Facebook Twitter

№ბს-267-267(კ-18) 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 1 აგვისტოს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – თ. ფ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 19 ივნისის №141 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად, თ. ფ-ეს საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩების კვეთაში შპს ,,...“-ის მიერ მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, სადარბაზო №1, სართული მე-3, ბინა №11-ში მდებარე 75 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (ს/კ N...) მომავალი საკუთრების უფლებით, რაზეც 2012 წლის 4 ივლისს სამინისტროსა და თ. ფ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, შემდეგი ვალდებულებების შესრულების პირობით: 1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ნასყიდობის ფასის 1 ლარის გადახდა (რომელიც მოსარჩელის მითითებით შესრულდა) და 2. ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში თ. ფ-ის სარგებლობაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 67,53 საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება, რომელიც მოსარჩელის მითითებით, არ შესრულებულა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი გამოთავისუფლდა 2016 წლის 18 მარტიდან ერთი თვის ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მყიდველს ერიცხება ჯარიმა ქონების ღირებულების (60083 ლარი) 0,5%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან - 2012 წლის 5 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 300,41 ლარი), კერძოდ 2016 წლის 18 აპრილამდე პირგასამტეხლო შეადგენდა 378 516,60 ლარს, რაც მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თ. ფ-ისთვის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ 378 516,60 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ჰ...ი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე თ. ფ-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა - 100 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მოთხოვნები. მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში. კერძოდ, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები და ხელშეკრულების პირობები, რაც ანიჭებდა კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში - უნდა განისაზღვროს - 100 ლარით ოდენობით. სასამართლომ აქვე დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 14 ივლისის შეთანხმების პირობები თ. ფ-ის და მისი ოჯახის წევრების მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული და მის მიმართ მესამე პირს რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, რაც ასევე დასტურდებოდა შპს „ჰ...ის“ 2016 წლის 17 ივნისის №01-16/031 წერილით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თ. ფ-ეს №01-9/2777 წერილით მიმართა მხოლოდ 2016 წლის 4 ივლისს, ანუ ხელშეკრულების დადებიდან 4 წლის და 3 დღის გასვლის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ „მყიდველს“ თ. ფ-ეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში უნდა გამოეთავისუფლებინა მის სარგებლობაში არსებული ფართი, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 4 ნომბრიდან ანუ ხელშეკრულების დადებიდან 4 თვის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის 3-წლიანი ვადა იწურებოდა 2015 წლის 4 ნოემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, იგივე მოსარჩელის (აპელანტის) მიერ გაშვებულ იქნა მოთხოვნის 3-წლიანი ვადა, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება თ. ფ-ეს არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია, მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლო ვერ გასცდებოდა და ვერ იმსჯელებდა სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლებზე, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებისთ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ ამოწურულა და მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაც არ გასულა, რადგან ნასყიდობა იყო პირობადებული და მყიდველი ვალდებული იყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების პირობები განგრძობადია და მოქმედებს მის სრულად შესრულებამდე.

კასატორი ასევე არ ეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირებას. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს შემცირებით სასამართლო გასცდა დავის საგანს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

2018 წლის 12 ივნისს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა თ. ფ-ის #... გარდაცვალების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-267-267(კ-18) მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) - თ. ფ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით თ. ფ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა - ლ. ფ-ე; განახლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ თ. ფ-ისთვის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ 378 516,60 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე თ. ფ-ეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა - 100 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო თ. ფ-ეს მითითებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაშვებულ იქნა მოთხოვნის 3-წლიანი ვადა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 19 ივნისის №141 ბრძანების საფუძველზე, 2012 წლის 4 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თ. ფ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ფ-ეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად, პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ...ის/...ის ქუჩების კვეთაში შპს ,,...“-ის მიერ მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, სადარბაზო №1, სართული მე-3, ბინა №11-ში მდებარე 75 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (ს/კ N...).

2012 წლის 4 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ხოლო 3.2. პუნქტით განისაზღვრა მყიდველის თ. ფ-ის ვალდებულებები, კერძოდ, „მყიდველი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადაში გადაიხადოს ნასყიდობის ფასი და მიაწოდოს გამყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში გამოათავისუფლოს მის სარგებლობაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 67.53 კვ.მ საცხოვრებელი ფართი; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია „გამყიდველს“; დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.“

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 19 ივნისის №141 ბრძანებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 21 ივნისის №159 ბრძანების საფუძველზე 2012 წლის 4 ივლისის სამინისტროსა და თ. ფ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არასათანადო შესრულების გამო, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ თ. ფ-ე დასახელებული ფართის მომავალ მესაკუთრედ რეგისტრირებულია 2012 წლის 16 ივლისიდან, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტობრივად აღნიშნული ფართის გადაცემა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეძლო, რადგანაც შპს „...“-ის სახელზე არსებული ბინა იყო მშენებარე და მშენებლობა არ დასრულებულა იმ ვადებში, რაც მხარეებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებისთვის ჰქონდათ იგივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული (აღნიშნულს მხარეები სადავოდ არ ხდიან).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დაადასტურა თ. ფ-ემ 2016 წლის 21 ივლისის განცხადებით, რომლითაც ის მიმართავს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აღნიშნავს, რომ 2012 წლის 4 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა მისი მიზეზით, კერძოდ მშენებარე ბინის (კარკასის) საცხოვრებელი ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად შპს „ჰ...ს“ მათთვის (ოჯახისთვის) უნდა გადაეცა საჭირო თანხა, რის შესახებაც ცნობილი იყო სამინისტროსთვის. ამ თანხის ნაწილის გადახდა მოხდა მხოლოდ 2015 წელს, ხოლო მეორე ნაწილის 2016 წლის 18 მარტს, რის შემდეგაც მის მიერ დაიცალა ფართი.

შპს „ჰ...სა“ და თ. ფ-ეს შორის არსებული გარიგება დასტურდება 2015 წლის 14 ივლისის შეთანხმებით და სს „...ის“ ბათუმის ფილიალის ანგარიშიდან ამონაწერით ანუ იმ შემთხვევაში თუ თ. ფ-ე მის სარგებლობაში არსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 67,53 კვ.მ საცხოვრებელ ფართს გამოათავისუფლებდა ხელშეკრულების დადებიდან 4 თვის განმავლობაში, ის, მისი ოჯახის წევრებთან ერთად 2016 წლის ივლისამდე ვერ შეძლებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან შეძენილ ქ. ბათუმში, ...ის/...ის კვეთაში, სადარბაზო 1-ლი, მე-3 სართული, ბინა №11-ში მდებარე 75 კვ.მ (ს.კ. ...) საცხოვრებელ ფართში შესახლებას, რადგან ბინა იყო მშენებარე ე.წ. „კარკასული“ ტიპის, რაც მის გარემონტებამდე შეუძლებელს ხდიდა იქ ცხოვრებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თ. ფ-ეს შორის 2012 წლის 4 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ“ პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია მყიდველის - თ. ფ-ის მიზეზით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი