Facebook Twitter

ბს-48(კ-19) 26 თებერვალი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ვ-მა 03.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 13.10.2017წ. N375 ბრძანების ბათილად ცნობის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თ. ვ-ისათვის ფულადი თანხის -10 000 ლარის გამოყოფის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.02.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 13.10.2017წ. N375 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ. ვ-ისათვის ფულადი თანხის - 10 000 ლარის გამოყოფის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 30.08.2018წ. განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.2018წ. განჩინებით საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილებაზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის დედის - მ. ძ-ას ქ. ცხინვალში, 08.08.2008წ., საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტი და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების მოპოვება დღეის მდგომარეობით ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია, ამიტომ გარდაცვალების ფაქტის დადგენის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილება მიჩნეული უნდა ყოფილიყო სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. პალატამ აღნიშნა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიას, რის გამოც მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება შეზღუდულია. ამდენად, არათუ მოსარჩელე, არამედ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიც მოკლებულნი არიან ოკუპირებული ტერიტორიების სამედიცინო დაწესებულებებიდან მ. ძ-ას გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მითითება საქართველოს მთავრობის 25.08.2008წ. N547 განკარგულების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელების შესახებ, რადგან განკარგულების მიხედვით თანხის მიმღებ სუბიექტად დასახელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი სამოქალაქო პირი, მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ თ. ვ-ის დედა სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილ იდენტიფიცირებულ მოქალაქეთა სიაში არ იყო შეყვანილი, რაც ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას, რადგან საქართველოს მთავრობის 25.08.2008წ. N547 განკარგულება ფულადი დახმარების მიმღებ სუბიექტებად ასახელებს სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირებს, რომელთა იდენტიფიკაცია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება უნდა მოეხდინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. კასატორი თვლის, რომ მთავრობის N547 განკარგულება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. სასამართლოს უნდა შეეფასებინა პირის სამართლებრივი მდგომარეობა და მისი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან. არ დასტურდება მ. ძ-ას საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ 27.09.2016წ. Nბს-547-542(კ-15)), ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 25.08.2008წ. N547 განკარგულებით განისაზღვრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესაძლებლობა. მოსარჩელე სწორედ აღნიშნული დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის ფარგლებში ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე - ქ. ცხინვალში, საომარი მოქმედებების შედეგად 08.08.2008წ., დედის - მ. ძ-ას გარდაცვალების გამო მისთვის ფულადი თანხის - 10 000 ლარის გამოყოფის მიზნით საქართველოს მთავრობისათვის წინადადების წარდგენას. განკარგულება ფულადი თანხის გაცემის საფუძვლად ასახელებს შემდეგ წინაპირობებს: პირი გარდაცვლილი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად და გარდაცვლილი პირი უნდა იყოს სამოქალაქო პირი. ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მინიჭებული აქვს გარდაცვლილის ოჯახს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 28.08.2008წ. N243-რს დადგენილებითა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი - ცხინვალის რეგიონი გამოცხადდა ოკუპირებულ ტერიტორიად. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის 7.1 მუხ.). ამდენად, ქ. ცხინვალში გადაცვალების ფაქტი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე გარდაცვალებას. საქმეში დაცულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.02.2017წ. N...გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მოანცემებით: გარდაცვლილი - მ. ძ-ა, დაბადების თარიღი - ... წ., გარდაცვალების ადგილი - ქ. ცხინვალი, გარდაცვალების თარიღი - 08.08.2008წ.. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაინტერესებული მხარის - თ. ვ-ისა და მოწმეების ახსნა-განამრტებების, მოწმე მ. ა-ას დაკითხვის ოქმისა და მ. ძ-ას ოჯახის წევრების 08.08.2008წ., საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილად აღიარების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.12.2010წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია მ. ძ-ას 08.08.2008წ. კონფლიქტის დროს გარდაცვალების ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს და არ საჭიროებს დამატებით მტკიცებას (სსკ-ის 106-ე მუხ. „ა“ ქვ.პ.), ამასთანავე, მითითებული გარემოება დადასტურებულია არაერთი ეროვნული და საერთაშორისო აქტით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს და დადგენილად მიიჩნევს, მოსარჩელის დედის - მ. ძ-ას საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტს. ის გარემოება, რომ ვერ განხორციელდა მ. ძ-ას იდენტიფიცირება სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ, საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ პირთა შორის, არ ცვლის ვითარებას, რადგან არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებიდან დოკუმენტაციის მოპოვების დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.02.2017წ. N... გადაწყვეტილებით დადასტურებულია მ.ძ-ას საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალება.

საკასაციო პალატა იზიარებს აგრეთვე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისას მნიშვნელობა არ ენიჭება გარდაცვლილის მოქალაქეობას, რადგან მსგავს დათქმას არ შეიცავს საქართველოს მთავრობის 25.08.2008წ. N547 განკარგულება. განკარგულების სუბიექტად მიჩნეულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი ყველა სამოქალაქო პირი, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად. ამასთანავე სადავოდ არ არის გამხდარი მ. ძ-ას სამოქალაქო პირის სტატუსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.08.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი