ არ იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 107-ე მუხლების მოთხოვნები და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უზრუნველყოფილ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩაბმა, ასევე გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, გამოკვლეულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებები და სწორედ აღნიშნული მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არ არის ათვისებული, წარმოადგენს ტყით დაფარულ ტერიტორიას, ამასთან არ დგინდება შენობის მფლობელობის ფაქტი, ვინაიდან შენობა დღეის მდგომარეობით არ არის გამოყენებული რაიმე დანიშნულებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის N336 განკარგულების კანონიერების შემოწმება, რომლითაც მ. გ-ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ... მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების დავალებას.
თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარების საკითხს არეგულირებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად.
საქმის მასალების შესაბამისად, 2017 წლის 12 აპრილის ამონაწერით დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ს/კ.... (დაზუსტებული ფართობით 1900 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2) 2017 წლის 13 თებერვლის N… საარქივო ცნობის საფუძველზე რეგისტრირებულია მ. გ-ის საკუთრებად. 2018 წლის 04 იანვრის ამონაწერით კი ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ს/კ. ... (დაზუსტებული ფართობით 1495 კვ.მ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 დეკემბრის N72 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულია მ. გ-ის საკუთრებად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.07.2017 წლის N… შუამდგომლობის საფუძველზე კომისიამ მ. გ-ის განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მ. გ-ე ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) მომიჯნავედ მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებული 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებას.
თვითმმართველი ქ. წყალტუბოს ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის №336 განკარგულებით მ. გ-ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობის საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძლით, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყით დაკავებულ ტერიტორიას, არ დასტურდება მიწის ნაკვეთის მ. გ-ის მხრიდან თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთს არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, მიწის ნაკვეთი ძირითადად დაფარულია ტყით, მოუვლელია, ასევე დაუდგენელია არასაცხოვრებელი შენობის დანიშნულება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე და სადავო აქტი შემოიფარგლება უარის თქმის ფორმალურ საფუძვლებზე მითითებით და არ შეიცავს დასაბუთებას. მართალია, სადავო განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მ. გ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, მიწის ნაკვეთი ძირითადად დაფარულია ტყით, მოუვლელია, ასევე დაუდგენელია არასაცხოვრებელი შენობის დანიშნულება, თუმცა, არ არის გამოკვეთილი რა გარემოებებს ემყარება კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა.
ქვედა ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ, რომ მოსარჩელის მამა - რ. გ-ე, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, მან შემოღობა, გააშენა აკაციის ტყე და ააშენა კაპიტალური შენობა, მოაწყო წისქვილი, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა.
საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოს მიხედვითაც სადავო ტერიტორიის ნაწილზე ფიქსირდება ნაგებობა, რომელიც მოსარჩელე მხარის განმარტებით, არის სწორედ წისქვილის შენობა.
ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით. კერძოდ, გამოიკვლიოს ნაკვეთზე არსებული შენობა მართლაც ტოვებს თუ არა წისქვილის არსებობის კვალს და მხოლოდ დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ესპერტიზის დასკვნების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო თვლის მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დაფარულია ტყით, ვერ გახდება მ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტი, რომელიც მოწმეთა ჩვენებით, ეკუთვნოდა მოსარჩელის მამას. აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე