#ბს-263(კ-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 21 მაისს თ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ 2001 წლის 9 ივნისს, ერთი მხრივ, საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს ... წლის 2 ივნისის #... ბრძანებით დანიშნული ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორს და მეორე მხრივ, თ. ლ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რომლის საგანს წარმოადგენს ახალციხის ...ის ფაბრიკის ...ის ...ი ...ი ერთ სართულზე, ...ო ფართი - 30 კვ.მ და ...ი შენობა 2016 კვ.მ ფართით) დადებულად აღიარება და თ. ლ-ის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ ... წლის 30 მაისს გამოცემულ იქნა დადგენილება, რომლის საფუძველზეც, ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრირებული საწარმოები, მათ შორის, ახალციხის ...ის ფაბრიკა. ... წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება #..., რომლის საფუძველზეც სალიკვიდაციო საწარმოების მიხედვით დანიშნულ იქნენ ლიკვიდატორები, ხოლო ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორად დანიშნულ იქნა გ. დ-ე. საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს ... წლის 2 ივნისის #... ბრძანებით დანიშნული ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორს, გ. დ-ესა და თ. ლ-ეს შორის 2001 წლის 9 ივნისს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ახალციხის ...ის ფაბრიკის ...ის ...ი ...ი ერთ სართულზე, ...ო ფართი 30 კვ.მ და ...ი შენობა 2016 კვ.მ ფართით. ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ფასი განისაზღვრება 820 ლარის ოდენობით, რაც თ. ლ-ის მიერ სრულად იქნა გადახდილი, ასევე მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ გამყიდველმა გადასცა ნივთი, ხოლო მყიდველმა - თ. ლ-ემ მიიღო იგი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა 2001 წლის 9 ივნისს საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს ... წლის 2 ივნისის #... ბრძანებულებით დანიშნული ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორს გ. დ-ესა და მეორე მხრივ, თ. ლ-ეს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტი ნასყიდობის ხელშეკრულებად; ამასთან, სახელმწიფო ბაჟი გადახდილად ჩაითვალა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელე თ. ლ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 300 ლარის გადახდილად ჩათვლის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე თ. ლ-ის მიერ, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 300 ლარიდან 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თ. ლ-ის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი 200 ლარი დაუბრუნდა მოსარჩელეს; დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, 327-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 328-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში ნამდვილი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულება - ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის სამართალურთიერთობის არსებობას, არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რაც გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ. მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. სამართლებრივი შედეგი შეიძლება ნიშნავდეს როგორც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მხარეებს შორის, ისე არსებული უფლება-მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას. ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის მეშვეობით. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით. იმისათვის, რომ ხელშეკრულების ესა თუ ის პირობა შეთანხმებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ მასზე შედგეს კონსესუსი, თუმცა თავად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საკმარისია, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე შეთანხმდებიან. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის სახით სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ ფორმაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც პალატამ აღნიშნულ ნაწილში გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 100 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თ. ლ-ის სასარგებლოდ, ხოლო 200 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე თ. ლ-ეს, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, როგორც დღევანდელი, ისე იმდროისათვის მოქმედი კანონმდებლობა, უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობას უკავშირებდა რთული წერილობითი ფორმით შედგენილი ხელშეკრულების არსებობას და აღნიშნული დოკუმენტის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში. განსახილველ შემთხვევაში კი, ხელშეკრულება საერთოდ არ არსებობს. კასატორის მითითებით, სასამართლომ გ. დ-ესა და თ. ლ-ეს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტი მიიჩნია ნასყიდობის ხელშეკრულებად. მაშინ, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მისი დამოუკიდებელ მტკიცებულებად მიჩნევა არ შეიძლება. მიღება-ჩაბარების აქტის სამართლებრივი ბუნება და მნიშვნელობა განსხვავებულია ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისა და მნიშვნელობის. ცალსახაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობას უკავშირებდა არა ყოველგვარ საბუთს, არამედ სათანადო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში. აღნიშნული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 25 ოქტომბრის #1-3/750 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების“ მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდაციას ახორციელებდა ლიკვიდატორი. ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ ... წლის 30 მაისს გამოცემული #3/44 დადგენილების საფუძველზეც ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრირებული საწარმოები, მათ შორის, ახალციხის ...ის ფაბრიკა, ხოლო ... წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს მიერ გამოიცა #... ბრძანება, რომლის საფუძველზეც ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორად დაინიშნა გ. დ-ე, რომელსაც უფლება ჰქონდა მოეხდინა საწარმოს ლიკვიდაცია.
საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს ... წლის 2 ივნისის #... ბრძანებით დანიშნულ ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორს, გ. დ-ესა და თ. ლ-ეს შორის 2001 წლის 9 ივნისს შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც, გამყიდველმა საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს ... წლის 2 ივნისის #... ბრძანებით დანიშნულმა ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორმა, გ. დ-ემ მყიდველს - თ. ლ-ეს საკუთრებაში გადაცა ახალციხის ...ის ფაბრიკის ...ის ...ი ...ი ერთ სართულზე, ...ო ფართი - 30 კვ.მ და ...ი შენობა - 216 კვ.მ ფართით. ...ის ...ი ...ის ღირებულებაა 120.00 ლარი, ხოლო ...ი შენობის 700 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სწორედ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს ... წლის 2 ივნისის #... ბრძანებით დანიშნულ ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორსა და თ. ლ-ეს შორის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფორმას სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლი აწესრიგებს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და განმარტებებს მასზედ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის სახით სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ ფორმაზე, იგი აკმაყოფილებს როგორც მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ასევე 2001 წელს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე და 328-ე მუხლების მოთხოვნებს; ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტის სახით სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც გამოხატულია მხარეთა ნება, ამასთან, მიღება ჩაბარების აქტში ცალსახად მითითებულია ღირებულება და საქმეში წარმოდგენილი სალაროს შესავლის ქვითრით დადგენილია თ. ლ-ის მიერ ზემოაღნიშნული თანხის სრულად გადახდის ფაქტი, რის გამოც სასამართლოს მიერ მართებულად იქნა აღიარებული ახალციხის ...ის ფაბრიკის ლიკვიდატორს გ. დ-ესა და თ. ლ-ეს შორის დადებული მიღება-ჩაბარების აქტი ნასყიდობის ხელშეკრულებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი