Facebook Twitter

ბს-1116(კ-18) 26 თებერვალი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…მა“ 25.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სასმახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.12.2016წ. N001949 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.03.2017წ. N1-712 ბძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია შპს „…ი“ არ არის სამშენებლო ნაკვეთის მესაკუთრე, თუმცა იგი ფლობს ნაკვეთს საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე და უდავოდ დგინდება სწორედ მის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ამდენად სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ პირს შპს „…ი“ წარმოადგენს. პალატამ მიუთითა შპს „…ის“ მიერ კონსტრუქციის დემონტაჟის განუხორციელებლოსა და მითითების შეუსრულებლობაზე, რაც მისი მოსაზრებით სახდელის დაკისრების საკმარის საფუძველს ქმნიდა, რადგან საქმიანობა რომელიც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობის, მონტაჟისა და დემონტაჟის მიზნით აგრეთვე საჭიროებს სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…ის“ მიერ.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მიხედვით, ნაგებობა სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემაა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. კასატორი თვლის, რომ მის მიერ დამონტაჟებული დანადგარი არ არის შენობა-ნაგებობა, რადგან მხოლოდ ლითონის კონსტრუქციის დროებით განლაგება მოხდა მიწაზე და რაიმე სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებულა. შპს-ს არ მიეცა საკმარისი დრო უცხოელი სპეციალისტის მოსაწვევად, რათა დარღვევის გამოსწორების მიზნით დემონტაჟი განხორციელებულიყო კონსტრუქციის დაუზიანებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.12.2016წ. გასაჩივრებული დადგენილების მიხედვით, შპს „…ისათვის“ სახდელის დაკისრება განხორციელდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ქ.თბილისის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას პირის დაჯარიმებას. უდავოა, რომ სადავო კონსტრუქცია მოეწყო ქ. თბილისის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადავოა მხოლოდ უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანეაბრთვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 3.74 მუხლის მიხედვით, უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ დროებით შენობა-ნაგებობად ითვლება ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (3.15 მუხ.), კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსებული დროებითი შენობა და ნაგებობა, გარდა პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობისა და ნაგებობისა, საჭიროებს მშენებლობის ნებართვას (17.5 მუხ.). ამასთანავე, ახალი მშენებლობა, მათ შორის მონტაჟი, არის მშენებლობის სახეობა (4.1 მუხ.) და დროებით შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება მიიჩნევა ახალ მშენებლობად (4.7 მუხ.), ხოლო უკეთუ ნაგებობა, პირველ კლასს განეკუთვნება, მის მონტაჟამდე საჭიროა დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოების განხორციელება განიხილება უნებართვო მშენებლობად (66.10 მუხ.). ამდენად, ნორმატიული მოწესრიგებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს შპს-ს მოსაზრებას, ლითონის კონსტრუქციის დანადგარების კომპლექსის მოსაწყობად სათნადო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენის არასავალდებულოობის შესახებ, რადგან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე დროებითი ნაგებობის მონტაჟიც ასევე საჭიროებს სათანადო პროცედურების დაცვას.

მოსაზრება, რომ შპს-ს არ მიეცა გონივრული დრო დარღვევის გამოსასწორებლად, არ არის დასაბუთებული, რადგან საქმის მასალების მიხედვით, მართალია 24.10.2016წ. შედგა მითითება და 01.11.2016წ. შემოწმდა მითითების შესრულება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მითითების შეუსრულებლობის გამოვლენისთანავე არ მომხდარა შპს-ს დაჯარიმება, 26.12.2016წ. შპს განმეორებით შემოწმდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცა სადავო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, შპს-ს ჰქონდა 2-თვიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რაც გონივრული ვადაა, მათ შორის დემონტაჟის მიზნით უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის საჭიროების შესახებ კასატორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2018წ. განჩინება;

3. შპს „…ს“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.10.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი