ბს-1340(2კ-18) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ც-მა 10.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.12.2015წ. N… დადგენილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.02.2016წ. N339 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.02.2016წ. N339 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.12.2015 წ. N… დადგენილება და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია უნებართვოდ მოწყობილი ნაგებობის დემონტაჟის ფაქტი, თუმცა ჩათვალა, რომ გამოკვლევას საჭიროებდა დემონტაჟის მოცულობა. ორგანოს მითითება დემონტაჟის მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელების, ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადასვლის შესახებ არ იქნა მიჩნეული დასაბუთებულად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება შენობის მხოლოდ ნაწილობრივი დემონტაჟი და ნაგებობის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადასვლის ფაქტი. კასატორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, რადგან აქტების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულად იქნა გამოკვლეული, სასამართლომ ვერ მიუთითა ორგანოს მიერ გამოსაკვლევ კონკრეტულ გარემოებაზე. ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც იმთავითვე გულისხმობს სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების მიღებას
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.
სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.12.2015წ. N…. სადავო დადგენილების მიხედვით, თ. ც-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, …ში, … საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობისათვის და დაეკისრა ნაგებობის დემონტაჟი. საქმის მასალების მიხედვით, … საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა, რომლებზეც საკუთრების უფლებაც ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღნიშნული გარემოება უგულებელყოფილ იქნა სადავო აქტების გამოცემისას. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია უნებართვოდ მოწყობილი ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი, რეგისტრაციის დადასტურების შემთხვევაში, არ უმსჯელია ასეთი ნაგებობის დემონტაჟის შესაძლებლობაზე, ნაგებობის მესაკუთრის უფლებებზე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნაგებობის უნებართვოდ მოწყობა რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ არ განხორციელებულა. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ნაგებობების მესაკუთრედ დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ ირიცხებოდა თ. ც-ი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დემონტაჟის დაკისრების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გამოკვლიოს დემონტაჟის სრულყოფილად განხორციელების საკითხი, უნებართვო ნაგებობის სახელმწიფოს მიწის ნაკვეთზე გადასვლისა და თ. ც-ისათვის სახდელის დაკისრების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ სამშენებლო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. კანონის მე-2 მუხლში ჩამოთვლილია პირთა კატეგორიები, რომლებზეც აღნიშნული შეღავათი ვრცელდება. საკითხის ხელახლა განხილვისას მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა იმსჯელოს აგრეთვე თ. ც-ზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესაძლებლობაზე.
კასატორთა მოსაზრება, რომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იმთავითვე გულისხმობს სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების მიღებას, არ არის დასაბუთებული, რადგან ინდივიდუალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის უფლებებსა და მოვალეობებს (სზაკ-ის 2.1 მუხ. „დ“ ქვ.პ.), რაც არ გულისხმობს მხოლოდ სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი