Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 81-აპ 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგელია (მომხსენებელი),

მ. ისაევი

განიხილა დაზარალებულ ა. მ-სა და მსჯავრდებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 13 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 24 ივნისის განაჩენში ი. პ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 24 ივნისის განაჩენით ი. პ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 13 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა იმ მიმართებით, რომ ი. პ-ნს სასჯელად დაენიშნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად. უცვლელად დარჩა ასევე ამავე განაჩენთან ერთად გამოტანილი განჩინება და კერძო განჩინება.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2005 წ. 13 იანვრის განაჩენთან ერთად გამოიტანა კერძო განჩინება, რომლითაც გენერალური პროკურორისა და თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის ყურადღება მიექცა ახალქალაქის რაიონული პროკურატურის უფროსი გამომძიებლის _ ა. ო-ის, ახალქალაქის რაიონის პროკურორ იუ. უ-სა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის _ ს. მ-ის მიერ სისხლის სამართალწარმოებისას დაშვებულ საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე.

გასაჩივრებული განაჩენით ი. პ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2003 წ. 24 იანვარს ი. პ-ნი თავის მეგობარ ნ. ჩ-ნთან, ნათესავებთან _ გ. პ-სა და ო. ე-თან ერთად იმყოფებოდა მეგობრის _ ს. ბ-ის ქორწილში. ქორწილის შემდეგ, ღამის პირველ საათზე, ისინი გამოვიდნენ ქორწინების სახლიდან სახლში წასასვლელად. ო. ე-მა გააღო თავისი ნათესავის _ ლ. ნ-ის კუთვნილი ავტომანქანის _ “ვაზ-2121-ის” _ კარი საჭესთან დასაჯდომად. ამ დროს ი. პ-მა სთხოვა ო.ს, რომ დაერთო მისთვის საჭესთან დაჯდომის ნება. მიიღო რა უარი, იგი გაბრაზდა და ფეხით წავიდა სახლისაკენ. მას უკან დაედევნა ნ. ჩ-ნი, რათა დაეყოლიებინა, ჩამჯდარიყო ავტომანქანაში. რესტორან “კ-სთან” ნ. ჩ-ნი ხელით რამდენჯერმე სწვდა პიჯაკში ი. პ-ნს, რათა გაეჩერებინა იგი და ჩაესვა ავტომანქანაში. ამ დროს ი. პ-მა ფრჩხილების საწმენდი ქლიბი, რომელიც ხელში ეკავა, სიცოცხლის მოსპობის არაპირდაპირი განზრახვით დაარტყა გულმკერდის არეში ნ. ჩ-ნს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წავიდა ავტომანქანისაკენ და იქ მსხდომ გ. პ-სა და ო. ე-ნს განუცხადა, რომ ი. პ-მა მას დაარტყა დანა. ო. ე-მა და გ. პ-მა ნ. ჩ-ნი გადაიყვანეს ახალქალაქში დისლოცირებულ რსფსრ-ს --- ბაზის ---ში, სადაც, მიუხედავად ქირურგიული ოპერაციისა, 12 საათსა და 15 წუთზე იგი გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ი. პ-ნი აღნიშნავს, რომ აწ გარდაცვლილი ნ. ჩ-ნი იყო მისი მეგობარი, მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ამდენად, მას (ი. პ-ნს) არ შეიძლებოდა ჰქონოდა ან იმ მომენტში გასჩენოდა ნ. ჩ-ის მოკვლის განზრახვა. ეს ფაქტი მოხდა უნებურად, ი. პ-ის მიერ ნ. ჩ-ის მოცილების მიზნით, ამ უკანასკნელის მიმართულებით ხელის მოქნევის შედეგად, რომელშიც შემთხვევით ეჭირა ფრჩხილების საწმენდი ქლიბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. პ-ნი ითხოვს თავისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

დაზარალებული ა. მ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებით გამოძიებაში ი. პ-ის მიმართ უფრო მძიმე ბრალდების, კერძოდ, სსკ-ის 109-ე მუხლის წარდგენის მიზნით, რასაც ასაბუთებს იმით, რომ ნ. ჩ-ის მკვლელობა მოხდა ჯგუფურად და სხვა დანაშაულის _ ი. მ-ის მკვლელობის დაფარვის მიზნით. კასატორი მიუთითებს, რომ ნ. ჩ-მა იცოდა და გახდა თვითმხილველი მოწმე იმისა, თუ როგორ ესროლა ი. პ-მა იარაღი ი. მ-ნს.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ი. პ-ნს შეუფარდა მისი ქმედების სიმძიმესთან შეუსაბამო სასჯელი, რაც თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ შეფარდებული სასჯელის ორი წ. ვადით შემცირების საფუძვლად გამოიყენა ი. პ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ის გარემოებები, რაც უკვე გამოიყენა და შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ი. პ-ნი და მისი ადვოკატი ო. კ-ლი მხარს უჭერენ მსჯავრდებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივარს.

დაზარალებულ ა. მ-ის ადვოკატი ი. ჩ-ძე ცვლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის, ი. პ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო. დაზარალებული ა. მ-ნი მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს ამ ცვლილებით.

პროკურორმა გ. ქ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ ი. პ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია და სასჯელის ზომა კანონიერია და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციოსაჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003 წ. 24 იანვარს ქორწილიდან წამოსულმა ი. პ-მა, გაბრაზებულმა იმით, რომ ო. ე-მა არ მისცამას ავტომანქანის საჭესთან დაჯდომის ნება, მიატოვა ავტომანქანაში მსხდომნი _ ნ. ჩ-ნი, ო. ე-ნი, გ. პ-ნი და ფეხით წავიდა სახლისაკენ.

ის, რომ ნ. ჩ-ნი ი. პ-ნს დაედევნა იმ მიზნით, რომ გაეჩერებინა იგი და დაეყოლიებინა, ჩამჯდარიყო მანქანაში, დადგენილია ო. ე-ის, გ. პ-სა და თვით მსჯავრდებულ ი. პ-ის ჩვენებებით. სწორედ ამ დროს ი. პ-მა ფრჩხილების საწმენდი ქლიბი, რომელიც ხელში ეკავა, გულმკერდის არეში ჩაარტყა ნ. ჩ-ნს.

დაცვის მხარის ის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულ ი. პ-ნს არ ჰქონია ნ. ჩ-ის მოკვლის განზრახვა და ეს ფაქტი მოხდა უნებურად, ი. პ-ის მიერ ნ. ჩ-ის მოცილების მიზნით, ამ უკანასკნელის მიმართულებით ხელის მოქნევის შედეგად, რომელშიც მას შემთხვევით ეჭირა ფრჩხილების საწმენდი ქლიბი, უარყოფილია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული ქირურგის _ ვ. ვ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2003 წ. 24 იანვარს, დაახლოებით ღამის 22 საათზე, --- ბაზის ჰოსპიტალში გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობით მოათავსეს ნ. ჩ-ნი. მას ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მარცხენა მხარეს, მესამე ნეკნს შუა, მკერდის ხაზთან. ჭრილობის ზომები _ 1X0,3 სმ, ჭრილობის არხის მიმართულება _ ზემოდან ქვემოთ მცირე დახრით, ნეკნთაშუა გავლით. ჭრილობის მიმყენებელმა საგანმა ნ. ჩ-ნს დაუზიანა მკერდის შინაგანი არტერია და გაჩერდა მარცხენა ფილტვის ფესვთან. ექიმი ავადმყოფთან კონტაქტში ვერ შედიოდა, იგი გადაიყვანეს საოპერაციოდ.

ვ. ვ-ის ჩვენებების მიხედვით, ნ. ჩ-ნს აღნიშნული ჭრილობა ფრჩხილების საწმენდი ქლიბით უნდა მიეღო საკმაო ძალით დარტყმის შედეგად, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ფრჩხილების საწმენდი ქლიბის მოქნევით აღნიშნული დაზიანების მიყენებას.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობის არხი მიმართულია ზემოდან ქვემოთ, მარცხიდან მარჯვნივ, ეს გარემოება კი მიუთითებს, რომ ი. პ-ნი შემობრუნდა ნ. ჩ-საკენ მისთვის დაზიანების მიყენების მომენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოუბრუნებლად მარჯვენა მხრიდან. ხელის მოქნევის დროს ჭრილობის არხის მიმართულება უნდა ყოფილიყო მარჯვნიდან მარცხნივ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დადგენილად მიიჩნია, რომ მთვრალმა ი. პ-მა, გაბრაზებულმა ნ. ჩ-ზე, რომელიც არ დაემორჩილა მოთხოვნას, თავი დაენებებინა მისთვის, შურისძიების მოტივით, საკმაო ძალის მოქნევით დაარტყა თანნაქონი ფრჩხილების საწმენდი ქლიბი გულმკერდის არეში, მით უმეტეს, რომ მოწმე ო. ე-ის ჩვენების მიხედვით, “როდესაც ი. მთვრალია, იგი აგრესიული ხდება”.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ აღწერილი დანაშაულის ჩადენის ვითარებას და, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის მიცემულ სამართლებრივ შეფასებას. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება განაჩენის დასაბუთებას იმაშიც, რომ ი. პ-მა ჩაიდინა ნ. ჩ-ის მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით, კერძოდ, მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ი. პ-ნს არ სურდა ნ. ჩ-ის სიკვდილი, მაგრამ მან ქლიბი რომ მოუქნია დასარტყმელად ნ. ჩ-ნს გულმკერდის არეში, ამით შეგნებულად დაუშვა შედეგის დადგომის შესაძლებლობაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. პ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ეთანხმება სასამართლოს განაჩენს ამ კვალიფიკაციაში; ამასთანავე, უსაფუძვლოდ და არასწორად მიაჩნია მსჯავრდებულ ი. პ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მისი ქმედების სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, რაც ითვალისწინებს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ი. პ-ნს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მსუბუქი და უსამართლო; ამდენად, დაზარალებულის საკასაციო საჩივარს მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის გაუქმებისა და ხელახლა განსახილევლად იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ პალატა არ იზიარებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წ. 13 იანვრის განაჩენი ი. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.