Facebook Twitter

#ბს-928(კს-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - ლ. წ-ა, კ. მ-ი, ა. ვ-ე, ვ. ვ-ი, მ. მ-ი, თ. ზ-ი, თე. ზ-ი, მ. ჯ-ე, სს „... ბანკი“

დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 25 ივნისს გ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ უძრავ ნივთზე, მდებარე - ...ი, ...ის ...ო უბანი (დაუზუსტებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...), ზ. ზ.ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2002 წლის 27 ნოემბრის #... გადაწყვეტილების (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე, მდებარე - ...ი, ...ო უბანი (დაუზუსტებელი სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...), კ. მ-ის საკუთრების წარმოშობის თაობაზე 2004 წლის 19 ნოემბრის #... გადაწყვეტილების (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (1800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილების გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე, მდებარე - ...ი, ...ის ...ო უბანი (დაუზუსტებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...), მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2004 წლის 30 იანვრის #... (30.01.2004წ.) გადაწყვეტილების (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე, მდებარე - ...ი, ...ო უბანი (დაუზუსტებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...), ლ. წ-ას საკუთრების წარმოშობის თაობაზე 2004 წლის 23 ივნისის #... გადაწყვეტილების (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილების გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, აგრეთვე, ლ. წ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ...ი, ...ო უბანი (დაუზუსტებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 28 მაისის იპოთეკის წარმოშობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის #... (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე)) ბათილად ცნობა, ლ. წ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...) იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 15 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და ლ. წ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა, ს.კ. #...) იპოთეკის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უძრავ ნივთებზე, კერძოდ, კ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით #... (ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (ნაკვეთი #7/17); სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული მიწა ფართით 1800.00 კვ.მ) და ლ. წ-ას კუთვნილ უძრავ ნივთზე (ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი, (ნაკვეთი #7/18) სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართით 1000 კვ.მ; ს.კ. #...) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით გ. ჯ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა კ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით #... (ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (ნაკვეთი #7/17); სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული მიწა ფართით 1800.00 კვ.მ) და ლ. წ-ას კუთვნილ უძრავ ნივთზე ქ. თბილისი, ...ი, ...ი, (ნაკვეთი #7/18) სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართით 1000 კვ.მ; ს.კ. #...) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ლ. წ-ა და კ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა „... ბანკი“, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ. ზ-ი, თე. ზ-ი და მ. ჯ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ა. ვ-ე და ვ. ვ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ზ. ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული #... (27.11.2002წ.) გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) უძრავ ნივთზე, მდებარე - ...ი, ...ო უბანი (დაუზუსტებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა ს.კ. #...) - გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კ. მ-ის საკუთრების წარმოშობის თაობაზე #... (19.11.2004წ.) მიღებული გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) უძრავ ნივთზე, მდებარე ...ი, ...ის ...ო უბანი (დაუზუსტებელი სასოფლო-სამეურნეო მიწა ს.კ. #...) - გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული #... (12.11.2007წ.) გადაწყვეტილება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (1800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა ს.კ. #...) გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, კ. მ-ის განცხადებებთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული #... (30.01.2004წ.) გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) უძრავ ნივთზე, მდებარე - გ...ი, ...ის ...ო უბანი (დაუზუსტებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა ს.კ. #...) - გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლ. წ-ას საკუთრების წარმოშობის თაობაზე #... (23.06.2004წ.) მიღებული გადაწყვეტილება (ჩანაწერი სააღრიცხვო ბარათზე) უძრავ ნივთზე, მდებარე - ...ი, ...ის ...ო უბანი (დაუზუსტებელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა ს.კ. #...) - გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული #... (12.11.2007წ.) გადაწყვეტილება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (1000 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო მიწა ს.კ. #...) გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ლ. წ-ას განცხადებებთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება მოსარჩელე - გ. ჯ-ის სასარგებლოდ; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება - 800 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გ. ჯ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, კ. მ-მა და ლ. წ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

2018 წლის 29 ივნისს გ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა მოითხოვა. კერძოდ, მოსარჩელემ აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის კ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით #... (ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი (ნაკვეთი #7/17); სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული მიწა ფართით 1800.00 კვ.მ) და ლ. წ-ას კუთვნილ უძრავ ნივთზე (ქ. თბილისი, ...ი, ...ო უბანი, (ნაკვეთი #7/18) სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართით 1000 კვ.მ; საკ.კოდი - #...) ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა, გარდა #... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლებ(ებ)ის გაუქმებისა (შეწყვეტისა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით გ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოიხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით ს.კ. #... მიწის ნაკვეთზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების (შეწყვეტის) შეზღუდვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე გ. ჯ-ის წარმომადგენლის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირად ჩართვის თაობაზე იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უნდა დარეგისტრირებულიყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ჯ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა - განსახილველ საქმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციების კანონიერება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, სადავო საკადასტრო კოდებზე აღრიცხული იყო კერძო პირების საკუთრების უფლება. არცერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა წინამდებარე დავის საგანს, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული არ იყო. ამავდროულად, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ შუამდგომლობის ავტორის მითითებით, განაჩენი, რომელზეც ის მიუთითებდა, შეეხებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის სამართლებრივ სტატუსს, რომელიც მართალია, რეგისტრაციის ნაწილში არ იყო აღსრულებაქვემდებარე დოკუმენტი, მაგრამ მომავალში, შესაძლოა, გამხდარიყო ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შუამდგომლობის ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საფუძველს არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე, რამდენადაც მითითებული სამინისტრო არ მიეკუთვნებოდა ამ სამართალურთიერთობის მონაწილე პირს და მასთან მიმართებით შეუძლებელი იყო სასამართლოს მხრიდან საერთო გადაწყვეტილების გამოტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიმდინარე საქმის განხილვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გ. ჯ-ის რეგისტრაცია განხორციელდა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ „გამოცხადების“ კანონი წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრების უფლების განმსაზღვრელ სამართლებრივ ნორმას.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, „ფიზიკური და იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის 3.6 მუხლი წარმოადგენს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომლის მოთხოვნათა უპირობო შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას (კერძოდ, მიწის გადასახადისა და ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს) შეიცავს ასევე #..., თარიღი ... სარეგისტრაციო მასალა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგისტრაციის საფუძველი ითვალისწინებდა „მშენებლობის უფლებას“, რაც ასევე კანონის 3.6 მუხლის გავრცელების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თავდაპირველი რედაქციით უძრავი ნივთი განისაზღვრებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით. დასახელებული ნორმის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო 193-ე მუხლის თანახმად, თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად ითვლება ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ნივთის შემადგენელი ნაწილის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი ყოველთვის მეორე ნივთთანაა დაკავშირებული. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და წარმოადგენს განსაკუთრებული უფლებების ობიექტს. მოსარჩელის მოსაზრებით, არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთან და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მშენებლობის უფლება წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება უნდა განხორციელდეს ამავე უფლების სრულად და ჯეროვნად რეალიზების პირობის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გ. ჯ-ის საკუთრებას წარმოადგენს არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ ამავე მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული პროექტის გათვალისწინებით დადგენილი მშენებლობის უფლება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ გ. ჯ-ის მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის წარმოებისათვის აუცილებელია სახელმწიფო ორგანოებთან იმ აუცილებელი პირობების დაცვა, რომელიც უკავშირდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების უზრუნველყოფას (სამეზობლო მიჯნის პირობა და სხვა). შესაბამისად, გ. ჯ-ის ინტერესს წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასთან დაკავშირებული მშენებლობის უფლების რეალიზება, რომელიც დღემდე ვერ მოახერხა გარკვეული მიზეზების გამო. ამასთან, ეს უფლება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გ. ჯ-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე იქნება ამავე ნაკვეთის რეალური მესაკუთრე - სახელმწიფო და არა ლ. წ-ა (ან კ. მ-ი). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მესამე პირად სახელმწიფოს ჩართვა მოსარჩელეს მისცემს შესაძლებლობას, გაერკვეს აუცილებელი გზის, სამეზობლო მიჯნისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდეს ლ. წ-ასთან თუ რეალურ მესაკუთრესთან - სახელმწიფოსთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით გ. ჯ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის #ბს-585-585(კს-18) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.“

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის #ბს-1133-1127(კს-17) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.“

ზემოხსენებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.“

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირების კონკრეტული სტატუსით ჩაბმის უმთავრესი მიზანი აღნიშნულ პირთა ინტერესების დაცვაა. მართალია, პროცესში მესამე პირის ჩართულობა ხელს უწყობს სამართალწარმოებაში მხარეთა აქტიურ მონაწილეობას, აგრეთვე, სასამართლოს მიერ დავის მართებულ გადაწყვეტას, თუმცა მესამე პირის ჩაბმის საჭიროების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა სამართალწარმოების რომელიმე მხარის უშუალო დაინტერესება პროცესში მესამე პირის მონაწილეობასთან მიმართებით, არამედ ის, თუ რამდენად არსებობს სწორედ აღნიშნული მესამე პირის მხრიდან კონკრეტულ დავასთან მიმართებით დაცვის ღირსი რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ. ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში #..., #..., #..., #..., #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციების კანონიერება.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მესამე პირად სახელმწიფოს ჩართვა მოსარჩელეს მისცემს შესაძლებლობას, გაერკვეს აუცილებელი გზის, სამეზობლო მიჯნისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდეს ლ. წ-ასთან თუ რეალურ მესაკუთრესთან - სახელმწიფოსთან. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ უნდა დარეგისტრირებულიყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. აღნიშნული განაჩენი შეეხებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის სამართლებრივ სტატუსს, რომელიც მართალია, რეგისტრაციის ნაწილში არ იყო აღსრულებაქვემდებარე დოკუმენტი, თუმცა მომავალში, შესაძლოა, გამხდარიყო ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. ჯ-ის მხრიდან იმ გარემოების მიმართ არსებული დაინტერესება, სამომავლო სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდეს ლ. წ-ასთან თუ სახელმწიფოსთან, ვერ იქცევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელ მოცემულობად, რამდენადაც საქმეში მესამე პირად სახელმწიფოს მონაწილეობისათვის, გადამწყვეტია, თავად სახელმწიფოს გააჩნდეს გარკვეული ინტერესი დავის მიმართ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი საქმეში სამინისტროს სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საჭიროებას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ სამომავლოდ სახელმწიფო, შესაძლოა, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდეს. მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს პირის სადავო სამართალურთიერთობასთან ისეთი კავშირი, რომელიც ამ სამართალურთიერთობასთან მიმართებით მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ხსენებული გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აუცილებელ შემხებლობაში იქნება მესამე პირის არააბსტრაქტულ, რეალურ და კანონით დაცულ პატივსადებ ინტერესებთან. მოცემულ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა არის კერძო საჩივრის ავტორისათვის მოსალოდნელი შესაძლო შედეგი, თუმცა რამდენადაც არსებული მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავე მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში დღევანდელი მდგომარეობით არ ირიცხება და მისი სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა ჰიპოთეტური შესაძლებლობაა, სადავო საკითხის გადაწყვეტის შედეგად სახელმწიფოს ინტერესებისადმი შემხებლობა არის აბსტრაქტული, სავარაუდო მოცემულობა, რაც გამორიცხავს, განსახილველ დავაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საჭიროებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში შესაძლო გადასვლა მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა სამომავლოდ სახელმწიფოს ინტერესებსაც შეეხოს. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ არსებული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, სახელმწიფოს მონაწილეობა შესაძლოა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მარტივი მოწვევის მესამე პირის სტატუსით იყოს გამართლებული. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარტივი მოწვევის მესამე პირთა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ჩაბმა წარმოადგენს არა სასამართლოს ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას. შესაბამისად, მარტივი მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვა სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის არ იყო საჭირო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგი სრულად შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი