ბს-1482 (კ-18) 26 თებერვალი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს "…ას" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ჩ-ემ 10.10.2017წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჭიათურის ფილიალისა და სს "…ას" მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა სს "…ას" რეგისტრირებულ უფლებაში (ს.კ. …) ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2017წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, სს "…ასათვის" ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენის დავალება, რომელიც არ მოიცავს ე. ჩ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და განხილვის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 28.12.2017წ. გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. სხდომის ოქმით ე. ჩ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა N… საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე სს "…ას" რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2017წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.04.2018წ. N0026637118 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზედდების (110.54 კვ.მ.) ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 28.12.2017წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ჩ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი N… საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე სს "…ას" რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2017წ. N… გადაწყვეტილება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.04.2018წ. N0026637118 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზედდების (110.54 კვ.მ.) ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შესაბამის ოფისს) დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების 3.1 პუნქტში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს "…ას" 17.01.2017წ. N… განცხადებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც ე. ჩ-ის, ისე სს "…ას" საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა არაზუსტი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება ორივე მხარემ საჯარო რეესტრში ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით სცადა. თავდაპირველად საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურს სს "…ამ" მიმართა. ვინაიდან რეგისტრირებული ნაკვეთი 1/3-ზე მეტად იცვლიდა რეგისტრირებულ კოორდინატებს, სს "…ამ" სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის თანხმობა შეცვლილი კოორდინატებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, რის შემდეგაც მიღებულ იქნა ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2017წ. N… გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო სამსახური ფორმალურად არ უნდა დაყრდნობოდა თვითმმართველობის ორგანოდან წარმოდგენილ დაუსაბუთებელი თანხმობის წერილს, არამედ იგი ვალდებული იყო დაედგინა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები და გეოგრაფიული მდებარეობა. ე. ჩ-ემ მიწის ნაკვეთის დაზუსტება სწორედ 16.02.2017წ. N… გადაწყვეტილებით დაზუსტებული N… საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან ზედდების საფუძვლით ვერ განახორციელა. სააპელაციო სასამართლომ საექსპერტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე მითითებით აღნიშნა, რომ დასკვნის მიხედვით ე. ჩ-ის საკუთრების უფლების მონაცემები N… საკადასრტრო კოდის მქონე სს "…ას" კუთვნილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან 110.54 კვ. მეტრით ახდენს გადაფარვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს" …ამ".
კასატორმა აღნიშნა, რომ სს "…ას" მიერ 2017 წლის იანვარ-თებერვალში საკადასტრო მონაცემების დაზუსტების პროცესში ადგილი არ ჰქონია მეზობელ მიწის ნაკვეთთან ზედდებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო შეაჩერებდა სარეგისტრაციო წარმოებას კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენის მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მოსარჩელის კუთვნილი 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სს "…ას" მიწის ნაკვეთთან გადაფარვა დაფიქსირდა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთების გაორიენტირება მოხდა მოსარჩელის მოთხოვნით, რომელმაც თავად მიუთითა ექსპერტს 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მისთვის სასურველი მდებარეობა. აღსანიშნავია, რომ ე. ჩ-ემ მიწის ნაკვეთი 24.03.2017წ. მ. ბ-ისგან შეიძინა, რა დროისთვისაც მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო UTM კოორდინატთა სისტემაში და მინიჭებული ჰქონდა უნიკალური კოდი. ე. ჩ-ემ ნასყიდობის დადების პროცესში არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება და არ გაარკვია შესაძენი ქონების მდებარეობა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მიწის ნაკვეთის მისთვის არასასურველი ადგილმდებარეობის გამო მოინდობა ნაკვეთის რეგისტრირებული კოორდინატების და ფორმის შეცვლა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური კოორდინატების და არა მეზობელ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მიხედვით, როგორც საექსპერტო დასკვით განხორციელდა. ამდენად, სადავო გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს "…ას" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით სს "…ამ" უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით 17.01.2017წ. მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს. 26.01.2017წ. სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთი 1/3-ზე მეტად იცვლიდა კოორდინატებს და "საჯარო რეესტრის შესახებ კანონის" 8.3 მუხლის შესაბამისად დაინტერესებულ მხარეს დაევალა სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სს "…ას" მიერ 2017 წლის იანვარ-თებერვალში მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას არ გამოვლენილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, უფრო მეტიც სს "…ამ" სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოსაფხვრელად სარეგისტრაციო სამსახურს 13.02.2017წ. თავად წარუდგინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი, რომლითაც გამგეობა თანხმობას აცხადებდა შეცვლილი კოორდინატებით სს "…ას" მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული თანხმობის გაცემის დროს თვითმმართველი ერთეულის მიერ არ მომხდარა საკითხის სათანადოდ შესწავლა და არ განხორციელებულა საამზომველო სამუშაოები. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ "…ას" სახელზე მიწის ნაკვეთის შეცვლილი კოორდინატებით დარეგისტრირებისას არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ დადგენილა მეზობელი მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა და მესაკუთრეები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დასადგენად ექსპერტის მიერ მეზობელ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის არასწორად გამოყენების შესახებ, რადგან საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექსპერტის წინაშე დასმული იყო ე. ჩ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობის საკითხი. ამდენად, ექპერტიზის დასკვნა ეხება ორივე მიწის ნაკვეთს, რომელთაგან ერთზე მდებარეობს შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთის ფართობია 250 კვ.მ., ხოლო მეორე მიწის ნაკვეთის ფართობია - 200 კვ.მ., რომლის სს "…ას" საკუთრებაში რეგისტირებულ ნაკვეთთან ზედდების საფუძვლით მოცემული დავის ფარგლებში სადავოდაა გამხადარი სარეგისტრაციო სამსახურის 16.02.2017წ. N… გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს "…ას" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სს "…ას" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. გადაწყვეტილება;
3. სს "…ას" (ს/ნ ... ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.10.2018წ. N1540283118 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი