Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1393(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 3 აპრილს ა. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლიდან 2016 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, როგორც გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში, ასევე, გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის … საარტილერიო ბრიგადაში.

გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის … საარტილერიო ბრიგადაში მუშაობისას 1999 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, ხოლო 2000 წლის აპრილში, ივნისსა და ოქტომბერში არ მიუღია თანამდებობრივი სარგო, რომელიც ჯამში შეადგენს 1030.46 ლარს, რაც შეეხება გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ბრიგადას - გაუცემელი ფულადი კმაყოფა შეადგენს 42,09 ლარს. შესაბამისად, ჯამში დავალიანება შეადგენს 1072,55 ლარს.

მოსარჩელის მითითებით აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საიდანაც მიიღო უარი, ვინაიდან, წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების - 1 072, 55 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ა. ს-ის სასარგებლოდ, 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი დავალიანების -

297,1 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის … საარტილერიო ბრიგადის 2018 წლის 22 თებერვლის №179092 ცნობის თანახმად, ა. ს-ის მიმართ, 1998-1999-2000 წლებში დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენს - 1 030,46 ლარს, კვების კომპენსაცია შეადგენს - 590 ლარს. სულ ხელზე ასაღები თანხა კი შეადგენს - 853,43 ლარს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადის 2018 წლის 21 თებერვლის MOD 4 18 00177277 ცნობით დგინდება, რომ ა. ს-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლებში დარიცხული გაუცემელი ფულადი კმაყოფა შეადგენს - 42,09 ლარს. 1998 წელს დარიცხული სახელფასო დავალიანება (ჯილდო) შეადგენს - 42,09 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები შეადგენს - 33,67 ლარს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2018 წლის 12 მარტს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, თუმცა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე აღნიშნული გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ა. ს-ის მიმართ 2018 წლის 12 მარტის გაცემულ N MOD 3 18 00244389 ცნობაზე, რომლის მეორე აბზაცის თანახმად, „ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იქნა გამოყოფილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის თხოვნა“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ცნობის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 2018 წლის 12 მარტის მდგომარეობით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს ა. ს-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ა. ს-ის მიმართ არსებული ფულადი დავალიანების ერთგვარ აღიარებას და შეუსრულებლობის ისეთ მიზეზზე მითითებას, რომელიც მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე არ არის დამოკიდებული. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო; იმავე მუხლის მე-3 ნაწილში კი აღნიშნულია, რომ იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 2018 წლის 12 მარტს, ანუ იმ დროს, როდესაც მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, რომელშიც აღარ არის მითითებული 2005 წლის 01 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გადასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი განჩინება მიიღო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლის ანალოგია გამოიყენება ანუ სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებზე დაყრდნობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მართებული და მიზანშეწონილი, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობის საკითხის რეგულაციისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ვინაიდან საკითხი ეხება საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილ დავას.

კასატორის განმარტებით, ხელფასის გაცემის ვალდებულებას უნდა მიეცეს სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის დეკემბერში, ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნათა საერთო ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადაც, რაც ასევე გათვალისწინებული არ ყოფილა გადაწყვეტილების მიღების დროს.

კასატორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ სწორად უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი ცნობები, რადგან აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად. ვინაიდან, საქმეში არსებული ცნობით მისი გამცემი ორგანო იძლევა ინფორმაციას, ფაქტების კონსტატაციას, რაც არ არის აღიარება და ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს, მართალია, სარჩელის აღძვრა განხორციელდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 01 ივლისიდან (128 მუხ.). მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სპეციალურ წესს და კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად (1341 მუხლი).

საქმის მასალების შესაბამისად, მოსარჩელე ა. ს-ი ითხოვს 1998-1999-2000 წლებში, ანუ სწორედ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. ამდენად, 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში ა. ს-ის მოთხოვნა - სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, არ მიიჩნეოდა ხანდაზმულად. აღნიშნულმა კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 01 ივლისიდან. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს მოწესრიგებას, რაც ადასტურებს, 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვა და სარჩელის წარდგენა ა. ს-მა განახორციელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის ამოქმედებიდან 3-წლიან ვადაში, რაც გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულობას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბერის გადაწყვეტილება საქმეზე ბს-1104(კ-18); 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საქმეზე ბს-662(კ-19); 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება საქმეზე ბს-320(კ-19)) და მიაჩნია, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე