Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1387(კ-19) 5 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. ფ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ფ-ემ 2017 წლის 25 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის 20 ივნისის სხდომაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ლ. ფ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ლ. ფ-ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ მას ჩაბარებული აქვს როგორც მოსამართლის, ასევე ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქტს არაერთი ტრენინგი და მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობას, თუმცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატის უარყოფითად შეფასებით მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, არ განახორციელეს ლ. ფ-ის პროფესიული ან/და პიროვნული შესაძლებლობების შეფასება. კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიმართ საბჭოსთან ერთად დისკრიმინაციული ქმედება განაგრძო სასამართლომ, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2019 წლის სექტემბერში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან, მათ შორის, ლ. ფ-ესთან გასაუბრება. გასაუბრების პროცესი აისახა აუდიო-ვიდეო მასალაზე. 2017 წლის 20 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების ღია კენჭისყრა, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე დასანიშნად კენჭისყრის შედეგად, ლ. ფ-ემ მიიღო 0 (ნული) ხმა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი/საოქმო გადაწყვეტილება მიღებულია კოლეგიური ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას შეისწავლოს ის მიზანშეწონილობის კუთხით. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს ამგვარი აქტის მხოლოდ კანონიერება, კერძოდ, მათი გამოცემისას დაცულია თუ არა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები.

საკასაციო პალატა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას. კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს კანდიდატებთან გასაუბრებასა და ამ მუხლის მე-6-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას. რეგლამენტის მითითებული მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები კი ადგენს, რომ გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. „კონკურსის პროცედურული წესების, სათანადო ფორმალური მოთხოვნების დაცვის, კონკურსანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და გასაუბრების შედეგად ორგანო ადგენს კონკურსანტის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობას დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის Nბს-1312(კ-18) განჩინება).

მოცემულ შემთხვევაში, ლ. ფ-ემ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი და განაცხადების გადარჩევისა შემდეგ გადავიდა გასაუბრების ეტაპზე. საქმეზე წარმოდგენილი გასაუბრების ვიდეოჩანაწერით დადასტურებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კასატორს დაუსვეს შეკითხვები, რაც ემსახურებოდა კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული ცოდნის დონის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასებას და თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კანდიდატს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს შესაბამისი ლოგიკური აზროვნება და მისი კვალიფიკაცია, ხოლო კანდიდატების პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების შეფასება განეკუთვნება ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრების დისკრეციის სფეროს - მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტონ, როგორც კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, ასევე მიზანშეწონილობის კრიტერიუმებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისას მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერების დადგენა, რის შესამოწმებლადაც სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს, არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება და ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. ლ. ფ-ესთან მიმართებაში კომისიის წევრებიის შეფასება აისახა კენჭისყრის შედეგებში, რა დროსაც კონკურსანტმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის შეფასება კონკურსანტებთან მიმართებაში, პროფესიული გამოცდილების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით, მათი სხვა აქტივობების, მიღწევების, დამსახურებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით, განეკუთვნება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეციას და საბჭოს თითოეული წევრის მიერ მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის საკითხის შემოწმება სცდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს. „სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციულ მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის Nბს-997(კ-18) გადაწყვეტილება). კონკურსის შედეგების მიმართ სასამართლო კონტროლი მოიცავს მხოლოდ კანონიერების საკითხის შემოწმებას, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის შესაბამისობის ვალდებულებას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ ლ. ფ-ის მიმართ არ დარღვეულა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით, კონკურსანტის მიმართ დაისვა შეკითხვები, რაც ემსახურებოდა მისი კვალიფიკაციისა და ცოდნის შემოწმებას და არა კონკურსანტის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. შეკითხვების დასმისას არ გამოვლენილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დისკრეციული უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, კონკურსი მიმდინარეობდა რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, სახეზე არ არის დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბება, არ დასტურდება მოპასუხის მიერ თვითნებობის ჩადენა, არაობიექტურობა, შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, არ იკვეთება დისკრეციული უფლებამოსილების იმ მიზნის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება საბჭოს, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის 20 ივნისის სხდომაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ლ. ფ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ლ. ფ-ის დანიშვნასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე