გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 99-კოლ 14 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ტყეშელაშვილი,
თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის, მსჯავრდებულ თ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ფ-ის, ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ვ. გ-ის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 29 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით:
1. თ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ თ. დ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
2. ზ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ თ. დ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულების _ თ. დ-სა და ზ. ბ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა აჭარის ა/რ-ის პრობაციის ბიუროს.
განაჩენით თ. დ-სა და ზ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წ. 9 სექტემბერს, დილის 10 საათიდან ბათუმის შს სამმართველოს პოლიციის -- ქვეგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ჯგუფის ინსპექტორი თ. დ-ძე, ამავე ჯგუფის უმცროსიინსპექტორი ზ. ბ-ძე და ამავე ქვეგანყოფილების უზრუნველყოფის ქვედანაყოფის პოლიციელი შ. დ-ძე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. ისინი იყვნენ ერთ ოპერატიულ ჯგუფში, რომელსაც დაწესებული გრაფიკის მიხედვით სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა დღე-ღამის განმავლობაში _ 10 სექტემბრის 10 საათამდე. ოპერატიულ ჯგუფს, განაწესის მიხედვით, ხელმძღვანელობდა თ. დ-ძე. ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 10 სექტემბერს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, თ. დ-ემ,ზ. ბ-ემ და შ. დ-ემ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად ქ. ზუგდიდში მცხოვრები ს. ნ-ია პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უსაფუძვლოდ გააჩერეს ქვეგანყოფილებაში. ასევე უსაფუძვლოდ, ანგარებითა და პირადი მოტივით, დამსწრეთა გარეშე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რაზეც შეადგინეს ყალბი დოკუმენტი _ ყალბი პირადი ჩხრეკის ოქმი, რომ თითქოს ჩხრეკას ესწრებოდა ორი დამსწრე. ჩხრეკის შედეგად ს. ნ-ას აღმოაჩნდა 500 აშშ დოლარი. თ. დ-ემ ერთ-ერთი 100 დოლარიანი კუპიურა მიიჩნია ყალბად და ამ ფაქტზე რომ არ მოეხდინათ რეაგირება, ქრთამის სახით მოსთხოვა 200 ლარი, რაზედაც ს. ნ-ია დასთანხმდა და თანხის გადაცემას შეჰპირდა მეორე დღის 22 საათზე ბათუმში, --- ქუჩაზე, რესტორან „---თან“. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, თ. დ-ემ ზ. ბ-სთან ერთად გადაწყვიტა ს. ნ-ას დროებითი საცხოვრებელი ადგილის გაჩხრეკა, რისთვისაც იგი დატოვეს ქვეგანყოფილებაში მორიგე ა. მ-ს მეთვალყურეობის ქვეშ და შ. დ-სთან ერთად დაახლოებით 3 საათზე მივიდნენ ქ. ბათუმში, --- მდებარე სასტუმრო „---ში“, სადაც ისინი სასტუმროს ადმინისტრატორმა დ. თ-მა არ შეუშვა ოთახში მისი მეპატრონის გარეშე. ამიტომ იქ მიიყვანეს ს. ნ-ია და უსაფუძვლოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით გაჩხრიკეს დაზარალებულის საცხოვრებელი ოთახი, რის თაობაზეც არ შეადგინეს სათანადო ოქმი. შემდგომ, ს. ნ-ას პიროვნების დასადგენად, დაახლოებით 4 საათზე თ. დ-ძე, ზ. ბ-ძე და შ. დ-ძე ს. ნ-თან ერთად მივიდნენ მის მიერ დასახელებულ, ქ. ბათუმში, --- ქ. ¹38 ბინა 30-ში მცხოვრებ გ. ს-სთან, რომელიც გააღვიძეს და გამოკითხესს. ნ-ას შესახებ. ამის შემდეგ თ. დ-მ გაუშვა ს. ნ-ია იმ პირობით, რომ მეორე დღეს, 12 საათისათვის, მიუტანდა 200 ლარს.
2004 წ. 10 სექტემბერს პოლიციის მუშაკთა მხრიდან ქრთამის გამოძალვის გამო ს. ნ-ამ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო პროკურატურას, თვითონ კი დაახლოებით 12 საათზე მივიდა დათქმულ ადგილას, --- და --- ქუჩების გადაკვეთასთან მდებარე რესტორან „---ს“ წინ, სადაც ზ. ბ-ის კუთვნილი „ვაზ-2101 მარკის ავტომანქანით მივიდნენ ზ. ბ-ძე და თ. დ-ძე. ს. ნ-ამ მათ უთხრა, რომ შეპირებული თანხა ჯერჯერობით ვერ იშოვა და დაუთქვა იმავე ადგილას შეხვედრა 17 საათისათვის. აღნიშნულ დროზე ს. ნ-ია კვლავ შეხვდა ზ. ბ-სა და თ. დ-ეს რესტორან „---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე და კვლავ სთხოვა მათ თანხის გადაცემის გადავადება მომდევნო დღის 15 საათისათვის.
2004 წ. 11 სექტემბერს, დათქმულ დროს, აღწერილი და სპეცქიმიური ხსნარით დამუშავებული კუპიურებით _ 200 ლარითა და სპეც-აუდიო და ვიდეოაპარატურით აღჭურვილი ს. ნ-ია მივიდა პოლიციის ქვეგანყოფილებაში, მაგრამ თ. დ-ემ საეჭვოდ მიიჩნია მისი აქტიურობა და ფულის აღებაზე უარი განაცხადა, ამასთან, ს. ნ-ას გ. ს-ის მეშვეობით დაუბრუნა ჩამორთმეული პასპორტი, ხოლო მის მიერ შედგენილი ყალბი პირადი ჩხრეკის ოქმი დახია და ჩაყარა ურნაში (ნახევები შემდგომში ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ). ს. ნ-ას კი უთხრა, რომ ეჭვობს, რომ იგი მიგზავნილია, მისგან არაფერი უნდა და დანაშაული უანგაროდ აპატია.
იმავე დღეს, დაახლოებით 21 საათზე, ს. ნ-ა კვლავ მივიდა პოლიციის მე-2 განყოფილებაში, შეხვდა თ. დ-სა და ზ. ბ-ეს და დაუწყო დარწმუნება, რომ იგი არ იყო მიგზავნილი და უნდოდა მათთან წმინდა ადამიანური ურთიერთობა. თ. დ-ემ მასთან საუბარი არ ისურვა, ხოლო ზ. ბ-ძე გაესაუბრა მას. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს ოპერატიულმა მუშაკებმა ჩაატარეს თ. დ-ის, ზ. ბ-სა და შ. დ-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც აღწერილი დაქიმიური სპეცხსნარით დამუშავებული კუპიურები ვერ იქნა ამოღებული. ასევე უშედეგოდ დამთავრდა ზ. ბ-ის კუთვნილი „ვაზ-2101“ ა/მანქანის ჩხრეკა.
მსჯავრდებული ზ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
მსჯავრდებული თ. დ-ძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ფ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე ვ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და ზ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა ზ. ბ-ძე.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა რ. ფ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და თ. დ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, რასაც დაეთანხმა თ. დ-ძე.
პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულების _ თ. დ-ის, ზ. ბ-ა და მათი დამცველების პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება აღნიშნული მსჯავრდებულების მიერ დაზარალებულ ს. ნ-ას მიმართ სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა. ეს მტკიცებულებებია არა მხოლოდ თვით დაზარალებულ ს. ნ-ას მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები, არამედ აგრეთვე მოწმეების _ ა. მ-ის, გ. ს-ის, დ. თ-ის, ნ. ა-ის, დ. ხ-სა და სხვათა ჩვენებები, დაზარალებულ ს. ნ-ას თ. დ-სთან, ზ. ბ-სა და შ. დ-სთან დაპირისპირების ოქმები, ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები.
პალატა ასევე ვერ გაიზარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს სასამართლო კოლეგიამ ზ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებებიდან სრულიად უსაფუძვლოდ ამორიცხა დანაშაულის ეპიზოდი, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას და თვლის, რომ ზ. ბ-ის მიმართ ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდება არ არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ თ. დ-სა და ზ. ბ-ის მიერ ჩადენილ ქმედებათა კვალიფიკაციის თვალსაზრისით სასამართლო კოლეგიის განაჩენი საფუძვლიანია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორების _ ვ. გ-ა და ნ. ნ-ის პოზიციას მსჯავრდებულების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ლმობიერების თაობაზე და თვლის, რომ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულების _ თ. დ-სა და ზ. ბ-ს მიმართ სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გამოყენება ვერ ჩაითვლება აშკარად ლმობიერად. ამ ნაწილშიც განაჩენი დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წ. 29 მარტის განაჩენი თ. დ-სა და ზ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.