Facebook Twitter

#ბს-359(კ-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 თებერვალს პ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების და პ. ო-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადის გაშვების გამო) ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის პ. ო-ის საკუთრებაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, ...ის ქუჩა, ... კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ამ მიზნით საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.

2017 წლის 25 აპრილს პ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...ის“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და გ. კ-ას მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს #1/1-5141 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე საჯარო რეესტრის 2015 წლის 15 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, ს...ოს კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს ...ის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.06.2016 წლის #1/1-2099 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის #... გადაწყვეტილების (შპს ს...ზე კუთვნილების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს/კ ...), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს ...ის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში ს...ს 06.07.2016 წლის #1/37 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.07.2016 წლის #... გადაწყვეტილებისა და შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის (უძრავ ნივთზე ს/კ ...), გ. კ-ასა და შპს „...ას“ შორის 03.08.2016 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის სხდომაზე ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

მოსარჩელის მითითებით, იგი 1995 წლიდან დაუფლებულია ... კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში. ნაკვეთზე განთავსებული იყო ნაგებობა, რომელსაც იყენებდა საცხოვრებლად, ამასთანავე ეწეოდა ... ვაჭრობას. 2008 წელს განცხადებით მიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე წლის განმავლობაში არანაირი პასუხი არ მიუღია.

მოსარჩელის მითითებით, 08.07.2015წ. მან კვლავ მიმართა კომისიას და მოითხოვა განცხადების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების განახლება. კომისიამ კი თავისი 23.09.2015წ. გადაწყვეტილებით აცნობა, რომ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 04.03.2016წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ პ. ო-ის განცხადების სრულყოფილად შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მათი შეფასების შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. მოსარჩელის მითითებით, ხსენებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიუხედავად მოპასუხემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და არ გამოსცა შესაბამისი აქტი, რაც გახდა სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვის საფუძველი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების დროს მას გადაეცა საკრებულოს კომისიის შესაგებელი, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ გადაფარული აქვს უკვე რეგისტრირებული ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია ... . ხსენებული ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა 15.12.2015წ. შემდეგ კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.06.2016წ. გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა შპს „ს...ოს“ საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული შპს-ს 100% წილი ეკუთვნოდა სახელმწიფოს. მითითებული კომპანიის სხვა კომპანიებთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა შპს „...ა“, რომელმაც თავის მხრივ, გ. კ-ასთან გააფორმა ამავე მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნაგებობაზე იჯარის ხელშეკრულება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 08.12.2015 წლის #1/1-5141 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.12.2015 წლის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ს/კ ...); ბათილად იქნა ცნობილი ს...ს კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს ...ის მიმდებარე ტერიტორიის მიმდებარე ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.06.2016წ. #1/1-2099 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს...ზე“ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) კუთვნილების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს ...ის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში ს...ს 06.07.2016 წლის #1/37 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.07.2016 წლის #... გადაწყვეტილება და შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (ს/კ ...); ბათილად იქნა ცნობილი გ. კ-ასა და შპს „...ას“ შორის 03.08.2016 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება; მოსარჩელე პ. ო-ის სასარჩელო მოთხოვნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კომისიას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 04.03.2016 წლის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა; სხვა ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა კომისიის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „...ამ“ და გ. კ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან გამოეყო პ. ო-ის სასარჩელო მოთხოვნები ს...ს კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს ...ის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 28.06.2016 წლის #1/1-2099 ბრძანების, შპს ს...ზე კუთვნილების უფლების რეგისტრაციის უძრავ ქონებაზე ს/კ ... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.06.2016 წლის #... გადაწყვეტილების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს ...ის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში ს...ს 06.07.2016 წლის #1/37 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.07.2016 წლის #... გადაწყვეტილებისა და შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის (უძრავ ნივთზე ს/კ ...), გ. კ-ასა და შპს „...ას“ შორის 03.08.2016 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...ისა“ და გ. კ-ას სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრის #1/1-5141 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე ს/კ ... სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება; არ დაკმაყოფილდა პ. ო-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრის #1/1-5141 ბრძანების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე ს/კ ... სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, ასევე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, პ. ო-ი სადავოდ ხდის განსჯადობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებასა და საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებას.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განისაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელსაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აწესრიგებს. კასატორის მითითებით, ყველა მოთხოვნა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობიდან და სარჩელი სწორად იყო წარდგენილი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ საქმე საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე სწორად იქნა განხილული.

კასატორის მითითებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...ისა“ და გ. კ-ას მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო ვერ აღსრულდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კასატორის განმარტებით, გ. კ-ა თავდაპირველად თავად ცდილობდა მიწის ნაკვეთის ლეგალიზაციას, როგორც თვითნებურად დაკავებულს. გ. კ-ას მიერ წარდგენილი ნახაზის საფუძველზე ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა უძრავი ქონება, რომელიც შემდგომ გ. კ-ამ გადასცა მის მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ საწარმოს. აღნიშნულმა საწარმომ კი, თავის მხრივ, ეს ქონება გადასცა მეორე საწარმოს.

კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის მომენტისათვის არ ყოფილა გამოკვლეული ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარემოებები. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ამავე ქონების ლეგალიზაციის მოთხოვნით ხომ არ იყო წარდგენილი განაცხადი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ პირობებში დადგინდებოდა აღიარების კომისიასთან სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ, ასევე მისი კანონიერი ინტერესი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ო-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს #1/1-5141 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე საჯარო რეესტრის 2015 წლის 15 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების და პ. ო-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადის გაშვების გამო) კანონიერება. ამასთან, მოთხოვნილია საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის პ. ო-ის საკუთრებაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, ...ის ქუჩა, ... კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ამ მიზნით საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს პ. ო-მა წარადგინა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ კომისიამ განიხილა პ. ო-ის განცხადება და 2018 წლის 27 ივნისს მიიღო #272 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პ. ო-ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. 2018 წლის 27 ივნისის #272 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით პ. ო-მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. ამდენად, დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია, რის გამოც ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ 2015 წლის 8 დეკემბრის #1/1-5141 სადავო ბრძანებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რათა განეხორციელებინა დანართ #1–ში (კურორტი ბახმარო, ...ის მიმდებარე ტერიტორია, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... კვ.მ მიწის ნაკვეთი) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ბრძანებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აკმაყოფილებდა მოქმედ კანონმდებლობას, არ ფიქსირდებოდა მესამე პირთა საკუთრების უფლება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას, რის გამო არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამასთან, განსჯადობის წესზე მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტა მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, თუმცა საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებასთან დაკავშირებით მხარეს განუმარტოს, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, ის სასარჩელო მოთხოვნები, რომელიც აღნიშნული განჩინების საფუძველზე განსახილველად გადაეცა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით, მართებულად გადაწყვიტა განსჯადობის საკითხი.

რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მხარის შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარის კანონიერებასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტას მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ამასთან, მითითებული დავის გადაწყვეტამდე საქმეში არსებული გარემოებები იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც კანონიერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინება. ამასთან, აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე ასევე არ არსებობს საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან პ. ო-ს საკასაციო საჩივარზე 04.03.2019წ. გადახდის დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პ. ო-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. პ. ო-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.03.2019წ. გადახდის დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი