Facebook Twitter

#ბს-495(კს-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ვ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 27 თებერვალს ვ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის #000881 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 იანვრის #1-29 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. რ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ვ. რ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აპელანტ ვ. რ-ეს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 50 ლარის ოდენობით (დედნის სახით), ასევე დაევალა სააპელაციო საჩივარში მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ არაერთხელ გაეგზავნა აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ იქნა ჩაბარებული მისთვის. ამიტომ, მითითებული განჩინება საჯარო შეტყობინებით ჩაჰბარდა აპელანტ ვ. რ-ეს 2019 წლის 28 იანვარს. სასამართლოს მითითებით, ვ. რ-ე ვალდებული იყო განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ანუ 2019 წლის 4 თებერვლის ჩათვლით შეევსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც არ გაუკეთებია. ამასთანავე, მას დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეს თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან აპელანტ ვ. რ-ეს დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზი, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას და წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. რ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისას მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, რაც გამოწვეული იყო გაუგებრობით, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებულია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარი.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, დაინტერესებულია საქმის განხილვით. ვ. რ-ე აღნიშნავს, რომ იგი სააპელაციო სასამართლოდან ელოდებოდა როგორც ტელეფონზე დარეკვას, ასევე სასამართლო უწყების მიღებას. სარჩელში საკონტაქტო პირად მითითებული იყო ა. კ-ი მობილურის ნომრით: ... .

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი ასაკოვანია და ფაქტობრივად, სულ სახლშია, იშვიათად უწევს სახლიდან გასვლა, ისიც ექიმთან.

ვ. რ-ე ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ხარვეზი უნდა შეავსოს, თუმცა არ ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ ვერ მოხერხდა ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარება და საჭირო გახდა საჯარო შეტყობინება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო მისთვის დაერეკათ და როგორმე მივიდოდა სასამართლოში, სადაც ჩაიბარებდა ხარვეზის განჩინებას. ვ. რ-ის მითითებით, მისთვის არავის დაურეკავს და არც მისამართზე მიუტანია გზავნილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით ვ. რ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ვ. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ვ. რ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და მას დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის დამატებით წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 50 ლარის ოდენობით (დედნის სახით), ან წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები; ვ. რ-ეს ასევე დაევალა სააპელაციო საჩივარში მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა, მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ არაერთხელ გაეგზავნა აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ იქნა ჩაბარებული მისთვის. ამიტომ, მითითებული განჩინება საჯარო შეტყობინებით ჩაჰბარდა აპელანტ ვ. რ-ეს 2019 წლის 28 იანვარს. სასამართლოს მითითებით, ვ. რ-ე ვალდებული იყო განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, ანუ 2019 წლის 4 თებერვლის ჩათვლით შეევსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც არ გაუკეთებია. ამასთანავე, მას დადგენილ ვადაში არ მოუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. რ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი იზიარებს იმ გარემოებას, რომ ხარვეზი უნდა შეავსოს, თუმცა არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ვერ მოხერხდა მისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება, რის გამოც საჭირო გახდა საჯარო შეტყობინება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას სარჩელში საკონტაქტო პირად მითითებული ჰყავდა ა. კ-ი მობილურის ნომრით: ... . იგი სააპელაციო სასამართლოდან ელოდებოდა როგორც ტელეფონზე დარეკვას, ასევე სასამართლო უწყების მიღებას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო მისთვის დაერეკათ და როგორმე მივიდოდა სასამართლოში და ჩაიბარებდა ხარვეზის განჩინებას. ვ. რ-ის მითითებით, მისთვის არავის დაურეკავს და არც მისამართზე მიუტანიათ გზავნილი.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი - ვ. რ-ე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინების მისთვის ჩაბარების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება არაერთხელ გაეგზავნა აპელანტს - ვ. რ-ეს, თუმცა ადრესატისათვის სასამართლო განჩინების ჩაბარება ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. რის შედეგადაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით დაადგინა, რომ აპელანტ ვ. რ-ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაცნობა უნდა განხორციელებულიყო საჯარო შეტყობინების გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არაერთხელ გაუგზავნა სასამართლო განჩინება აპელანტს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საჯარო შეტყობინების წესები და სასამართლო განჩინების ჩაბარება მხარისათვის სწორედ აღნიშნული გზით უზრუნველეყო, თუმცა მხარის საპროცესო უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, საჯარო შეტყობინების გამოყენებამდე მოცემულ შემთხვევაში სასურველი იქნებოდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინების თაობაზე სასამართლოს დამატებით ეცნობებინა სარჩელში საკონტაქტო პირად მითითებულ ა. კ-ისთვის (მობილურის ნომერი: ...) ან თავად ვ. რ-ისთვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვ. რ-ეს ინტერესი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში დავის გაგრძელების თაობაზე, რასაც ადასტურებს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე 100 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე ვ. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე ვ. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი