Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-140(კ-20) 17 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. კ-ემ 2017 წლის 30 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №465/კ ბრძანების ბათილად ცნობა, ი. კ-ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №242/კ ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და მისი ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №464/კ ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების დავალება შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით 2017 წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება დ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №465/კ ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №464/კ ბრძანება ი. კ-ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №242/კ ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, მოპასუხეს დაევალა ი. კ-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების სამსახურის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №465/კ ბრძანება ი. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №464/კ ბრძანება ი. კ-ის სასწავლო და პროფესიული განვითარების შვებულების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №242/კ ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. კ-ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისრა ი. კ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ოდენობით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან - სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. კ-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და დ. მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია, პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, აცნობოს ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ასეთი პირები იმგვარად უნდა იყვნენ დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენდეს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ფარგლებში, კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს საქმეში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმის მექანიზმებს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად იმით განსხვავდება აუცილებელი მოწვევის მესამე პირისაგან, რომ მათი საქმეში მარტივი ფორმით ჩაბმა (ასკ-ის 16.1 მუხ.) საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა (ასკ-ის 16.2 მუხ.) კი - ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. განსხვავება მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობაშიც გამოიხატება. თუ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა მხოლოდ სამართლებრივი ინტერესი, აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმისას, მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია სამართალწარმოებისას მათი უფლებები და მოვალეობები. სწორედ ამას მოიაზრებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით განსაზღვრულია აუცილებელი მოწვევის მესამე პირის როლი - ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მქონე მესამე პირი, მარტივი მოწვევის მესამე პირისაგან განსხვავებით, აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

მოცემულ შემთხვევაში ცნობილია, რომ დ. მ-ი დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ...ის თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №465/კ ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ...ი ი. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში სასამართლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ("საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სახელწოდება შეიცვალა და განისაზღვრა - სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სახელწოდებით) ...ის - დ. მ-ის შესახებ არაფერს ამბობს, არ ეხება მას და შესაბამისად, მასზე ავტომატურ ზემოქმედებას არ ახორციელებს. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სამართალურთიერთობაში მყოფი ორი მხარის სადავო აქტის კანონიერებაზე, ხოლო საქმეში ჩაბმული მესამე პირი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეხება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. მ-ი განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. ამდენად, იგი არ სარგებლობს მხარის უფლებებით, კერძოდ, მას არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება, რადგან მოცემულ დავაზე იგი არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მონაწილე იმგვარ საპროცესო სუბიექტს, რომლის უფლებები ილახება და შესაბამისად, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მულით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე