Facebook Twitter

ბს-419(კ-19) 26 თებერვალი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. დ-ემ 30.08.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ კომისიის 10.07.2017წ. N629 განკარგულების ბათილად ცნობის და კომისიისათვის ქ. თბილისში, ...ეს დასახლებაში მდებარე, N17/004, 1148 კვ.მ. ფართის ნაკვეთზე ა. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.11.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ფ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი, რადგან 27.09.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს.კ. ... მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. დ-ის სახელზე, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 08.04.2016წ. განკარგულებით აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისდა და შემძენი გახდა ლ. ფ-ი, რომელიც 14.04.2016წ. საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. ამდენად, აღიარების კომისიაში ა. დ-ის მიერ განცხადების წარდგენის დროისთვის - 01.07.2016წ. ა. დ-ე აღარ იყო ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ქონების მესაკუთრე. რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის საძირკველს, სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ საძირკვლის ჩასხმა მოხდა 2008 წელს, ლ. ფ-ის დაკვეთით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის არამართლზომიერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. დ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთს ფლობს 1979 წლიდან, ამასთანავე, ასაღიარებელი ნაკვეთის მეზობლად განთავსებული იყო მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, საქმის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი მძიმე სოციალური მდგომარეობა და საცხოვრებელი ფართის არქონა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ 27.09.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს.კ. ... მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. დ-ის სახელზე, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 08.04.2016წ. განკარგულებით აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისდა და შემძენი გახდა ლ. ფ-ი, რომელიც 14.04.2016წ. საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. ამდენად, აღიარების კომისიაში საკუთრების აღიარების მოთხოვნით განცხადების წარდგენის დროისთვის - 01.07.2016წ. ა. დ-ე აღარ იყო ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ქონების მესაკუთრე. მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საძირკვლის ჩასხმა მოხდა 2008 წელს, ლ. ფ-ის დაკვეთით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (სსკ-ის 407.2 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენა, რის გამო საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

კასატორის მითითება მოწმეების: თ. ღ-ისა და ჟ. ყ-ის სანოტარო წესით დამოწმებულ ახსნა-განმარტებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ა. დ-ე ნაკვეთს ფლობს 1979 წლიდან, არ ქმნიდა აღიარების საკმარის საფუძველს, რადგან სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 2007 წლამდე მიწის თვითნებურად დაუფლების ფაქტი იმთავითვე არ ადასტურებს მიწის თვითნებურად დაკავებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის. კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნეოდა კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლები იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამდენად, თვითნებურად დაკავების ფაქტის გარდა უნდა დადასტურებულიყო ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა ან მომიჯნავედ დაინტერესებული პირის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა. განსახილველ შემთხვევაში არც ერთი აღნიშნული წინაპირობა არ იყო სახეზე, რადგან ერთი მხრივ ა. დ-ემ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა კომისიაში წარადგინა ... საკადასტრო კოდით მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ, ხოლო მეორე მხრივ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საძირკველი მოეწყო მესამე პირის დაკვეთით, კანონის ამოქმედების შემდეგ, რაც მოსარჩელე მხარემ სასამართლო პროცესზე თავადვე დაადასტურა (17.01.2018წ. სასამართლო სხდომა, 10:40-11:09 სთ.). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ არსებობდა ა. დ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კანონმდებლობაში 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ ცვლილებებზე და აღნიშნავს, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შეუძლია განახორციელოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 4.7 მუხ.). თავის მხრივ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 35.3 მუხლის მე-2 წინადადება ადგენს, რომ სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების უფლება აღიაროს ასევე, თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ მათზე განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენენ დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამდენად, ა. დ-ეს ენიჭება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის შესაძლებლობა. ამასთანავე, მიმდინარე დავაზე სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებისა და დავის საგნის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია სააგენტოში წარსადგენი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე წინანსწარი მსჯელობის შესაძლებლობას.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მძიმე სოციალური მდგომარეობისა და თავშესაფრის არქონის შესახებ, აღნიშნული აგრეთვე ცდება განსახილველი დავის საგანს, რადგან მიმდინარე დავაში მოსარჩელის მიზანია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება და არა სოციალური უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიებებით სარგებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი