#ბს-540(კს-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „…ი“
მესამე პირი - მ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 9 ივლისს შპს „…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 იანვრის #04-14/536 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის 1700 ლარის ოდენობით გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების დაკისრება, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „…ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ო-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 26 იანვრის #04-14/536 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებები და მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის #3/190-18 გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, აპელანტებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სააპელაციო საჩივარზე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 7 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალათ გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინებით დადგენილ ვადაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა).
აღნიშნული განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციის წარმომადგენელს, რ. გ-სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ორგანიზაციის წარმომადგენელს, ა. გ-ს ჩაბარდათ 2019 წლის 26 თებერვალს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. იმავე კოდექსის 374-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, აპელანტებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 7 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციის წარმომადგენელს, რ. გ-სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ორგანიზაციის წარმომადგენელს, ა. გ-ს ჩაბარდათ 2019 წლის 26 თებერვალს 11:02 და10:45 საათებზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტისათვის საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 27 თებერვალს, ამდენად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა 2019 წლის 5 მარტს (სამშაბათი). აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ განცხადება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განჩინებაში მითითებული ხარვეზი აპელანტების მიერ არ შევსებულა და არც რაიმე შუამდგომლობა ყოფილა წარმოდგენილი ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე. სასამართლოს მითითებით, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატის 20.02.2019წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით (სააგენტოში რეგისტრირებულია 26.02.2019) აპელანტებს დაევალათ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენა. აღნიშნული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ შესრულდა, კერძოდ, 27.02.2019წ. #07017 საგადახდო მოთხოვნით. თუმცა რეალური გარემოება არის ის, რომ აღნიშნული საგადახდო მოთხოვნა გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო არ წარდგენილა განმხილველი სასამართლოს მიმართ, ანუ ხარვეზი შევსებულ იქნა ნაწილობრივ, თუმცა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო ბაჟი აისახა 27.02.2019წ. 14:55 სთ-ზე.
კერძო საჩვრის ავტორებმა მოითხოვეს კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ვინაიდან ფაქტობრივად და ელექტრონულად შევსებულ იქნა დადგენილი ხარვეზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განუხილველი დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტებს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს სააპელაციო საჩივარზე წინამდებარე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 7 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალათ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის განჩინებით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) წარდგენა. სააპელაციო საჩივრის ავტორებს ასევე განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველად.
ზემოაღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს მათ მიერ მითითებულ მისამართებზე და 2019 წლის 26 თებერვალს ჩაჰბარდათ რ. გ-სა და ა. გ-ს (ორგანიზაციის წარმომადგენლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2019 წლის 27 თებერვლიდან დაიწყო და 5 მარტს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენიათ სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოსწორდა, თუმცა აღნიშნული საგადახდო მოთხოვნა გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო არ წარდგენილა განმხილველი სასამართლოს მიმართ. კერძო საჩივარს თან ერთვის 2019 წლის 27 თებერვლის #07017 საგადახდო მოთხოვნა, რომლითაც დასტურდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 150 ლარის დარიცხვის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი გამოსწორებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სრულად შეასრულებს სასამართლოს მითითებას. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ნათლად განემარტათ, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უნდა წარედგინათ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვერ იქნებოდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების განმარტებას, რომ ქვითარი ობიექტური გარემოებების გამო ვერ წარედგინა სასამართლოს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებიათ (არ წარადგინეს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) და არც რაიმე სახის შუამდგომლობა წარუდგენიათ სააპელაციო სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორები საკასაციო სასამართლოში მიუთითებენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ობიექტური გარემოებების გამო ვერ წარადგინეს სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ობიექტური გარემოებების გამო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში, არ არის საკმარისი, აუცილებელია, რომ აღნიშნული გარემოება იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად იყოს მითითებული არგუმენტაცია, მტკიცებულებები, რომლებიც უნდა შეეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ კერძო საჩივარში დასმულ მოთხოვნასთან. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორების მითითება ობიექტური გარემოებების ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სააპელაციო სასამართლოში წარუდგენლობასთან დაკავშირებით, იურიდიულად დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული ობიექტური გარემოების დადასტურებას და გამყარებას შეძლებდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები. კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ობიექტური გარემოების გამო ხარვეზის შევსების შეუძლებლობას. მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას კი, სასამართლო ვერ გაიზიარებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული საკითხი, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი #07017 საგადახდო მოთხოვნა ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტს. ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) სააპელაციო საჩივარზე 27.02.2019წ. #07017 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 374-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე 27.02.2019წ. #07017 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი