Facebook Twitter

ბს-769-769 (კ-18) 12 მარტი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ზ-მა 28.07.2015წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ნოტარიუს ლ. გ-ის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ 11.02.2013წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული N... იძულებითი აუქციონის შედეგებისა და მის საფუძველზე 04.06.2013წ. გაცემული NA13010753-014/001 განკარგულების ბათილად ცნობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ: 12.06.2013წ. N...; 27.06.2013წ. N...; 23.01.2014წ. N...; 15.10.2014წ. N...; 23.12.2014წ. N... გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დ. ზ-ის საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2016წ. განჩინებით დ. ზ-ის სარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ 11.02.2013წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2016წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. პ-ი, ს. ა-ე, გ. ბ-ე და კერძო აღმასრულებელი ს. ნ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.2016წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2016წ. გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ზ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა კერძო აღმასრულებლის, ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააუქციონო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით კანონის, ან კანონქვემდებარე აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც გამორიცხავს 04.06.2013წ. გაცემული NA13010753-014/001 განკარგულების ბათილობის შესაძლებლობას. სადავო განკარგულების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სზაკ-ის შესაბამისი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 3.4 მუხლის "გ1 " ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ზ-ის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ არ გამოიყენა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 183.10 მუხლი, რომლის თანახმადაც სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი საჩივრდება სასამართლოში. "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 7.8 მუხლის შესაბამისად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. ამდენად, 04.06.2013წ. NA13010753-014/001 განკარგულებაზე სრულად ვრცელდება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 183.10 მუხლი, რომელიც არის სპეციალური ნორმა და უფრო გვიან მიღებული კანონი სზაკ-ის 3.4 მუხლის "გ1 " ქვეპუნქტთან შედარებით, რომლის გამოყენების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ განკარგულება არ სცნო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მასზე არ გაავრცელა სზაკ-ით დადგენილი მოწესრიგება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ N... იძულებით აუქციონში თ. პ-ის მხრიდან მონაწილეობის მიღება იყო არაკეთილსინდისიერი და მოჩვენებითი და არა იმ განზრახვით, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. თ. პ-ი ს. ა-ესთან ერთად უკანონო სამეწარმეო საქმიანობით 120 000 დოლარად ღირებული ბინის თვალთმაქცურად, ჯგუფურად მითვისების დაფარვაში მონაწილეობდა. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ზემოაღნიშნული გარემოება და დავის გადაწყვეტისას სკ-ის 54-ე, 56-ე მუხლები არ გამოუყენებია.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და შეფასების მიღმა დატოვა საქალაქო სასამართლოს 06.05.2016წ. საოქმო განჩინებით დადასტურებული ის გარემოება, რომ სადავო განკარგულება კასატორს ჩაბარდა 17.07.2015წ., შესაბამისად უკანონოა ამ თარიღამდე განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება, ვინაიდან განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაირღვა კასატორის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა კერძო საკუთრებით და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება. სადავო განკარგულების გამოცემისას დარღვეულია სზაკ-ის 52-ე, 54-ე, 58-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები. განკარგულება ეწინააღმდეგება მმართველობის "კანონიერების პრინციპს" და სახეზეა სზაკ-ის 601 მუხლით განსაზღვრული აქტის ბათილობის ორივე საფუძველი, კერძოდ აქტი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად არსებობს მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო უკანონოა განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლამდე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის სააღსრულებო პოლიციის მიერ კასატორის სადავო ბინიდან გამოსახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ნოტარიუს ლ. გ-ის მიერ კრედიტორის ს. ა-ის სასარგებლოდ, მოვალე დ. ზ-ის მიმართ 11.02.2013წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად ჩაბარდა კერძო აღმასრულებელს ს. ნ-ს. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 25.7 მუხლის შესაბამისად დ. ზ-ს გაეგზავნა წინადადება ვალდებულების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ, რომელიც 25.02.2013წ. ჩაბარდა დ. ზ-ის შვილს, მასვე ეცნობა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული წარმოების შესახებ და განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონსძიებათა შესახებ დატელური ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 04.06.2013წ. გაიცა NA313010753-014/001 განკარგულება, რომლის მიხედვითაც დ. ზ-ის უძრავი ქონების შემძენი გახდა თ. პ-ი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 183 .10 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ განკარგულება არ სცნო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რამეთუ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითებს სზაკ-ის 601 .1 მუხლის დარღვევის არარსებობაზე და გამორიცხავს სადავო განკარგულების ბათილობის შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიუთითებს კონკრეტულად "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 183.10 მუხლზე, არ ადასტურებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო განკარგულების სამართლებრივი ბუნების შეფასების თაობაზე. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია NA13010753-014/001 განკარგულების კასატორისათვის 17.07.2015წ. ჩაბარების ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია სადავო განკარგულება კასატორს 17.07.2015წ. ჩაბარდა, თუმცა სააღსრულებო საქმისწარმოების და იძულებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე იგი ინფორმირებული იყო 25.02.2013წ., შესაბამისად სადავო განკარგულების გამოცემამდე კასატორს ჰქონდა აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ქმედებების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც მას არ გამოუყენებია. ამდენად, არ არსებობს სადავო განკარგულების გამოცემამდე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი, ხოლო სადავო განკარგულება გამოცემულია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის, კერძოდ 75-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთანავე, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება დავის გადაწყვეტისას სკ-ის 54-ე, 56-ე მუხლების გამოყენების საჭიროებაზე, ვინაიდან დასახელებული მუხლებით შესაფასებელი გარემოებები სცილდება ადმინისტრაციული კატეგორიის დავის განხილვის ფარგლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2017წ. განჩინება;

3. კ. ზ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.03.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი