Facebook Twitter

#ბს-876(კს-19) 12 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „…ო“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 14 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – შპს „…ოს“ მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხე შპს „…ოსთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 8 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის 25 184 ლარის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 ლარის გადახდის დაკისრება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ...ი, …ის ქუჩა (ს/კ …) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და უძრავი ქონების მესაკუთრისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „…ოს“ მოსარჩელის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2015 წლის 8 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის 25 184 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 892 ლარის გადახდა დაეკისრა; ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე - შპს „…ოს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ...ი, …ის ქუჩა (ს/კ …) და მასვე უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…ომ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „…ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს „…ოს“ მიმართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. იმავე განჩინებით, საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა … წლის … მარტს 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი #...; რის შესახებაც მხარეები გაფრთხილებულნი იქნენ კანონით დადგენილი წესით სარჩელში მითითებულ მისამართებზე.

შპს „…ოსთვის“ განკუთვნილი კორესპონდენცია - სარჩელი, თანდართული მასალა და სასამართლო უწყება, ადრესატს გაეგზავნა მისამართზე: „საქართველო, თბილისი, …ის ქ. #2, მე-3 სართული“ და ჩაჰბარდა შპს „…ოს“ ბუღალტერს - მ. ა-ს (პ/ნ …), რაც დასტურდება უკუგზავნილზე მისი ხელმოწერით. 2018 წლის 23 მარტს, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „…ოს“ წარმომადგენელი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნული სხდომიდან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2018 წლის 30 მარტს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხე მხარეს ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და ადგილი, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით, 2018 წლის 18 აპრილს გაეგზავნა მოპასუხე შპს „…ოს“ იმავე მისამართზე, რომელზეც ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი, თანდართული მასალა და სასამართლო უწყება - „საქართველო, თბილისი, …ის ქ. #2, მე-3 სართული“ და 2018 წლის 19 აპრილს - ჩაჰბარდა დ. ჯ-ეს (პ/ნ …), ორგანიზაციის წარმომადგენელს, კომენტარით - „კანცელარია“.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება (გზავნილი) შეიძლება გაიგზავნოს ფოსტის მეშვეობით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერაა განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსი თუ კანონის მიერ) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარებისთვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გაგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით, ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ - შპს „…ომ“, არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენლს, საქმეში მითითებულ მისამართზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად 2018 წლის 20 აპრილს დაიწყო, ხოლო 2018 წლის 4 მაისის (პარასკევს) 24 საათზე დასრულდა.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 29 მაისს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დაწესებული 14-დღიანი ვადის დარღვევით. ანუ მას შემდეგ, რაც შეწყდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მისთვის უცნობი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, რის გამოც უნდა გაუქმებულიყო მიღებული გადაწყვეტილება. მართალია, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ იმ მოცემულობაში, როდესაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება იწყება არა გადაწყვეტილების გამოცხადების, არამედ მისი ჩაბარების მომენტიდან, აღნიშნული არსებითად არ ცვლიდა შედეგს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადადა წესი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას, ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქალაქო სასამართლოს მიერ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არაა დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი იმპერატიულად აწესებს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ შეიძლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „…ომ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი წესით განხილვის დავალება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა 2019 წლის 20 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს გზავნილიდან. შესაბამისად, იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მოპასუხეს ფაქტობრივად ჩაჰბარდა 2019 წლის 24 მაისს, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2019 წლის 4 ივნისს.

სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 18 აპრილს იმავე მისამართზე, რომელზეც მოპასუხეს ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი, გაგზავნილ იქნა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მოპასუხე ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენელს, დ. ჯ-ეს ჩაჰბარდა 2018 წლის 19 აპრილს. შპს „…ოს“ მოსაზრებით, დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა სასამართლოს მოსაზრება დ. ჯ-ის მოპასუხესთან მიმართებით უფლებამოსილების (მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება) შესახებ მაშინ, როდესაც საქმეში ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ფოსტის ჩაბარების დასტური საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლით დადგენილი სტანდარტის შეუსაბამოა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ, რადგან ვინმე ჯ-ეს იმავე მისამართზე ჩაჰბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზედაც მოპასუხეს ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი, ჩაბარება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულ მისამართზე საკუთრება რეგისტრირებულია 22 სუბიექტზე, მათ შორის, 10 იურიდიულ პირზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივართან ერთად სასამართლოს წარედგინა შპს „…ოს“ საანგარიშებო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ ინფორმაცია (ბრძანებები და შესაბამისი გადასახადის გადახდის უწყისები), რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ დ. ჯ-ეს (ამ შენობაში კიდევ ცხრა იურიდიული პირია განთავსებული) არათუ უფლებამოსილება, მოპასუხესთან შემხებლობაც კი არ გააჩნია.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული (სამოქალაქო) საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა საჩივრის ავტორის სასარგებლო გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება).

გასაჩივრებული განჩინებით სარწმუნოდ არ დადგენილა საქმის გადაწყვეტისთვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებანი ჩამბარებელი პირის უფლებამოსილებისა და მოპასუხესთან კავშირის თაობაზე; საქმის ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლად საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგანაც შეუძლებელი ხდება მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე. ამასთან აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა მოპასუხის საამისოდ უფლებამოსილ პირს, არ არის დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტი მხარის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე კანონით დადგენილის წესით მოუწვევლობის შესახებ, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მას. სასამართლომ არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო დარღვევა: მოპასუხეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების წესი და ვადა.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა აპელანტის მითითება განსჯადობის წესის შემდეგ დარღვევაზე: საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში ამომწურავადაა მითითებული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით განსჯადი საქმეები. მოცემული მუხლის დისპოზიცია გამორიცხავს ვინდიკაციური, ისევე, როგორც თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის (ასკ-ის 251 მუხლი) ადმინისტრაციული წარმოების წესით წარდგენისა და განხილვის შესაძლებლობას, რის გამოც აღნიშნული საქმე თანხის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სამოქალაქო წესით განსჯადია და შესაბამისად, განხილულ იქნა არაკანონიერი შემადგენლობის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით შპს „…ოს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ოს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე შპს „…ოს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით, 2018 წლის 18 აპრილს გაეგზავნა მოპასუხე შპს „…ოს“ იმავე მისამართზე, რომელზეც ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი, თანდართული მასალა და სასამართლო უწყება - „საქართველო, თბილისი, …ის ქ. #2, მე-3 სართული“ და 2018 წლის 19 აპრილს - ჩაჰბარდა დ. ჯ-ეს (პ/ნ …), ორგანიზაციის წარმომადგენელს, კომენტარით - „კანცელარია“.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ ხდის კერძო საჩივრის ავტორი, რომლის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილის მიმღები პირი არის დ. ჯ-ე, რომელიც არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი - შპს „…გო“ სადავოდ ხდის მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „…ოსთვის“ განკუთვნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი 2018 წლის 19 აპრილს ჩაიბარა დ. ჯ-ემ, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გზავნილის ჩაბარებაზე არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი - შპს „…ო“ სააპელაციო საჩივარშივე მიუთითებდა და სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტს, სააპელაციო სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია წარმოადგენდა თუ არა დ. ჯ-ე სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, რასაც სადავო საკითხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და სათანადო შეფასება მისცეს, შპს „…ოს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა დ. ჯ-ეს, ხოლო საქმეზე არ დასტურდება შპს „…ოსთვის“ განკუთვნილი გზავნილის ჩაბარებაზე დ. ჯ-ის უფლებამოსილების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…ოს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე შპს „…ოს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ შპს „…ოსთვის“ უცნობი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აღნიშნული არსებითად არ ცვლის შედეგს, ვინაიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება იწყება არა გადაწყვეტილების გამოცხადების, არამედ მისი ჩაბარების მომენტიდან.

კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მას არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების წესი და ვადა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან აღნიშნულ საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში ნათლად არის აღნიშნული, რომ „გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) მეშვეობით“.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას განსჯადობის წესის დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტა ამჯერად არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქმის განსჯადობაზე. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, სადაც სასარჩელო მოთხოვნები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.06.2016წ. განჩინება საქმეზე #ბს-282-280(გ-16), 14.07.2016წ. განჩინება საქმეზე #ბს-465-460(გ-16)).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „…ოს“ კერძო საჩივარზე მ. ლ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…ოს“ (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს მის კერძო საჩივარზე მ. ლ-ის მიერ 18.06.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი თანხა - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე შპს „…ოს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. შპს „…ოს“ (ს/კ …) დაუბრუნდეს მის კერძო საჩივარზე მ. ლ-ის მიერ 18.06.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი თანხა - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი