Facebook Twitter

№ბს-488(კს-19) 12 მარტი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ე. წ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - გორის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ჯ.წ-ი, ბ.წ-ი, ლ.წ-ი, ა.წ-ი, კ. ს-ი, ზ. ს-ი, მ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. წ-მა 03.04.2018წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად დასახელდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი. მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა: გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ...ის ...ის 19024 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცის მოთხოვნის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 04.08.2009წ. №5423 მიმართვის ბათილად ცნობა; აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 13.08.2009წ. № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხულ 19 024 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უსასყიდლო უზუფრუქტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 03.09.2009წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 19024 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის უვადო სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 23.08.2011წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 19024 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: ... კოდით 18 952 კვ.მ. ფართით და ... კოდით 72 კვ.მ. ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 25.01.2012წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3859 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ე. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 03.07.2012წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ე. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული მიწის ნაკვეთის კ. ს-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.11.2013წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; კ. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.08.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; კ. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 3859 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: ... კოდით 271 კვ.მ. ფართით და ... კოდით 3587 კვ.მ. ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 20.04.2016 წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; კ. ს-ის სახელზე ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების კვლავ 3803 კვ.მ. ფართად გაერთიანებისა და ... საკადასტრო კოდის მინიჭების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 21.09.2016წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; კ. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 3803 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კვლავ 2 ნაკვეთად: ... კოდით 2981 კვ.მ. ფართით და ... კოდით 822 კვ.მ. ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 13.12.2016წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 2981 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მ.თ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 13.03.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კ. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 822 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მ. თ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 15.03.2017წ. № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. თ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 822 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კვლავ კ. ს-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 11.04.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; კ. ს-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხული 822 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 2 ნაკვეთად: ... კოდით 520 კვ.მ. ფართით და ... კოდით 302 კვ.მ. ფართით დაყოფის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 15.08.2017 წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ე. წ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 27.02.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ე. წ-ის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.04.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ე. წ-ასთვის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის წინადადების მიცემის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.04.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ჯ.წ-ი, ბ.წ-ი, ლ.წ-ი, ა.წ-ი, კ. ს-ი, ზ. ს-ი (ე. ს-ის უფლებამონაცვლე), მ. თ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 04.12.2018წ. გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

04.03.2019წ. ე. წ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსკ-ის 198.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ს.კ. ... მიწის ნაკვეთზე, კ. ს-ის საკუთრებაში არსებულ ს.კ. ... მიწის ნაკვეთზე, მ. თ-ის საკუთრებაში არსებულ ს.კ. ... მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება ან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ს.კ. ..., ს.კ. ... და ს.კ. ... მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების, იპოთეკის, იჯარისა და ნებისმიერი სხვა სარგებლობის უფლებით დატვირთვის აკრძალვა და სსიპ საჯარო რეესტრს ეროვნული სააგენტოსათვის ე. წ-ის N... სარეგისტრაციო წარმოებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აკრძალვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ არსებობს სადავო ნაკვეთების გასხვისების ან მათზე რაიმე სხვა გარიგების დადების რისკი, რაც დასტურდება დროის მოკლე შუალედში აღნიშნულ ნაკვეთებზე არაერთი ტრანზაქციის განხორციელებით. განმცხადებლის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან შესაძლოა მოხდეს ნაკვეთების გასხვისება ან უფლებრივი დატვირთვა.

თბილისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. დროებითი განჩინებით ე. წ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალათ ს.კ. ..., ს.კ. ... და ს.კ. ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ნებისმიერი სახის რეგისტრაციის განხორციელება მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა გორში, სოფ. ...ში მდებარე (1828 კვ.მ.), ე. წ-ის N... სარეგისტრაციო წარმოებაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოცემულ საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურდა კ. ს-სა და მ.თ-ეს შორის სხვადასხვა პერიოდში საკუთრების უფლების გადაცემის ხელშეკრულებების დადებისა და ქონების გაყოფის არაერთი ფაქტი. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ს.კ. ... ქონებაზე, დავის მიმდინარეობის პერიოდში, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი მესამე პირის მიერ იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტარციის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ფაქტს. აღნიშნულ ქონებაზე 03.01.2019წ. დარეგისტრირდა იჯარის უფლება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე არაერთი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება ადასტურებდა ქონების განკარგვის მოსალოდნელობას.

თბილისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. დროებითი განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობების არსებობა არ დასტურდება, სახელმწიფო არ აპირებს აღნიშნულ ქონებაზე რაიმე ტრანზაქციის განხორციელებას. გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ დამდგარა უზუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი, ე. წ-ი ვერ უთითებს რაიმე ისეთი გარემოების ცვლილებაზე, რამაც სააპელაციო ინსტანციაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა გამოიწვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთან, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით (სსკ-ის 191.1 მუხ.). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში ე. წ-ის მიერ სარჩელი აღძრულ იქნა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირების მიზნით, რაც ვერ განხორციელდა ფიზიკური პირებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხულ ნაკვეთებთან ზედდების გამო, სწორედ რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით ითხოვს მოსარჩელე კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. ამდენად, მართებულია ე. წ-ის მოსაზრება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების, სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გართულდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება; სადავო უძრავი ნივთების გასხვისების ან უფლებრივი დატვირთვის შემთხვევაში წარმოიშობა ახალი სასამართლო დავა, ე. წ-ი სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად, ვერ შეძლებს სარჩელის მიზნის მიღწევას. სწორედ აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილებას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნილი ღონისძიებების გამოყენება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ არ არის დადასტურებული ქონების გასხვისების ან უფლებრივი დატვირთვის საფრთხე, არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიას ფარავს წლების განმავლობაში არაერთი ტრანზაქცია განხორციელდა, დასტურდება ნაკვეთების დაყოფა, გაერთიანება, გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, საკადასტრო კოდების ცვლილება. ამდენად, დასაბუთებულია მოლოდინი, რომ მიმდინარე სასამართლო დავის განხილვის დასრულებამდე შესაძლოა კონკრეტულ ნაკვეთებთან მიმართებით კვლავ განხორციელდეს გარკვეული ქმედებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის ან გაართულებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ აწესებს რაიმე აკრძალვას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ. ამდენად, კერძო საჩივრის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის არარასებობის შესახებ, არ გამორიცხავდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებისა და მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება შედეგობრივად სწორია, საქმის მასალებით დასტურდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი