#ბს-688(კს-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – შპს „…ო“
მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; შპს „ს...ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 22 იანვარს შპს „დ…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის #25 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „…ო“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „ს...ის“ შუამდგომლობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დავის დასრულებამდე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს „ს...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება; შეჩერდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის 4248376 და 2019 წლის 8 იანვრის 4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2019 წლის 15 მარტს შპს „…ომ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
განცხადების ავტორის მითითებით, სასამართლოსთვის კერძო საჩივრის განხილვის დროს არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ შპს „…ოს“ მიერ გასაჩივრებული აქტებით გათვალისწინებული ფასადის სამუშაოები სრულად იყო განხორციელებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „…ოს“ განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2018 წლის 1 ნოემბრის ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, …ის გამზირზე #... მდებარე შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან შპს „…ო“ და შპს „ს...ი“. განსაზღვრულია მათი წილების ოდენობა. შპს „…ოს“ საკუთრებაშია შენობა-ნაგებობა #3-ში, ფართი #1, 1-ლ სართულზე - 301.52 კვ.მ. შპს „ს...ის“ საკუთრებაშია: შენობა-ნაგებობა #3-დან სარდაფი საერთო ფართობით 391.62 კვ.მ; ნაგებობა #3-4-დან 1-ლი სართული - 1064.2 კვ.მ; ნაგებობა #3-4-ის მე-2 სართული - 1206 კვ.მ; მე-3 სართული - 1121.88 კვ.მ; ნაგებობა #3-ის მე-4 სართული - 857.33 კვ.მ.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილებით შპს „…ოს“ მიეცა თანხმობა მის და შპს „ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მისი კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების. აღნიშნული გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნებოდა 1-ლი კლასის სამუშაოებს, რომელსაც არ სჭირდებოდა მშენებლობის ნებართვის მიღება და რომლის განხორციელებაზე სამსახური გასცემდა წერილობით დასტურს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე განუმარტა, რომ თუ განსახორციელებელი სამუშაოები ეხებოდა შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოეპოვებინა შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებით შპს „…ოს“ მიეცა თანხმობა მის და შპს „ს...ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შპს „…ოს“ კუთვნილ ფასადზე კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 და 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებები შპს „ს…ის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 იანვრის #25 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „ს…ის“ ადმინისტრაციული საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებზე, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 აგვისტოს დასკვნით დგინდებოდა, რომ თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე ს…ის შენობის …ის გამზირის მხარეს, მის პარალელურად არსებული ბლოკის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო. ვიზუალური დათვალიერების მიხედვით, შენობის აღნიშნულ ნაწილს გააჩნდა დაზიანებათა კლასიფიკაციის მიხედვით II–III ხარისხის დაზიანებები და მოქმედ სეისმურ ნორმებთან გარკვეული შეუსაბამობები. მოცემული დასკვნის თანახმად, საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით, იგი შეიძლება მიკუთვნებოდა II კატეგორიას, რაც იმას ნიშნავდა, რომ შენობის საექსპლუატაციო მედეგობა დაქვეითებული იყო და ექვემდებარებოდა გამაგრებას დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტით.
სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე ს…ის შენობის …ის გამზირის მხარეს არსებული ბლოკის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო. პირველი, ასევე განმეორებითი ვიზუალური დათვალიერებით დაფიქსირებულ იქნა, რომ შენობის აღნიშნულ ნაწილს ცალკეულ ადგილებში გააჩნდა დაზიანებათა კლასიფიკაციის მიხედვით II–III ხარისხის დაზიანებები. აქედან დაზიანებათა უმრავლესობა იყო ძველი, ხოლო ნაწილი - ახალი. ამავე დასკვნის თანახმად, საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით, იგი შეიძლებოდა მიკუთვნებოდა II კატეგორიას, რაც იმას ნიშნავდა, რომ შენობის საექსპლუატაციო მედეგობა დაქვეითებული იყო და ექვემდებარებოდა გამაგრებას დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტით. დასკვნაში ასევე მითითებული იყო, რომ …ის გამზირის მხარეს პირველ სართულზე ღიობის ზომების გაზრდასთან დაკავშირებით, ასეთ ცვლილებებს შეეძლო შენობის მდგომარეობაზე მოეხდინა უარყოფითი ზეგავლენა. მის განსახორციელებლად საჭირო იყო შენობის სახეცვლილი კონსტრუქციული სქემის მიხედვით გადაანგარიშება და მის საფუძველზე ღიობების მოჩარჩოება-გაძლიერების სამუშაოების ჩატარება.
პალატამ აღნიშნა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 იანვრის დასკვნით ირკვევოდა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით მიღებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მოთხოვნათა მიხედვით, ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა განეკუთვნებოდა III კლასს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში განსაზღვრული სარჩელის სუსპენზიური ეფექტი სწორედ უფლების დროებით დაცვას ემსახურება, რომლის მიზანია მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან პირის დაცვა, დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს შეექმნა მოსაზრება და დასაბუთებული ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 და 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებების მოქმედებას არსებითი ზიანი მიეყენებინა მხარისათვის ან შეუძლებელი გაეხადა მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადავოდ გამხდარი აქტების კანონშეუსაბამოდ ცნობის შემთხვევაში, რამდენადაც საქმეზე წარდგენილი ფოტოები და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ შპს „…ოს“ მიერ განსახორციელებელი და უკვე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უარყოფით ზეგავლენას ახდენდა შპს „ს…ის“ კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე, რისგან დასაცავადაც ითხოვდა მხარე სასწრაფო და ეფექტური ღონისძიებით უზრუნველყოფას.
შესაბამისად, პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია სადავო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 და 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებების მოქმედების შეჩერების მოთხოვნა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 13 ნოემბერს შპს „ო…სა“ და შპს „…ოს“ შორის დაიდო მომსახურეობის ხელშეკრულება, ქ. თბილისში …ის გამზ. #...-ში, შენობა-ნაგებობა #3-ში პირველ სართულზე დამკვეთის საკუთრებაში არსებულ ფართში შიდა სარემონტო სამუშაოების განხორციელების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების თაობაზე 2018 წლის 13 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტზე.
2019 წლის 21 იანვარს ასევე დადებულ იქნა ი. ჭ-ესა და შპს „…ოს“ შორის მომსახურების ხელშეკრულება, დამკვეთის საკუთრებაში არსებული ფართის ფასადის ღიობების გალესვასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების თაობაზე 2019 წლის 21 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტზე.
2019 წლის 4 თებერვალს შპს „…ოსა“ და მ. ა-ეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა დამკვეთის კუთვნილი ფართის, მდებარე: თბილისის …ის გამზ. #..., ფასადის სამღებრო საუშაოები დამკვეთის მასალით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების თაობაზე 2019 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ლ. სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს 2019 წლის 6 თებერვლის #5000709119 დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული ღიობების გაჭრა-გაძლიერების სარეკუნსტრუქციო სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო დაკორექტირებული პროექტის მიხედვით და დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაკორექტრიებული პროექტის მიხედვით, შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად განსახილველი ფლიგელი და მითუმეტეს მთლიანი შენობის თავდაპიველი სივრცული სიხისტე და შესაბამისად, მისი მდგრადობა, უცვლელი დარჩებოდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაცია მიეცა შენობის კედელზე (კონტროლის მიზნით) არსებულ ბზარებზე თაბაშირის ყალაურების მოწყობასა და მონიტორინგს.
სასამართლოს მითითებით, შპს „…ოს“ წარმომადგენელმა 2019 წლის 1 მარტს მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები დასრულებული იყო კიბისა და პანდუსის მოწყობა მოითხოვა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 6 მარტის #4403874 გადაწყვეტილებით შპს „…ოს“ განცხადება არ დაკმაყოფილდა და მასვე განემარტა, რომ განცხადებით მოთხოვნილი სამუშაოები ვერ განიხილებოდა ცალკე, დამოუკიდებლად, ვინაიდან ფუნქციურად წარდგენილი საპროექტო პანდუსი და კიბე ემსახურებოდა არსებულ შენობას. შესაბამისად, საკითხი დაყენებული უნდა ყოფილიყო არა რეკონსტრუცქიის, არამედ კორექტირების კუთხით, თუმცა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით შეჩერებული იყო სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 და 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს-ს უარი უთხრა კორექტირების საკითხის განხილვაზე, ვიდრე საქმეზე საბოლო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2018 წლის 22 ოქტომბერს სს „…სა“ და შპს „…ოს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობა და ვადა განისაზღვრა 705 000 ევროთი.
2019 წლის 1 მარტს, ერთი მხრივ, შპს „…ოს“ და მეორე მხრივ, სს „ფ…ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა მოიჯარეს ქ. თბილისში …ის გამზ. #...-ში, შენობა-ნაგებობა #3-ში, ფართი #1, 1-ლ სართულზე 113 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობად განისაზღვრა მხარეთა მიერ ხელშეკრულებისა და იჯარის საგნის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღე და მოქმედების ვადა - 10 წელი.
სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 26 მარტის შპს „ე…ის“ დასკვნით ირკვეოდა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 და 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული იყო კვლევის ჩატარებამდე. განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის მდგრადობა არ უარესდებოდა და აკმაყოფილებდა მშენებლობის უსაფრთხოების ნორმებს და არსებული მდგომარეობა არ გამოიწვევდა არავითარი სახის დამაზიანებელ გარემო-ფაქტორების წარმოქმნას, ვინაიდან არ იყო დარღვეული შენობის ძირითადი კონსტრუქციული აგებულება. ღიობების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მათი ამოვსებით ზომაში შემცირება ვერანაირ კონსტრუქციულ გავლენას ვერ იქონიებდა შენობის მდგრადობაზე.
სასამართლომ მიუთითა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის ვაკის მე-... ოცეულის 2019 წლის 24 თებერვლის რეაგირების ოქმზე, რომლის თანახმად, რ/ს ცენტრის მიერ მიიღეს გამოძახება ზემოაღნიშნულ მისამართზე, ადგილზე დახვდათ მოქ. მ. თ-ა, რომელიც ...ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. მან განმარტა, რომ …ის #...-ში მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობა, რასთან დაკავშირებითაც წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება. მ. თ-ას განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამოთხარეს ...ის მიერ დარგული ნარგავები, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულ იქნა შესაბამისი სამსახური.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 თებერვლის #000347 მითითების აქტზე, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში (ს/კ …) შენობა-ნაგებობების პირველ სართულზე შპს „…ოს“ მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე დემონტირებულია საყრდენი კედლების უკანა ნაწილი და მათში მოწყობილია ღიობები, ასევე უნებართვოდაა მოწყობილი ლითონის კონსტრუქციის გამაგრებები. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს „…ოს“ დაევალა წარედგინა დარღვევის გამოსწორების მიზნით სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან უსაფრთხოების წესების დაცვით ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 20 კალენდარული დღე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის #000347 შემოწმების აქტით დგინდება, რომ შპს „…ოს“ მიერ 2019 წლის 11 თებერვლის #000347 მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს „…ოს“ წარმომადგენელი ძირითადად აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2019 წლის 19 თებერვალს, როდესაც შეაჩერა სადავო ადმინისტრაციული აქტების მოქმედება, არ იყო ინფორმირებული, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული იყო, ანუ სადავო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები აღსრულებული იყო.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა მხარეთა მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ შპს „…ოს“ შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატამ განმარტა, რომ კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. პალატის განმარტებით, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
პალატამ მიიჩნია, რომ შპს „…ოს“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ შპს-ს მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულად იყო დასრულებული. სასამართლოს მითითებით, შპს „ს…ის“ მიერ დამატებით წარდგენილი ფოტო და ვიდეო მასალით დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობის პირველი სართულის სამუშაოები, რომლებიც სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან იყო დაკავშირებული, კვლავ მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს „…ოს“ მიერ წარდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს 2019 წლის 6 თებერვლის #5000709119 დასკვნით ირკვევოდა, რომ ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული ღიობების გაჭრა-გაძლიერების სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო დაკორექტირებული პროექტის მიხედვით, ასევე დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დასკვნის ანალიზი იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული ღიობების გაჭრა-გაძლიერების სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ იყო დასრულებული და საჭიროებდა გაგრძელებას. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა განცხადების ავტორის მოსაზრება სადავო აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით.
განცხადების ავტორის მიერ მითითებულ მომსახურების ხელშეკრულებებსა და მიღება-ჩაბარების აქტებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულით დგინდებოდა მხოლოდ გარკვეული სამუშაოების შესრულების ფაქტი და არ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც მოცემული მტკიცებულებები მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ შეჩერებული აქტები აღსრულებული იყო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 11 თებერვლის #000347 მითითება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 4 მარტის #000347 შემოწმების აქტი მეტყველებდა იმ გარემოებაზე, რომ შპს „…ოს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების მიღების დროისთვის არ ჰქონდა დასრულებული და ის აღნიშნული განჩინების მიღების შემდგომაც აგრძელებდა გარკვეულ სამუშაოებს, რაზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა მოახდინა რეაგირება.
განცხადების ავტორის მიერ მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა მესამე პირისა და მოპასუხეების მონაწილეობის გარეშე, პალატამ განმარტა, რომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლისა, რომელიც ითვალისწინებს კერძო საჩივართან დაკავშირებით განჩინების გამოტანას საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. ამასთან, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიიჩნია კერძო საჩივარი განეხილა ზეპირი მოსმენით. შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა მოწვევა ვერ განხორციელდებოდა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე შპს „…ოს“ შუამდგომლობა განხილულ იქნა ზეპირ სხდომაზე, სადაც მხარეებს მიეცათ საშუალება წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომლებიც მათ მიერ მითითებულ გარემოებებს ადასტურებდნენ, ასევე გაეკეთებინათ განმარტებები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის თავდაპირველი განხილვის დროს შპს „ს…ი“ სადავო აქტების შეჩერების შუამდგომლობას ასაბუთებდა იმით, რომ ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებების გამოცემით ხდებოდა მოსარჩელე მხარის საკუთრების უფლების ხელყოფა. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არ ხორციელდებოდა ლ. სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს 2017 წლის 9 აგვისტოს #004567517 დასკვნით გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, ასევე, ამავე საექსპერტო დაწესებულების 2018 წლის 19 დეკემბრის #5007998818 დასკვნა ადასტურებდა, რომ უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებები განიცდიდა პროგრესს, რაც თავის მხრივ, მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეს.
სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული აქტების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ წინამდებარე სარჩელის შეტანა სასამართლოში არ წარმოშობდა სუსპენზიურ ეფექტს და არ იწვევდა აქტების მოქმედების ავტომატურ შეჩერებას, რის გამოც სასამართლომ აქტის შეჩერების პროცესუალური საფუძვლები შეამოწმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებით. გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს სასამართლოს შეექმნა მოსაზრება და დასაბუთებული ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 და 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილებების მოქმედებას არსებითი ზიანი მიეყენებინა მხარისთვის ან შეუძლებელი გაეხადა მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები გარკვეულწილად განსხვავებულად აფასებდნენ ერთსა და იმავე საკითხებს, რამაც სასამართლოს ჩამოუყალიბა აზრი, რომ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე სადავო აქტები სწორად იქნა შეჩერებული. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული მოსარზება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის განხილვის დროსაც არ იყო გაქარწყლებული. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიც ვერ ადასტურებდა სადავო აქტების აღსრულების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „…ოს“ შუამდგომლობა (განცხადება) არ შეიცავდა მითითებას სსსკ-ის 423-ე მუხლით განსაზღვრულ არცერთ საფუძველზე, რის გამოც განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „…ომ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების სწორად დადგენას, რაც ნათელს მოჰფენს კერძო საჩივრის საფუძვლიანობას, ამ მხრივ მნიშვნელოვანია არქიტექტურის სამსახურის შეჩერებული აქტებით გათვალისწინებული ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და შენობის შიდა სამუშაოების ურთიერთგამიჯვნა. ასევე, პირველ ინსტანციაში სარჩელის შეტანიდან 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გამოტანამდე ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოთა თანმიმდევრობა და მათი დასრულების დრო.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შეჩერებული აქტები მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ ფასადის სამუშაოებს, შესაბამისად, სასამართლოში განხილვის საგანიც სწორედ აღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერებაა და სასამართლო ვერ იმსჯელებს საქმეში მესამე პირად ჩაბმული შპს „…ოს“ სხვა საქმებზე, რომელიც შეჩერებული აქტების მიღმაა.
შპს „…ო“ მიუთითებს შპს „მ…ას“ 2019 წლის 4 იანვრის საექპერტო დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ შენობის პირველი სართული, რომელიც შპს „…ოს“ ეკუთვნის, წინათ არსებულთან შედარებით სათანადოდ გაძლიერდა და მისი მდგრადობა გაიზარდა. პრაქტიკულად ეს სართული აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და წესებს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ 2019 წლის 4 იანვრისათვის შპს-ს უკვე განხორციელებული ჰქონდა ფასადის ღიობების მოწყობისა და მათი გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ ფასადის სამუშაოთა პირველი ეტაპი - ღიობების ჩაჭრა-მოჩარჩოება 2019 წლის 4 იანვრისათვის დასრულებული იყო. შპს „…ო“ აღნიშნავს, რომ მართალია, რეკონსტრუქციის აღნიშნული ნაწილი წარმოადგენდა მთავარ სამშენებლო სამუშაოს, თუმცა აღნიშნულით არ დასრულებულა ფასადის სამუშაოები. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და შეფასების გარეშე დატოვა აღნიშნული მტკიცებულება და მითითებული გარემოება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია ნარდობის ხელშეკრულებები და სამუშაოთა შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც სრულად ასახავდა სამუშაოთა თანმიმდევრობასა და მათი დასრულების პერიოდებს. მისივე მითითებით, სასამართლოსთვის წარდგენილი ყველა ნარდობის ხელშეკრულება შეიცავს კონკრეტიზაციას და მითითებას ობიექტის დასახელების, სამუშაოთა ჩამონათვალისა და მოცულობების შესახებ.
კერძო საჩვრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა შპს-ს წარმომადგენლის განცხადება, სადაც მითითებული იყო გასაჩივრებული აქტებით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების თაობაზე ინფორმაცია. განცხადებას ერთვოდა ფოტო-მასალა, რომელიც ადასტურებდა ფასადის სამუშაოების დასრულების ფაქტს. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია, მოცემული განცხადება სასამართლოში შეტანილ იქნა განჩინების გამოტანის დღეს, მაგრამ სასამართლოს შეეძლო და ვალდებულიც იყო აღნიშნული მიეჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად. ამასთან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი არ გადაუგზავნა შპს „…ოს“, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია წარედგინა. ფასადის სამღებრო სამუშაოები დასრულდა 13 თებერვალს, რის დადასტურებასაც მარტივად შეძლებდა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გამოტანამდე.
შპს „…ოს“ მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ლ. სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს 2019 წლის 6 თებერვლის #5000709119 დასკვნის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაუსრულებლობის ფაქტი. აღნიშნული დასკვნა ხელმოწერილი და კანცელარიაში გატარებულ იქნა 2019 წლის 6 თებერვალს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტების შეჩერების შესახებ განჩინება მიიღო 2019 წლის 19 თებერვალს. დასკვნის შინაარსი იძლევა მასში მითითებულ გასაგრძელებელ სამუშაოთა იდენტიფიკაციის საშუალებას.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შპს „…ოსთვის“ აქტების შეჩერებით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასათვალისწინებელია შპს-ს სასესხო ვალდებულება, რომელიც მან აიღო აღნიშნული კომერციული ფართის შესაძენად სს „…ისგან“, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება. აღნიშნული უძრავი ქონება კომერციული დანიშნულებისაა და მისი შეძენის მიზანს სწორედ მისი შემდგომი გაქირავება წარმოადგენდა. რადგან კომპანიას არ გააჩნია სხვა შემოსავლები სასესხო ვალდებულებების დაფარვა სწორედ უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლებით აპირებდა. შესაბამისად, თუ ქონება არ იქნება მოყვანილი საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში, ვერ გაქირავდება, ვერ მოხდება მისგან შემოსავლის მიღება და შესაბამისად, ვერ იქნება შესრულებული სასესხო ვალდებულება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის #ბს-1174-1168(კს-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.8 მუხლის რეალიზაცია წარმოადგენს, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები; არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია; არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით ზიანი ადგება შპს „…ოს“ და არც იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ იმავე დადგენილების გაუქმებით მოსარჩელეს არ მიადგება ზიანი.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების განხილვისას უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე, არამედ უკვე მიღებული განჩინების ამ გარემოებებთან/მტკიცებულებებთან შესაბამისობაზე და აქედან გამომდინარე აქტის მოქმედების შეჩერების აუცილებლობაზე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა კერძო საჩივრის განხილვა, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმება და 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „…ოს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს „…ოს“ კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე შპს „…ოს“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „…ოს“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, სახეზეა თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რამდენად არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასაჩივრებული აქტების - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „ს…ის“ შუამდგომლობა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს…მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დავის დასრულებამდე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილებისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს „ს…ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება; შეჩერდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის 4248376 და 2019 წლის 8 იანვრის 4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება, განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2019 წლის 15 მარტს შპს „…ომ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება მოითხოვა. შპს „…ო“ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტები აღსრულებული იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „…ოს“ განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში რეგლამენტირებულია როგორც ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, ასევე მოცემულია ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერებას, მათ შორის, სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის დაშვება, აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმება და ა.შ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც არსებობდა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის, თუმცა მის შესახებ არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი საქმის განხილვისას და მისი აღმოჩენა მოხდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაში უტყუარად უნდა იყოს დადასტურებული, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება ან გარემოება არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, ხოლო მხარემ მისი არსებობის შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება დასაშვებია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არამედ სხვა გარემოებების არსებობისას (მაგ.: ზიანის გაზრდის, გარემოებათა შეცვლის და სხვ.). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი თავისი არსით უფრო ფართო შემთხვევებს მოიცავს და უმთავრესად გულისხმობს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც სწორედ გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად წარმოიშვა და არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, რომლის შესახებაც მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ბევრად ფართო შემთხვევებს, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „…ოს“ მიერ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, შპს „…ო“ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების მიღებამდე სრულად იყო დასრულებული.
შპს „…ოს“ მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს 2019 წლის 6 თებერვლის #5000709119 დასკვნით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობის პირველი სართულზე არსებული ღიობების გაჭრა-გაძლიერების სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს დაკორექტირებული პროექტის მიხედვით და დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის ანალიზი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობის პირველი სართულზე არსებული ღიობების გაჭრა-გაძლიერების სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ არის დასრულებული და საჭიროებს გაგრძელებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა განცხადების ავტორის მოსაზრება სადავო აქტების თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების მიღებამდე აღსრულებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივარში შპს „…ოს“ მითითებაზე, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მის მიერ წარდგენილი შპს „მ...ას“ 2019 წლის 4 იანვრის საექპერტო დასკვნა, რასთან მიმართებითაც თავადვე აღნიშნავს, რომ მოცემული დასკვნით დასტურდება, რომ ფასადის სამუშაოთა პირველი ეტაპი - ღიობების ჩაჭრა-მოჩარჩოება 2019 წლის 4 იანვრისათვის დასრულებული იყო და თავადვე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მართალია, რეკონსტრუქციის აღნიშნული ნაწილი წარმოადგენდა მთავარ სამშენებლო სამუშაოს, თუმცა აღნიშნულით არ დასრულებულა ფასადის სამუშაოები. შესაბამისად, მითითებული დასკვნა ვერ გამოდგება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ქ. თბილისში, …ის გამზ. #...-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული ღიობების გაჭრა-გაძლიერების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებული იყო სრულად სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ შპს „…ოს“ მიერ წარდგენილი მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება მხოლოდ გარკვეული სამუშაოების შესრულების ფაქტი, რითაც ასევე ვერ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების მიღებამდე სარეკუნსტრუქციო სამუშაოების სრულად დასრულების ფაქტი.
ამდენად, შპს „…ოს“ მიერ 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე დართული მტკიცებულებებით ვერ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის #4248376 გადაწყვეტილება და 2019 წლის 8 იანვრის #4329783 გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ს…ის“ კერძო საჩივრის განხილვისა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების მიღებისას უკვე აღსრულებული იყო. ამასთან ხაზგასასმელია, რომ შპს „…ოს“ საკასაციო სასამართლოშიც არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მაგალითად, ექსპლუატაციაში მიღების აქტი, რომელიც უტყუარად დაასატურებდა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების მიღებამდე სარეკუნსტრუქციო სამუშაოების სრულად დასრულების ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…ოს“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „…ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი