Facebook Twitter

#ბს-799(კს-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „…ი“

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 მარტს შპს „…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ შპს „…ისათვის“ 5400 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისირების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის #474/ს, #475/ს, #476/ს, #477/ს და #478/ს ბრძანებების, აგრეთვე, …ის მიმდებარედ არსებულ 1249 კვ.მ მიწის ნაკვეთში ს/კ #... და ს/კ #... სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო შპს „…ის“ 1800 ლარის ოდენობით დაჯარიმების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს #1089/ს, #1090/ს, #1091/ს, #1092/ს და #1093/ს ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „…ის“ სარჩელი მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე გადაეგზავნა განსჯად - მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 20 თებერვლის #474/ს, #475/ს, #476/ს, #477/ს და #478/ს ბრძანებები და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 აგვისტოს #1089/ს, #1090/ს, #1091/ს, #1092/ს და #1093/ს ბრძანებები და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა; მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელის - შპს „…ის“ სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე და დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა: თ. მ-ის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - შპს „…ის“ მიმართ, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, წარმოედგინა სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის - თ. მ-ის მიმართ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას ხარვეზის შესახებ განჩინება ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (დუშეთი, ...ის ქ. #27) 2019 წლის 24 იანვარს. გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, …მა - მ. გ-მა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილია, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 24 იანვარს, მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 25 იანვარს და ამოიწურა 2019 წლის 5 თებერვლის დადგომისთანავე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა, სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონულ სასამართლოში წერილით იქნა გაგზავნილი უფლებამოსილი პირის, კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით, რომელიც ყოველგვარ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტს. გარდა ამისა, საქმეში არსებობს ორი მინდობილობა თ. მ-ის სახელზე, რომელთაგანაც 2017 წლის 27 მარტის მინდობილობაში თ. მ-ს მინიჭებული აქვს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედების განხორციელების უფლება, მათ შორის, შესაგებლის წარდგენის, სარჩელის შეტანის, გადაწყვეტილების გასაჩივრების, მორიგებისა და სხვა იმ საპროცესო მოქმედებათა განხორციელების უფლება, რომლებიც დაკავშირებულია საქმესთან. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 18 მაისის მინდობილობაში ცალსახად იგულისხმება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საპროცესო სამართლებრივი უფლებამოსილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს საქმეში დაცულ დოკუმენტებზე, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლობით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ თ. მ-ის მიმართ 2017 წლის 27 მარტს გაცემული #05/2918 მინდობილობა.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტი, წარმოდგენილი მერის - ზ. ს-ის სახით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე, 96-ე მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილებას ანიჭებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ის უფროს სპეციალისტს, თ. მ-ს (პირ. #....) მასზედ, რომ მონაწილეობა მიიღოს #3/01-17 საქმის სასამართლო განხილვაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სახელით, შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თ. მ-ის სახელზე გაცემულ ზემოაღნიშნულ მინდობილობაში არ არის სპეციალური მითითება თ. მ-ისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, ამასთან, საქმეში, მათ შორის, სააპელაციო საჩივარზეც კი არ არის წარმოდგენილი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის (და არა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის) მიერ გაცემული სხვა მინდობილობა, რომელიც თ. მ-ს მისცემდა შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ არის ხელმოწერილი. საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა - განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე და დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა: თ. მ-ის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. მხარეს განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ზემოხსენებული დოკუმენტის წარდგენის დავალებისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა, რაც შესაძლებელს გახდიდა, სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე ემსჯელა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ხარვეზზე რეაგირებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შესაძლებლობების გამოყენება სამართალწარმოების მხარის უფლებას წარმოადგენს. თუმცა სასამართლოს მიერ განჩინებით/გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დავალებას აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა, რაც მხარეს და მით უფრო, ადმინისტრაციულ ორგანოს, არ უხსნის სამართალწარმოების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულების გამოვლენის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილ ხარვეზზე უმოქმედობა იმსახურებს კრიტიკულ შეფასებას, რამდენადაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა იმისა, რომ სწორედ დადგენილი ხარვეზის შევსების მიმართ გამოვლენილი მცდელობით შეეწყო ხელი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მიმართ არსებული სამართლებრივი წინააღმდეგობის გამოსწორებისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სააპელაციო საჩივართან ერთად არ ყოფილა წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების თ. მ-ისათვის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), ამასთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო სასამართლოსათვის არც ხარვეზის შევსების ფარგლებში არ წარუდგენია ზემოაღნიშნული დოკუმენტი ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი