საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1388(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 6 მარტს მ. ზ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 3 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 78 000 აშშ დოლარად იყიდა ფ. ს-ას კუთვნილი 16/64 წილი, რაც ნიშნავს იმას, რომ 16/64 წილის სიზუსტის მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა. ასევე საჯარო რეესტრის 2006 წლის 1 ნოემბრის N..., N..., N..., N... ამონაწერებიდან ირკვევა, რომ 16/64 წილი ეკუთვნოდა ჯერ ნ. მ-ს, შემდეგ ფ. ს-ას. ასევე ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება, რომ ბინის საერთო ფართია - 339,17 კვ.მ, რომლის 16/64 ნაწილი არის 84,79 კვ.მ. ხოლო 2009 წლის 10 სექტემბრის ცნობა-დახასიათებით ირკვევა, რომ საერთო ფართი არის 280.56 კვ.მ, რომლის 16/64 წილი შეადგენს 70,14 კვ.მ. რაც შეეხება N... გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ამონაწერში ნ. მ-ის საკუთრებად 16/64 წილის შესაბამის 38,25 კმ.მ ფართის მითითებას, უდავოა, რომ 38,25 კვ.მ. ფართის არაზუსტად მითითება გამოწვეულია სწორედ 23/64 ნაწილის მესაკუთრეთა და მოპასუხის უკანონო ქმედებებით, კერძოდ, ხელწერილებში მიეთითა არარეალური 38,25 კვ.მ. ფართი.
მოსარჩელის განმარტებით, ნ. მ-მა ფულის მიღების მიზნით ფ. ს-ას სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა 16/64 წილი 38,25 კვ.მ. ფართთან ერთად, ნ. მ-მა ფული არ დაუბრუნა ფ. ს-ას, რის გამოც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც 16/64 წილი 38,25 კვ.მ. ფართთან ერთად საჯარო რეესტრში აღირიცხა ფ. ს-ას სახელზე. რაც შეეხება ლ. ტ-ის სახელზე N... გადაწყვეტილებით 25/64 წილის ნაცვლად მხოლოდ 102.23 კვ.მ. ფართის რეგისტრაციას, ასევე არარეალური და შეუსაბამოა, რაც გამოწვეულია 23/64 წილის მესაკუთრეთა და საჯარო რეესტრის უკანონო ქმედებით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 339,17 კვ.მ.-ის 25/64 არის 132,48 კვ.მ, ხოლო 16/64 არის 84,79 კვ.მ. ჯამში 25/64 და 16/64 არის 217,27 კვ.მ. სადავო გადაწყვეტილებები ქონებრივ ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან უკანონოდ შეჩერდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, ასევე მოსარჩელეზე მიკუთვნებული 140.48 კვ.მ ფართი 76.79 კვ.მ.-ით ნაკლებია 217.27 კვ.მ. ფართზე, ასევე შემცირდა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის წილი. სახლის გაბარიტები, კონფიგურაცია, საერთო ფართი 2006-2016 წლებში საერთოდ არ შეცვლილა.
მოსარჩელის განმარტებით, კანონიერი ნდობა ჰქონდა საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული 16/64 წილის მიმართ და მი. მ-ზე, თ. მ-ზე და ნ. ა-ზე მითითებული 23/64 წილის სიზუსტის მიმართ, შესაბამისად, კანონიერი ნდობა ჰქონდა მოსარჩელეს იმის მიმართ, რომ ყიდულობდა 16/64 და 25/64 წილს, რაც ჯამში არის 41/64, რაც შეეხება მი. მ-ის, თ. მ-ის და ნ. ა-ის კანონიერ ნდობას, მათ წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, რომ 16/64 წილი არ შეესაბამებოდა 38.25 კვ.მ. და 102,23 კვ.მ. ასევე აღნიშნულმა პირებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მათ 1998 წლის 22 იანვრის 2-23 სამკვიდრო მოწმობით მ. მ-თან ერთად თანაბარ წილში მიეკუთვნათ მამკვიდრებელ ჯ. მ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება 39.54 წილი, საიდანაც 39/64-ის ¾ მათი წილი არ უდრიდა მთლიანი სახლის 23/64-ს, მიუხედავად ამისა ისინი განზრახ მათ სახელზე 2006-2016 წლებში ირეგისტრირებდნენ 23/64 ნაწილს, რაც დავის დაწყებამდე ბოროტად გამოიყენეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის, რომლითაც ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეჩერდა უძრავი ნივთის, ს/კ N... რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის N... გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის N... გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით N... მ. ზ-ის სახელზე 41/64 წილის რეგისტრაციის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. მ-ი, მი. მ-ი და ნ. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-იმ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2006 წლის 21 სექტემბრის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №24/57, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობით 256 კვ.მ, აღრიცხული იყო: მ. მ-ას 25/64 წილი, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე; ნ. მ-ის 16/64 წილი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ა-ის, თ. და მი. მ-ების 23/64 წილი, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე. სწორედ აღნიშნულის შესაბამისად იქნა შეტანილი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის თანამესაკუთრეთა შესაბამისი წილები 2006 წლის 1 ნოემბრიდან.
ნ. მ-ის 2008 წლის 28 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობისა და შიდა აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული წილის დაზუსტება და მის საკუთრებად აღრიცხულ იქნა 16/64 წილი, საერთო ფართით-38.25კვ.მ.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ. მ-ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რის საფუძველზეც მ. მ-ას საკუთრებაში არსებულ 25/64 წილზე 2009 წლის 6 ოქტომბერს დარეგისტრირდა ლ. ტ-ის საკუთრების უფლება. ლ. ტ-ის მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზისა და ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე დაზუსტდა მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეალური ფართობი, კერძოდ, მის საკუთრებად მიეთითა შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი - 102.3კვ.მ.
2011 წლის 14 სექტემბერს სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე, ნ. მ-ის საკუთრებაში აღრიცხულ 16/64 ნაწილზე, საერთო ფართით - 38.25კვ.მ. დარეგისტრირდა ფ. ს-ას საკუთრების უფლება.
ლ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, ფართი 102,23 კვ.მ, შემძენი 2014 წლის 7 აგვისტოს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ა. პ-ი.
2014 წლის 3 დეკემბერს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. პ-მა გაყიდა, ხოლო მ. ზ-იმ იყიდა ა. პ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, ფართი 102,23 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 9 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობა N1-დან 102.23კვ.მ. საერთო ფართზე.
2014 წლის 3 დეკემბერს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფ. ს-ამ გაყიდა, ხოლო მ. ზ-იმ იყიდა ფ. ს-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, 16/64 წილი, საერთო ფართი 38,25 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 31 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრების უფლება 16/64 ნაწილზე, 38,25 კვ.მ. საერთო ფართზე.
ამდენად, მ. ზ-ის საკუთრების უფლება 2014 წლის 31 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, რეგისტრირებული იყო ა. პ-ისგან შეძენილ ფართზე - შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი 102.23 კვ.მ-სა და ფ. ს-ასგან შეძენილ ფართზე -16/64 წილი, საერთო ფართი - 38,25კვ.მ.
2016 წლის 8 აპრილს მ. ზ-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვეს მ. ზ-ის სახელზე მხოლოდ წილობრივი მონაცემების დარეგისტრირება, კერძოდ, ნაცვლად შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი - 102.23 კვ.მ.-ისა და 16/64 წილი, საერთო ფართი - 38,25კვ.მ.-ისა, მითითებულ ყოფილიყო - 41/6 წილი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის N... გადაწყვეტილებით, მ. ზ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის შესახებ ამონაწერში იგი მითითებულ იქნა 41/64 წილის მესაკუთრედ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის N... (25.05.2016) გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეჩერდა უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით - N... რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება. რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების პერიოდის განმავლობაში დაუშვებელი იყო ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამონაწერის მომზადება, აგრეთვე უფლების (გარდა საგადასახადო გირავნობისა/იპოთეკისა), უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის N... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (25.05.2016) გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა რეგისტრაციის შესახებ №... (25.05.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა რეგისტრაციის შესახებ №... (25.05.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის დროს ტექნიკური ხარვეზის შესწორება.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 თებერვალს მიღებულ იქნა N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი - 140,48კვ.მ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, 2014 წლის 3 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, მ. ზ-იმ, ერთი მხრივ, ფ. ს-ასგან, ხოლო, მეორე მხრივ, ა. პ-ისგან შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, 16/64 წილის, საერთო ფართი 38,25 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი 102.23 კვ.მ. ამასთან დადგენილია, რომ, თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ნივთის რეალური ფართის განსაზღვრა განპირობებული იყო თავდაპირველი მესაკუთრეების მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზისა და ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების საფუძველზე.
ამდენად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზებისა და ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობების საფუძველზე მოხდა ნ. მ-ისა და ლ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების დაზუსტება, რაც შემდგომში, ასევე დაზუსტებული მონაცემებით, რეგისტრაციის შესახებ №... (09.12.2014) და №... (31.12.2014) გადაწყვეტილებების თანახმად, დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრებად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისათვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივისა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც რეალური ფართების განსაზღვრა მათ განკარგვამდე განხორციელებული იყო ყველა თანამესაკუთრის თანხმობით, ამასთან, საზიარო საგანს მოწილენი მართავდნენ ერთობლივად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მ. ზ-ის მოთხოვნა და მისი საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა 41/64 ნაწილზე. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის N... (25.05.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო მიეღო 2017 წლის 13 თებერვლის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე შეჩერდა უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით N... რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის N... (25.05.2016) გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. ამასთან, შეჩერებულ იქნა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება.
აქტის მოქმედების შეჩერება, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების გარანტიას, რომელიც შესაძლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალებაა. ამდენად, საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ადმინისტრაციული ორგანო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის დროს, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით - N... რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების თაობაზე, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის ნაწილში), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის N... გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტულად შეიძინა შეძენამდე საჯარო რეესტრის ამონაწერში ჩაწერილი 16/64 წილი და არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ 16/64 წილის გასწვრივ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული 38,25 კვ.მ. ფართი არარეალურია და 16/64 წილის შეუსაბამოა, რაც დასტურდება ასევე ექსპერტიზის დასკვნითაც. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის შინაარსით დასტურდება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ. მ-ს ნამდვილად ეკუთვნოდა 38,25 კვ.მ. ფართი და არ დასტურდება ის ფაქტი, რომ 16/64 წილის რეალური ფართი ნამდვილად შეადგენს 38,25 კვ.მ-ს. სასამართლომ მნიშვნელოვნად არ მიიჩნია ასევე ის ფაქტი, რომ კასატორის მიერ შეძენილი 102,3 კვ.მ. ფართი (ნასყიდობის საგანი) მანამ სანამ კასატორი 102,23 კვ.მ. ფართს შეიძენდა საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო როგორც 25/64 წილი და არც 16/64 წილზე და არც 25/64 წილზე უფლება არასდროს ჰქონიათ მესამე პირებს. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქონების საერთო ფართი არის 339,17 კვ.მ, საიდანაც 16/64 წილს შეესაბამება 84,79 კვ.მ., ხოლო 25/64 წილს 109,59 კვ.მ., თანაც ისეთ ვითარებაში, როცა ქონებაზე საერთოდ არ განხორციელებულა რაიმე სახის მიშენება-დაშენება.
სასამართლომ ასევე არასწორად არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მესამე პირებს არანაირი კანონიერი ნდობა და ინტერესი არ გააჩნიათ 16/64 და 25/64 სულ 41/64 წილთან დაკავშირებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ეკუთვნით მხოლოდ 23/64 წილი და დანარჩენი 41/64 წილიდან რაიმე ნაწილზე მათი უფლების გადასვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მეტიც მესამე პირებმა უშედეგოდ იდავეს, რადგან საჯარო რეესტრში ისევ 23/64 წილია რეგისტრირებული მათ სახელზე.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არაწორად დაადგინა, რომ 38,25 კვმ. ფართი სწორი და რეალური იყო და შეესაბამებოდა 16/64 წილს, თანაც ისეთ ვითარებაში როცა 16/64 წილის რეალური ფართი ექსპერტის დასკვნით, შეადგენდა 84,79 კვ.მ. თანამესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით დადგინდა 38,25 კვ.მ. ფართის ნ. მ-ისათვის კუთვნილების და არა 16/64 წილთან შესაბამისობის და რეალურობის ფაქტი. სასამართლოებმა ფაქტობრივად მესაკუთრის გარეშე დატოვეს კასატორზე მიკუთვნებული 140 კვ.მ-სა და მესამე პირებზე აღრიცხული 23/64 წილის გარეთ დარჩენილი ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის 2006 წლის 21 სექტემბრის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში არსებული მონაცემების შესაბამისად, უძრავ ქონებაზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №24/57, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობით 256 კვ.მ, აღრიცხულ იყო: მ. მ-ას 25/64 წილი, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე; ნ. მ-ის 16/64 წილი, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე; ნ. მ-ის, თ. და მი. მ-ების 23/64 წილი, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე. დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულის შესაბამისად იქნა შეტანილი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის თანამესაკუთრეთა შესაბამისი წილები 2006 წლის 1 ნოემბრიდან.
ნ. მ-ის 2008 წლის 28 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობისა და შიდა აზომვითი ნახაზის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული წილის დაზუსტება და მის საკუთრებად აღირიცხა 16/64 წილი, საერთო ფართით-38.25კვ.მ.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ. მ-ას გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რის საფუძველზეც მ. მ-ას საკუთრებაში არსებულ 25/64 წილზე 2009 წლის 6 ოქტომბერს დარეგისტრირდა ლ. ტ-ის საკუთრების უფლება. ლ. ტ-ის მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზისა და ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე დაზუსტდა მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეალური ფართობი, კერძოდ, მის საკუთრებად მიეთითა შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი - 102.3კვ.მ.
2011 წლის 14 სექტემბერს სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე, ნ. მ-ის საკუთრებაში აღრიცხულ 16/64 ნაწილზე, საერთო ფართით - 38.25 კვ.მ. დარეგისტრირდა ფ. ს-ას საკუთრების უფლება.
ლ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, ფართი 102,23 კვ.მ., შემძენი 2014 წლის 7 აგვისტოს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ა. პ-ი.
2014 წლის 3 დეკემბერს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. პ-მა გაყიდა, ხოლო მ. ზ-იმ იყიდა ა. პ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, ფართი 102,23 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 9 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობა N1-დან 102.23კვ.მ. საერთო ფართზე.
2014 წლის 3 დეკემბერს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფ. ს-ამ გაყიდა, ხოლო მ. ზ-იმ იყიდა ფ. ს-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, 16/64 წილი, საერთო ფართი 38,25 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 31 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრების უფლება 16/64 ნაწილზე, 38,25 კვ.მ. საერთო ფართზე. ამდენად, მ. ზ-ის საკუთრების უფლება 2014 წლის 31 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, რეგისტრირებული იყო ა. პ-ისგან შეძენილ ფართზე - შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი 102.23 კვ.მ-სა და ფ. ს-ასგან შეძენილ ფართზე - 16/64 წილი, საერთო ფართი - 38,25კვ.მ.
2016 წლის 8 აპრილს მ. ზ-ის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვეს მ. ზ-ის სახელზე მხოლოდ წილობრივი მონაცემების დარეგისტრირება, კერძოდ, ნაცვლად შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი - 102.23 კვ.მ.-ისა და 16/64 წილი, საერთო ფართი - 38,25კვ.მ.-ისა, მითითებულ ყოფილიყო - 41/6 წილი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის N... გადაწყვეტილებით, მ. ზ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის შესახებ ამონაწერში იგი მითითებულ იქნა 41/64 წილის მესაკუთრედ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 თებერვლის N... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (25.05.2016) გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა რეგისტრაციის შესახებ №... (25.05.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალ არეგისტრაციის შესახებ №... (25.05.2016) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის დროს ტექნიკური ხარვეზის შესწორება.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 თებერვალს მიღებულ იქნა N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდა მ. ზ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი - 140,48კვ.მ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას ემსახურება.
უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი), აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქმის მასალების შესაბამისად, მ. ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 2014 წლის 3 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მ. ზ-იმ, ერთის მხრივ, ფ. ს-ასგან, ხოლო, მეორეს მხრივ, ა. პ-ისგან შეიძინა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57, 16/64 წილი, საერთო ფართი 38,25 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა N1-დან საერთო ფართი 102.23 კვ.მ. ამასთან დადგენილია, რომ, თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ნივთის რეალური ფართის განსაზღვრა განპირობებული იყო თავდაპირველი მესაკუთრეების მიერ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზისა და ყველა თანამესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების საფუძველზე. ამასთან, მ. ზ-ის მიერ შეძენილ იქნა რეალურ ფართში გამოხატული უძრავი ქონება და არა წილი.
საყურადღებოა, რომ სადავო უძრავ ნივთზე მდებარე, ქ. თბილისი, ...ის ქ. N24/57 თავდაპირველად რეგისტრირებული იყო წილობრივი თანასაკუთრების უფლება, შესაბამისად, საზიარო უფლებებთან დაკვშირებული ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზიარო საგანს მონაწილენი ერთობლივად მართავენ. ასევე უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობაა საჭირო საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფის ან სხვაგვარად განკარგვის დროსაც (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტი(სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი)), აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც რეალური ფართების განსაზღვრა მათ განკარგვამდე განხორციელებული იყო ყველა თანამესაკუთრის თანხმობით, ამასთან, საზიარო საგანს მოწილენი მართავდნენ ერთობლივად, სკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მ. ზ-ის მოთხოვნა და მისი საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა 41/64 ნაწილზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
მ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე მ. ხ-ს 10.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მ. ხ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. მ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე 10.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე