Facebook Twitter
#ბს-206(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 22 იანვარს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის #1/1-849 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 31 დეკემბრის #1-1/411 ბრძანების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, სადავო ბრძანება შეეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. რ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლას. ბრძანებით ასევე დაევალა იურიდიულ დეპარტამენტს დაკისრებული პირგასამტეხლოს ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება, თუმცა ბრძანებაში პირგასამტეხლოს ოდენობა მითითებული არ არის. 2013 წლის 23 დეკემბერს მოპასუხემ აცნობა, რომ 2013 წლის 28 მარტის #67 დადგენილების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრულება. ამასთან, განისაზღვრა რომ მყიდველს არ აუნაზღაურდებოდა ქონებაზე გაწეული დანახარჯები, მათ შორის, საპრივატიზებო საფასური. იმავე კომისიამ კი თვეების წინ შესაძლებლად ჩათვალა ეპატიებინა დასაკისრებელი პირგასამტეხლო გარკვეული პირობებით. კერძოდ, შპს-ს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლოს ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რასაც დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც. მოსარჩელის მითითებით, მათ განმეორებით მიმართეს სააგენტოს თხოვნით, რომ გაენთავისუფლებინა აღნიშნული თანხის გადახდისაგან, რადგან კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა თხოვნა იგნორირებულ იქნა. კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად დაიწყო პროექტის დამუშავება, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეძენილი ობიექტი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამასთან, არ აღმოჩნდა ობიექტთან მისასვლელი გზა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. რ-ს შორის 2007 წლის 24 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის საფუძველზე, მ. რ-ს საპრივატიზებო ობიექტში 100 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 2007 წლის ბოლომდე. შპს „...ი“ არის მ. რ-ის უფლებამონაცვლე. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის #900 განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ვადა გადავადებულ იქნა 18 თვით და იწურებოდა 2010 წლის 30 ივნისს. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვადლებულება, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ იქნა შესრულებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით გამოსცა სადავო ბრძანებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო ბრძანებით იურიდიულ დეპარტამენტს დაევალა დაკისრებული პირგასამტეხლოს მოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება, თუმცა პირგასამტეხლოს რაოდენობა არ იქნა განსაზღვრული ბრძანებით. კასატორის მითითებით, პროექტის ავტორი არქიტექტორის მიერ ობიექტის შესწავლის შედეგად მომზადდა მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მათ ეცნობათ, რომ შეძენილი ობიექტი იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში. ტექნიკურმა სირთულეებმა სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა საინვესტიციო პროექტის რეალიზაციას და გაზარდა მის განხორციელებაზე გასაწევი ხარჯების ოდენობა. ამავე დროს არ აღმოჩნდა ობიექტთან მისასვლელი გზა, რასაც ასევე ესაჭიროებოდა სერიოზული დანახარჯი. აღმოჩნდა, რომ საინვესტიციო პროგრამის შესრულება უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვდა, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული. კასატორის მითითებით, იგი ობიექტის შეძენისას ვერ გაითვალისწინებდა ამ ხარჯების ოდენობას. აღნიშნულ პრობლემებს დაერთო ასევე საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მისგან გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შპს-ს საკუთრებაში არსებულ გორის რაიონის სოფ. …ში მდებარე ქონებას. იმავდროულად შპს ჩაერთო მეორე საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში. შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხორციელებინა 2007 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კასატორის მითითებით, კომპანიამ განახორციელა გარკვეული დანახარჯები ობიექტზე, ხოლო ხელშეკრულების შემდგომი შესრულება სწორედ მძიმე ფინანსრული მდგომარების გამო ვეღარ გაგრძელდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია ზაკ-ის 32-ე მუხლის დარღვევით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე განიხილა საკითხი, რომ არ შეატყობინა დაინტერესებულ პირს, არ მოისმინა მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 16.05.2008წ. შპს-ს დაემატა ახალი პარტნიორი და 10%-იანი წილის მფლობელი. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების 4.5 პუნქტი საერთოდ არ შესრულდა. ამასთან, კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე, 352-ე და 405-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მ. რ-ს გადასცა ნაკლის მქონე ნივთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ მ. რ-ს (უფლებამონაცვლე შპს „..ი“) შორის 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშერკულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 19 მაისის #1/1-849 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2014 წლის 31 დეკემბრის #1-1/411 ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადლებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდიანრე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შპს „...ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის #900 განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ვადა გადავადებულ იქნა 18 თვით. შპს „...ს“ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაუგზავნეს არაერთი გაფრთხილება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ამასთან აცნობეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ცალმხრივად იქნებოდა მოშლილი. თუმცა, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვადლებულება არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ იქნა შესრულებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კანონით დადგენილი წესით გამოსცა 2014 წლის 19 მაისის #1/1-849 ბრძანება და მისივე უფლებამოსილების ფარგლებში ცალმხრივად მოშალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფიზიკურ პირ მ. რ-ს (უფლებამონაცვლე შპს „...ი“) შორის 2007 წლის 24 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრული მოცულობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ს“ საკასაციო საჩივარზე 27.03.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება;
3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.03.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი