Facebook Twitter

ბს-1349(კ-18) 06 მარტი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ნ-მა და დ. ა-ემ 05.03.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 10.06.2016წ. N60502 გადაწყვეტილების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.08.2015წ. N3752 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხეთათვის გირაოს სახით შეტანილი თანხის - 3500 ლარის დაბრუნება და ზიანის სახით გირაოს შეტანისას და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არსებული კურსის გათვალისწინებით შესაბამისი სხვაობის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.08.2016წ. N3752 ბრძანება და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 10.06.2016წ. N60502 წერილი, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა გირაოს შემტანი პირისთვის - დ. ა-ისათვის გირაოს სახით შეტანილი თანხის - 3500 ლარის დაბრუნება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კ. ნ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების გამო, დ. ა-ის მიერ 28.05.2013წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსდა გირაოს თანხა - 3500 ლარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 25.07.2013წ. განაჩენით კ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. პალატამ ყურადღება გაამახვილა გირაოს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე და აღნიშნა, რომ მსჯავრდებული კ. ნ-ი საქართველოს პრეზიდენტის 02.10.2013წ. N02/10/01 განკარგულებით შეწყალებულ იქნა, განკარგულების მიხედვით კ. ნ-ი გათავისუფლდა როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელისაგან, ამდენად, აღარ არსებობდა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გირაოს თანხის განთავსების საფუძველი, განაჩენი აღარ ექვემდებარებოდა აღსრულებას, რის გამო გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაბრუნებოდა თანხის შემტან პირს - დ. ა-ეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.10.2013წ. განკარგულებით კ. ნ-ი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ამ მომენტისათვის გირაოს თანხა განთავსებული იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ხოლო განაჩენი, რომლითაც კ. ნ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 5000 ლარი, სააღსრულებო ბიუროს აღსრულების მიზნით წარედგინა 01.10.2013წ., ამდენად, კ. ნ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 01.10.2013წ., რის გამოც აღმასრულებელი არა უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გირაოს სახით განთავსებულ თანხაზე მიექცია აღსრულება. შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება სააღსრულებო ბიუროს წარედგინა აღსრულების განხორციელების შემდეგ, 15.03.2016წ. გირაოს თანხა გადაირიცხა ბიუჯეტში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ არ არსებობს შეწყალების აქტის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებული პირის მიმართ ჯარიმის გადახდევინების მიზნით იძულებით აღსრულების ღონისძიებების გატარების საფუძველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კ. ნ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების გამო, დ. ა-ის მიერ 28.05.2013წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსდა გირაოს თანხა - 3500 ლარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 25.07.2013წ. განაჩენით კ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდევინების მიზნით 26.09.2013წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული 01.10.2013წ.. 02.10.2013წ. გამოცემულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება კ. ნ-ის შეწყალების შესახებ, კ. ნ-ი გათავისუფლდა როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელისაგან, ამდენად, აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო ქმედებების განხორციელებამდე, მათ შორის კ. ნ-ისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნამდე, აღარ არსებობდა დამატებითი სასჯელის - ჯარიმის გადახდევინების მიზნით სააღსრულებო წარმოების გაგრძელების საჭიროება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 281 მუხლის თანახმად, მართალია აღმასრულებელი უფლებამოსილია სათანადო წინაპირობების არსებობისას მაოხდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე, თუმცა აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა აღსრულების ქვემდებარე აქტი. განსახილველ შემთხვევაში პრეზდენტის განკარგულებით შეწყალებულ იქნა კ. ნ-ი, მსჯავრდებული გათავისუფლდა დამატებითი სასჯელის, ჯარიმის - 5000 ლარის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, შესაბამისად, გამოირიცხა განაჩენის აღსრულების საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ადასტურებენ გადამხდელისათვის გირაოს თანხის დაბრუნების დამაბრკოლებელი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებების არსებობას. ის ფაქტი, რომ 15.03.2016წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული გირაოს თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, არ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, რადგან საქმის მასალებით დადასტურდა გირაოს თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობა შეწყალების აქტის მიღებიდან - 2013 წლის 02 ოქტომბრიდან, აღმასრულებლის მიერ ბიუჯეტში თანხის გადარიცხვამდე დაახლოებით სამი წლით ადრე. ამდენად, აღსრულება განხორციელდა იმ დროს, როდესაც ამის ობიექტური საჭიროება და ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2017წ. განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.10.2018წ. N15834 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი