Facebook Twitter

#ბს-761(კს-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „…ში“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 15 თებერვალს შპს „…ში“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 16 იანვრის #162 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „…ში“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…ში“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით შპს „…ში“-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს - შპს „…ში“ (დირექტორი - მ. გ-ი) დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის შესაბამისი უტყუარი მტკიცებულების წარდგენა მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დედნის სახით. მასვე დაევალა სააპელაციო საჩივრის წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, ასევე უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც დაასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ამ გარემოებებს. მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შევსების ვადა აითვლებოდა კანონით დადგენილი წესით მხარისათვის განჩინების ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით, მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნეოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

2019 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა აპელანტმა, რომელშიც ასევე ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას საქმის განხილვის დასრულებამდე, ხოლო მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 10 აპრილს, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მას თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა შპს „…ში“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, შეისწავლა საქმეში წარდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. იმავე კოდექსის 374-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ასევე, 2019 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა აპელანტმა, დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარშიც აპელანტი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას საქმის განხილვის დასრულებამდე, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაიგზავნა შპს „…ში“-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 10 აპრილს, 12:20 საათზე ჩაჰბარდა მ. გ-ს (ორგანიზაციის წარმომადგენელს, შპს „…ში“ დირექტორს), რაც დასტურდებოდა უკუგზავნილზე მისი ხელმოწერით.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტისათვის საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 11 აპრილს შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა დასრულდა 2019 წლის 18 აპრილს (ხუთშაბათი). აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია განცხადება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.

პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „…ში“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ხარვეზის განჩინების ჩაბარებამდე, 2019 წლის 5 აპრილს შპს „…ში“-მ სააპელაციო სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განჩინებით კი მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ გამოასწორა მისთვის დადგენილი ხარვეზი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე მითითებით, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას აქვს იურიდიული ინტერესი, განხილულ იქნეს სააპელაციო საჩივარი. მისი განმარტებით, მხარეს უნდა მიეცეს თავისი უფლებების და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აპელანტს წარდგენილი ჰქონდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სადაც ნათლად იყო დაფიქსირებული პოზიცია, ამასთანავე ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მხარეს ბაჟის გადაუხდელობის გამო წაერთვა უფლება დაეცვა საკუთარი ინტერესები. თუმცა, მას ჰქონდა ინტერესი სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით შპს „…ში“-ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ში“-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე შპს „…ში“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალების მიხედვით, შპს „…ში“-მ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „…ში“-ს (დირექტორი - მ. გ-ი) მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღე, განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უტყუარი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით სასამართლოსთვის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს დაევალა წარედგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, ასევე მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შპს „…ში“-ს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის, კერძოდ, მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „…ში“-მ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინების ჩაბარებამდე, 2019 წლის 5 აპრილს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შესაბამისი დასაბუთებით. აპელანტმა აღნიშნული საჩივრის ფარგლებში კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება შპს „…ში“-ს ჩაჰბარდა 2019 წლის 10 აპრილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით კი შპს „…ში“-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

ამდენად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრას პირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაში მხარეებს შეიძლება გადაუვადდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) გადახდა. სასამართლოს უფლებამოსილება სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით შეზღუდულია კანონით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კერძო საჩივრის ავტორის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებას. შესაბამისად, იმის დადგენას, მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები ანიჭებს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილებას შპს „…ში“-ს გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის სწორად გამოყენება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მხარის არსებით პროცესუალურ უფლებასთან – უზრუნველყოფილ იქნეს ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარის ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეუმციროს ან მისი გადახდა სხვა დროისათვის გადაუვადოს მხარეს, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად დაასაბუთებს თავის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რისი გათვალისწინებითაც მას ობიექტურად არ შეუძლია აღნიშნული ხარჯების დაფარვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება მხარისათვის სახელმწიფი ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად მხარისათვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს მან სასამართლოს, რათა მხედველობაში იქნეს მიღებული მისი ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადაუვადდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ შპს „…ში“-ს მიერ არ იყო წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადაუხდელობის შეუძლებლობას, არ იყო საკმარისი. იმ პირობებში, როდესაც შპს „…ში“-მ რამდენჯერმე (ჯერ სააპელაციო საჩივრით, ხოლო შემდგომ - დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით) იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს თავის განჩინებაში ასევე უნდა მიეთითებინა, კონკრეტულად რა მტკიცებულების წარდგენას ითხოვდა მხარისგან იმის დასადასტურებლად, რომ იგი იყო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისას ან არარსებობის შესახებ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ შპს „…ში“-მ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინების ჩაბარებამდე, 2019 წლის 5 აპრილს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შესაბამისი დასაბუთებით. აპელანტმა აღნიშნული საჩივრის ფარგლებში კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 2 მაისის განჩინების მიღებამდე წარედგინა შპს „…ში“-ს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით კი, სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი იყო აპელანტის - შპს „…ში“-ს პოზიცია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო კვლავ ვერ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…ში“-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე შპს „…ში“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ში“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე შპს „...ში“-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი