Facebook Twitter

ბს-584-584(კ-18) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ ს. ღ-ემ 06.07.2016წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.11.2015წ. N583184, 12.11.2015წ. N583208 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და 20.06.2016წ. N17390 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.11.2015წ. N583184, 12.11.2015წ. N583208 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და 20.06.2016წ. N17390 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო სალარო საკონტროლო აპარატიდან ქვითრის ამობეჭდვა, რადგან უდავოდ დადასტურდა საკონტროლო შესყიდვის განხორციელების მომენტში ი/მ ს. ღ-ის ობიექტში ელექტროენერგიის არარსებობა და სალარო აპარატის გაუმართაობა, მართვის ბლოკისა და ბატარეის დაზიანება. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უნდა ასახულიყო სამართალდარღვევის ოქმში და უნდა მომხდარიყო მათი გათვალისწინება მეწარმის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას. რაც შეეხება მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოქმი არ შეიცავდა მითითებას კონკრეტული სახის წინააღმდეგობის გამწევ ქმედებებზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს საკონტროლო სალარო აპარატის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, რათა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, არ მოხდეს აპარატით სარგებლობის შეფერხება. ამასთანავე, საკონტროლო სალარო აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში, უკეთუ შეუძლებელია შემდგომი მუშაობის გაგრძელება, მეწარმე ვალდებულია შეწყვიტოს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება. ი/მ ს. ღ-ისა და სასამართლოების მიერ სრულად იქნა უგულებელყოფილი აღნიშნული ნორმატიული დანაწესები. ნორმატიულ ვალდებულებათა უგულებელყოფა ადასტურებს ს. ღ-ის გაუფრთხილებელ ბრალს, მისი სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობების არსებობას. გასათვალისწინებელია, რომ მეწარმემ აპარატი შესაკეთებლად წარადგინა შემოწმებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ. კასატორი აღნიშნავს, რომ ს. ღ-ემ წინააღმდეგობა გაუწია საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს თავისი კანონით დადგენილი ფუნქციების შესრულებისას, რადგან არ წარადგინა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი, დაკეტა საწარმო ობიექტი და ხელი არ მოაწერა ოქმს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ აღარ არსებობს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სასამართლოს მხრიდან მათი სამართლებრივი შეფასების სისწორეზე, საკონტროლო სალარო აპარატის გამართული ფუნქციონირების, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების შესახებ მეწარმის ვალდებულებებზე, ს. ღ-ის ბრალზე მსჯელობის საჭიროება, რადგან დასტურდება, რომ ს. ღ-ე (პ.ნ. …) დაბადებულია … წ., შესაბამისად, არის პენსიონერი, რადგან მიღწეულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლით განსაზღვრულ საპენსიო ასაკს (65 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ საგადასახადო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სავარაუდო სამართალდარღვევები ჩადენილია 2015 წლის ნოემბერში, ხოლო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრებულია და ამდენად, ჯერ არ არის აღსრულებული, ამასთანავე, ს. ღ-ე საპენსიო ასაკისაა. „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან) („ბ“ ქვ.პ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ, ს. ღ-ეზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი