#ბს-465(კ-19) 14 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 14 ივლისს ი. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გურიის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების, ი. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. ოზურგეთში, ...ის ქუჩა #17-ში მდებარე ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარე ... „...ს“ ს...ოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, 2016 წელს ოზურგეთის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით, როგორც პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ მიიღო გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო სრულად. მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით, აუქციონის შედეგების ოქმითა და სანოტარო წესით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ფლობდა ოზურგეთში, ...ის ქ. #12-ში მდებარე ... „...ს“ ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარე 25 კვ.მ ფართის მქონე ს...ოს.
მოსარჩელის მითითებით, მისმა მეუღლემ უძრავი ქონება შეისყიდა მინისტრთა კაბინეტის 1992 წელის 29 მაისის #612 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ“ დებულების შესაბამისად 1993 წლის 2 სექტემბერს გამართულ საჯარო აუქციონზე, სადაც მოსარჩელის მეუღლე გამარჯვებულად გამოცხადდა და გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტები - აუქციონში მონაწილეობის ბილეთი, აუქციონის შედეგების #14 ოქმი, ნასყიდობის ხელშეკრულება, გამყიდველის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული, ასევე არ არის ბათილად, არარად ან ძალადაკარგულად გამოცხადებული.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. კ-ი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 10 აპრილის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2017 წლის 15 მაისის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ი. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების შესწავლის და შეფასების გზით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, ი. კ-მა ლ. კ-ისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მესამე პირებად ჩართვის შესახებ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა და ლ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება; ი. კ-ის კერძო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 29.05.1992წ. #612 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ“ დებულების 26-ე პუნქტზე, რომლის მიხედვით, აუქციონის მონაწილეს, რომელიც საჯარო ვაჭრობის მსვლელობისას სახელმწიფო საკუთრების ობიექტზე საბოლოო ფასს შესთავაზებდა, აღნიშნულ ობიექტზე საჯარო ვაჭრობის დამთავრებიდან 10 წუთის განმავლობაში უნდა წარედგინა აუქციონის ორგანიზატორისთვის ბილეთი და ხელი მოეწერა აუქციონის შედეგების ოქმზე, ოქმს ხელს აწერდა ასევე აუქციონის ორგანიზატორი და მეაუქციონე. ოქმში აღინიშნებოდა მონაცემები თანამდებობის პირებზე, მეაუქციონეზე, სახელმწიფო საკუთრების ობიექტის საწყისი და საბოლოო ფასები, ასევე ობიექტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ხელმოსაწერად მხარეთა ვალდებულებანი და გამყიდველის საანგარიშსწორებო ანგარიშის ნომერი. აუქციონის შედეგების ოქმის პირი გაიცემოდა მყიდველზე და წარმოადგენდა დროებით მოწმობას, რაც ამტკიცებდა მყიდველის საკუთრების უფლებას გაყიდულ ქონებაზე.
სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული დებულება არ მიუთითებს აუქციონის წესით შეძენილ ქონებაზე მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე (განსხვავებით კონკურსის წესით სახელმწიფო ქონების შეძენის შესახებ დებულებისაგან, რომელიც ასევე დამტკიცებული იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 29.05.1992წ. #612 დადგენილებით, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებაზე). პალატის მითითებით, 1993 წელს მოქმედი საკანონმდებლო აქტის მიხედვით, აუქციონის წესით სახელმწიფო საწარმოს შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს გამყიდველის (სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის) და მყიდველის (კერძო სუბიექტის) მიერ ხელმოწერილი აუქციონის შედეგების ოქმი წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სასამართლომ ასევე მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონის 20.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, პრივატიზების ფორმებისაგან დამოუკიდებლად სახელმწიფო საწარმოთა... გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდებოდა ხელშეკრულება, რომელიც შინაარსითა და ფორმით შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამავე კანონის 20.3 მუხლით, საწარმოზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემოდა ხელშეკრულების ნოტარიალურად რეგისტრაციის მომენტიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. კანონის 22.1 მუხლის თანახმად, პრივატიზების პროცესში სახელმწიფო იძლეოდა გამყიდველისა და მყიდველის უფლებათა და მოვალეობათა დაცვის გარანტიას. იმ შემთხვევაში თუ პრივატიზება ჩატარდებოდა ამ კანონის დარღვევით, სახელმწიფო არ იძლეოდა მყიდველის უფლებათა დაცვის გარანტიას და იღებდა ზომებს დადებულ გარიგებათა გასაბათილებლად. კანონის 23-ე მუხლი ჩამოთვლიდა იმ საფუძვლებს, რაც განაპირობებდა პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობას.
პალატის მითითებით, მხარეებს ხელთ გააჩნიათ და ტექნიკური აღრიცხვის არქივშიც დაცულია 1993 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება (მართალია, დედანი დოკუმენტი არ იძებნება, თუმცა დოკუმენტის ასლის დედანთან შესაბამისობა 27.12.1993წ. დადასტურებულია ნოტარიუს მ. მ-ის მიერ, შესაბამისი გერბიანი ბეჭდითა და შტამპით), რომელშიც მითითებულია, რომ გ. კ-მა შეისყიდა ...ი „...ს“ ს...ო. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში მოხსენიებული აუქციონის შედეგების 1993 წლის 2 სექტემბრის ოქმი და 10 სექტემბრის ხელშეკრულება წარმოშობდა შეძენილ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ი. კ-ი ითხოვს იმ ქონებას, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ ქონებაზე ლ. კ-ს გააჩნია კანონიერი პრეტენზია, რადგან წლებია კანონიერად ფლობს და სარგებლობს ამ ფართით. ი. კ-ი კი, რომელიც ითხოვს აღნიშნული ქონების დასაკუთრებას, ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფო ინტერესებს (ქონება სახელმწიფო საკუთრებაა), ისე აშკარად არღვევს ლ. კ-ის კანონიერ ინტერესებსაც, რადგან იგი წლებია აღნიშნულ ქონებას კანონიერად ფლობს და სარგებლობს. კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრმა სწორად უთხრა უარი ი. კ-ს სადავო ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე, ვინაიდან საჭირო დოკუმენტები არ წარუდგენია მას. მოცემულ შემთხვევაში კი, აუცილებელი იყო საკუთრების მოწმობის წარდგენა. ქონების გადასაცემად ასევე აუცილებელი იყო თანხის გადახდა და საკუთრების მოწმობის გაცემა, მოცემულ შემთხვევაში კი, არც თანხა ყოფილა გადახდილი და არც საკუთრების მოწმობა გაცემულა.
ამასთან, კასატორის მითითებით, აუქციონის შედგენის მომენტისთვის გ. კ-ი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კასატორმა საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1993 წლის განაჩენით გ. კ-ის მიმართ დამდგარი შედეგების სასამართლოს არქივიდან გამოთხოვის თაობაზე, მოგვიანებით კი საკასაციო სასამართლოში თავად წარმოადგინა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით კასატორს – ლ. კ-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1993 წლის 2 სექტემბრის აუქციონის შედეგების შესაბამისად 1993 წლის 10 სექტემბერს სახელმწიფო ქონების რაიონულ სამმართველოსა და გ. კ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე ი. კ-ს, როგორც გ. კ-ის მემკვიდრეს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უარი ეთქვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ვინაიდან მას არ გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის 2 სექტემბრის აუქციონის შედეგების შესახებ #14 ოქმით (ასლის სახით) ირკვევა, რომ გ. ი. კ-მა ნაღდი ანგარიშსწორებით, 1 300 000 კუპონად შეისყიდა ...ი „...ს“ ს...ო. ოქმი ხელმოწერილია სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის რაიონული სამმართველოს უფროსის - ა. ღ-ისა და მყიდველი ფიზიკური პირის მიერ. ამასთან, 1993 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ასლით, რომლის დედანთან შესაბამისობას ამოწმებს ოზურგეთის ნოტარიუსი მ. მ-ი გერბიანი ბეჭდითა და შესაბამისი შტამპით 1993 წლის 27 დეკემბერს, ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოსა და გ. ი. კ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გ. კ-მა შეისყიდა ...ი „...ს“ ს...ო.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათება. აღნიშნული ცნობა-დახასიათების მონაცემებით გრაფაში „ნაკვეთის საკუთრების აღწერა“ - მითითებულია „ოზურგეთი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - გაურკვეველი; ნაკვეთის ფუნქცია - გაურკვეველი; მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოუმენტი არ არის წარმოდგენილი“; გრაფაში „ლიტერი - საკუთრების აღწერა“ - მითითებულია „დასახელება - არასაცხოვრებელი; სართულების რაოდენობა - 2; საერთო ფართობი - 25 კვ.მ“; გრაფაში „მესაკუთრის (მოსარგებლის) აღწერა“ - მითითებულია - გ. ი. კ-ი“. ცნობა-დახასიათებას აქვს შენიშვნა - მასალა არასრულყოფილია, წარმოდგენილია მხოლოდ ხელშეკრულება, სადაც უძრავი ნივთის მისამართი დაფიქსირებული არ არის, საქმეში ტექნიკური პასპორტი და საინვენტარიზაციო გეგმა, ასევე ტექნიკური მაჩვენებელი წარმოდგენილი არ არის. ცნობა-დახასიათებაში მითითებულია წარდგენილი დოკუმენტების შესახებ და ესენია: - ხელშეკრულება #1-1864, 10/09/1993, ნოტარიუსი მ. მ-ი, ოქმი #14 აუქციონის შედეგების შესახებ #1-1865 02/-09/1993 ნოტარიუსი მ. მ-ი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 29.05.1992წ. #612 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ“ დებულების ანალიზისა და საქმეზე წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ აუქციონის შედეგების 1993 წლის 2 სექტემბრის ოქმი და 10 სექტემბრის ხელშეკრულება წარმოშობდა შეძენილ ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლებას.
აქვე, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ძალაშია და არც ყოფილა სადავო 1993 წლის 2 სექტემბრის აუქციონის შედეგების დამადასტურებელი ოქმი და 1993 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება, რომლითაც სადავო ქონებაზე დასტურდება მხოლოდ გ. კ-ის უფლება, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოსა და გ. კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. კ-მა შეისყიდა ...ი „...ს“ ს...ო.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ გ. კ-ს არ ჩამორთმევია ქონება, უფრო მეტიც, ის ტექბიუროს სააღრიცხვო მონაცემებით 25 კვ.მ ფართის მესაკუთრედ არის აღრიცხული სამსახურში დაცული აუქციონის ოქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე, რაც წარმოდგენილი ცნობა-დახასიათებით, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებითაც დასტურდება.
ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ჯეროვნად გამოყენებით, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ოზურგეთში, ა. ...ის #17-ში მდებარე ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული გ. კ-ის მიერ შეძენილი „...ოს“ ფართობი. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული საშუალებების გამოყენებით უნდა მოხდეს სარეგისტრაციო ობიექტის ფართობის დადგენა და სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მოცემულ ცნობაში წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ შეცვლის განსახილველი საქმის ბედს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ლ. კ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ლ. კ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. ლ. კ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი