#ბს-324(კ-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 19 ივლისს შპს „…ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „…ას“ შორის არსებული დავის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის #45/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის მერმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „…ის“ მიმართ არსებული დავალიანების ხანდაზმულად ცნობა. კომისიის მიერ დაკმაყოფილდა მოთხოვნა და დაავალა კომპანიას ჯამში 112 298,12 ლარის დაკორექტირება გორის მუნიციპალიტეტის პირად ბარათზე. მოსარჩელის მოსაზრებით, გორის მუნიციპალიტეტის დავალიანება კომპანიის მიმართ არასწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად, ვინაიდან გორის მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებულია ვალის არსებობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმეში მესამე პირად ჩაება გორის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „…ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მითითებით, სასმელი წყლის საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, აბონენტს თითოეული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის საფასური მეორე თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა, შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ კომპანიის მოთხოვნა აბონენტის მიერ თითოეული თვის განმავლობაში გახარჯული სასმელი წყლის საფასურის ანაზღაურებაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, ექვემდებარება ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 27 ოქტომბრის #3449 წერილი, რომლითაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეფარა დავალიანება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, არ მიიჩნია უკვე არსებული ვალის გადახდის ვალდებულების დადასტურებად ამღიარებლის მხრიდან. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, კანონიერია სადავო აქტი, რომლითაც ხანდაზმულად იქნა მიჩნეული გორის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 341-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოხატულ იქნა მზადყოფნა დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად გულისხმობს არსებული ვალის აღიარებას. კასატორისთვის გაუგებარია, რა გარემოებებზე მითითებით არ მიიჩნია სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის წერილი ვალის აღიარებად, ვალის გადახდის შესახებ მზადყოფნის გამოხატვის წერილობითი ფორმის მიუხედავად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის #45/15 გადაწყვეტილების კანონიერება. სადავო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება და ხანდაზმულად იქნა მიჩნეული გორის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანებები შპს „…ის“ მიმართ და კომპანიას აბონენტების პირადი აღრიცხვის ბარათებში ცვლილებების შეტანა და ხანდაზმულად მიჩნეული დავალიანებების ჩამოწერა დაევალა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო ამავე კოდექსის 129.1 მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მითითებული კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ,
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მომხმარებელსა და კომპანიას შორის სასმელი წყლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, ამასთანავე, ვინაიდან სასმელი წყლის მიმდინარე საფასურის გადახდა ყოველთვიურად ხორციელდება, სასმელი წყლის საფასურის გადახდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს მომხმარებლისაგან შესაბამისი საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ ყოველთვიურად, მომხმარებლისათვის მიცემული გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგ. ამდენად, მოთხოვნა სასმელი წყლის საფასურის ანაზღაურებაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე, ექვემდებარება ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. მითითებული კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ვალის აღიარების ხელშეკრულება ცალმხრივი გარიგებაა, ვინაიდან ის მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ და ადასტურებს ვალის ამღიარებლის მოვალეობას, შეასრულოს არსებული ვალდებულება. ვალის აღიარება უნდა განხორციელდეს არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. გარდა ამისა, პირის მიერ ნების გამოვლენისას ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი და მკაფიოდ უნდა იქნეს ჩამოყალიბებული მოვალის მიერ, განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შესრულების სურვილი.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, 2016 წლის 27 ოქტომბრის #3449 წერილით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა, დაეფარა დავალიანება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული წერილი ვერ ჩაითვლება უკვე არსებული ვალის გადახდის ვალდებულების დადასტურებად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაუშვებელია ვალის აღიარება ატარებდეს აბსტრაქტულ ხასიათს, აღიარება უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ამასთან, პირის მიერ ნების გამოვლენის ვალის აღიარებად მიჩნევისათვის ნათლად უნდა იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია მომთხოვნის ვალი ანუ ნების გამოვლენა ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს ვალის არსებობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანებები შპს „…ის“ მიმართ მართებულად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის #45/15 გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „…ას“ საკასაციო საჩივარზე 28.02.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „…ას“ (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. შპს „…ას“ (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.02.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი