საქმე №ბს-518(კ-19) 2 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. გ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მესამე პირები: ო. დ-ე, აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-ემ 2017 წლის 13 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35076 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N03/26818 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის როგორც კრედიტორისთვის დ. გ-ის მიმართ იძულებითი აღსრულების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით დ. გ-ის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით №3/321-17წ. ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო ჩაბმულ
იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; №3/321-17წ ადმინისტრაციულ საქმეში ო. დ-ე ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის №35076 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N03/26818 გადაწყვეტილება; დაევალა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოითხოვს სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა დ. გ-ის მიმართ (03.09.2009 წლის N1/506/06 სააღსრულებო ფურცელი). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. ამგვარად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება. ამასთან, საგულისხმოა, რომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შეზღუდულია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებით დაეხმაროს მხარეებს სასურველი შედეგის მიღწევაში.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანებისა და დ. გ-ეზე სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხების იდენტურობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დ. გ-ეს (შპს „...ის“ დირექტორი) ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, დ. გ-ემ, როგორც შპს „...ის“ დირექტორმა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში განზრახ აარიდა თავი 157 150 ლარის ოდენობით ძირითად გადასახადს. სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო შპს-ს დირექტორის მიერ გადასახადებისათვის თავის არიდებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა უშუალოდ შპს-ს დირექტორისათვის შესაბამისი თანხის დაკისრების გზით, რაც განხორციელდა კიდეც შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოება - რას წარმოადგენდა თანხა, რომელიც დაეკისრა დ. გ-ეს. ერთი მხრივ, სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოსარჩელისთვის დაკისრებული 157 150 ლარი წარმოადგენდა გადასახადს, რომლის გადახდასაც განზრახ თავი აარიდა დ. გ-ემ, როგორც შპს „...ის“ დირექტორმა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე. აღნიშნული თანხა, საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი კეთილსინდისიერების ფარგლებში განხორციელების შემთხვევაში გადასახდელი ექნებოდა შპს „...ს“. კერძოდ, აღნიშნული თანხები წარმოადგენდა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე გადასახდელ მოგების, საშემოსავლო, საგზაო ფონდის, სოციალურ გადასახადებსა და მათზე დარიცხულ ჯარიმებსა და საურავებს. დ. გ-ის ქმედება გამოიხატა სწორედ ამ გადასახადებისაგან განზრახ თავის არიდებაში, ანუ როცა საზოგადოება დირექტორის მიერ გამოყენებულ იქნა არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. მეორე მხრივ, სახელმწიფომ გამოხატა ნება გადასახადის გადამხდელის მიმართ და აპატია გარკვეულ პერიოდამდე არსებული საგადასახადო დავალიანება. ამგვარად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ „ქვეპუნქტის“ მიხედვით არსებული გადასახადების პატიება შპს „...ისთვის“ გულისხმობს, შესაბამისი შეღავათების გავრცელებას დ. გ-ის მიმართაც, ვინაიდან დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს ფულადი ვალდებულება სახელწიფო ბიუჯეტის მიმართ. ამასთან, დ. გ-ემ სისხლის სამართლის წესით აგო პასუხი ჩადენილი ქმედებისათვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს N-1-506 განაჩენით დ. ს. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, დ. გ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დ. გ-ეს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ამგვარად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას, რომ არსებობს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დ. გ-ისთვის საგადასახადო ვალდებულების ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე