Facebook Twitter

#ბს-423(2კ-19) 26 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 23 იანვარს ზ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მის მიზანს ქ. თბილისში, ...ის დასახლება მე-3 მ/რ, კვარტალი I, კორპ. #10-ში მდებარე ბინა #2-ზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებს. სადავო აქტებით არასწორად იქნა დადგენილი, რომ ბინა მ. ს-ას საკუთრებად არის რეგისტირებული. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე ბინაზე კერძო საკუთრება არ არის რეგისტრირებული.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 ივნისის #5/20159 წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 19 დეკემბრის #1-1/390 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. ს-ა და ჰ. ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 ივნისის #5/20159 წერილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 19 დეკემბრის #1-1/390 ბრძანება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მ. ს-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

2017 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე მთავარ სხდომაზე წარდგენილ იქნა აპელანტ (მესამე პირის) მ. ს-ას გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ს-ა გარდაიცვალა 2016 წლის 26 ივლისს. მხარემ აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს წინაშე მ. ს-ას სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტის (მესამე პირის) - მ. ს-ას გარდაცვალების გამო, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

2017 წლის 13 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიმართა ა. ს-ას წარმომადგენელმა და 2017 წლის 31 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ასლი წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ს-ამ, როგორც მამკვიდრებლის - მ. ს-ას მემკვიდრემ - ძმისშვილმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივები და პასივები (მამკვიდრებლის ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება; სააპელაციო საჩივრის ავტორის - მ. ს-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა. ს-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა. ს-ას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ქ. თბილისში, ...ის დასახლება მე-3 მ/რ, კვარტალი I, კორპუს #10-ში მდებარე ბინა #2-ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ზ. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო კერძო საკუთრება. თუმცა სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის ქ. თბილისში, ..ის დასახლება მე-3 მ/რ, კვარტალი I, კორპ. #10-ში მდებარე ბინა #2-ზე კერძო საკუთრება რეგისტრირებული არ იყო.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებული იყო გასაჩივრებული აქტებით უარის თქმის საფუძვლის შეუსაბამობა რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა უნდა განეხილა მხარის მიერ წარდგენილი განაცხადება, ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა და შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული - მ. ს-ა (უფლებამონაცვლე - ა. ს-ა), რომელსაც 1994 წლის 5 თებერვლის პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 6 მაისს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ჰქონდა აღრიცხული საცხოვრებელი ბინა, დავობს ამავე ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე და სასამართლო განხილვა ჯერ არ არის დასრულებული.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს „ქონების მმართველის უფლებამოსილებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #390 დადგენილებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #391 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია და პრივატიზებაზე გადაწყვეტილების მიღება, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ - სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის #391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, მართალია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას და შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს ქონებაზე სახელმწიფო ინტერესის არსებობასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე, სააგენტოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედების განხორციელება.

კასატორის მითითებით, უდავო ფაქტია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 21 მარტის წერილი, რომლითაც ზ. ლ-ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბილისში, ...ის დას., მე-3 მ/რ-ნი, კვ. 1, კორპ #10-ში მდებარე, ბინა #2-ზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო, წინააღმდეგობაშია (სააგენტოს სადავო აქტის გამოცემიდან დღემდე) #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერებთან, რისი გადამოწმებაც სასამართლოსათვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. ამას გარდა, როგორც სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი მოპასუხეებისათვის, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს წარმოებაშია დავა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ს-ას შორის, სწორედ ბინა #2-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ისევე, როგორც დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, იკვეთებოდა თუ არა აქტების მიმართ მოსარჩელის კონკრეტული იურიდიული ინტერესი, მაშინ, როდესაც სააგენტო არ წარმოადგენს უძრავი ქონების პირდაპირი წესით განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო რაც შეეხება პირველადი მიმართვის საფუძველზე ან საკითხის ინიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, იგი სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორები დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 4 ივნისის #5/20159 წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 19 დეკემბრის #1-1/390 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ქ. თბილისში, ...ის დასახლება მე-3 მ/რ, კვარტალი I, კორპუს #10-ში მდებარე ბინა #2-ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ზ. ლ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო კერძო საკუთრება. თუმცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის ქ. თბილისში, ...ის დასახლება მე-3 მ/რ, კვარტალი I, კორპ. #10-ში მდებარე ბინა #2-ზე კერძო საკუთრება რეგისტრირებული არ იყო, რაც დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმაც.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია გასაჩივრებული აქტებით უარის თქმის საფუძვლის შეუსაბამობა რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა განიხილოს მხარის მიერ წარდგენილი განაცხადება, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი