გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 5-აპ 5 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),
ნ. გვენეტაძე (მომხსენებელი),
მ. გოგელია
განიხილა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორ ა.მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განაჩენზე გ. ბ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 სექტემბრის განაჩენით გ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ გ.ბ-ეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულაბაში მოხდით. დანიშნული სასჯელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი.
განაჩენით გ.ბალახაძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2003წ. 17 ოქტომბერს გორის რაიონის სოფ. ---ში გ. ბ-ემ უცნობი მამაკაცისაგან 555 ლარად ქართული აქციზური მარკის გარეშე შეიძინა თამბაქოს ნაწარმი: 1.000 კოლოფი “ტროიკა” და 410 კოლოფი “ნოვოსტო”. აღნიშნული სიგარეტი მან უკანონოდ შეინახა და ასევე უკანონოდ ახდენდა მათ გადაზიდვას გორის მიმართულებით, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი ა.მაზმიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ.ბალახაძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. პალატის სხდომაზე პროკურორმა ა.ს-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და გ.ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ამნისტიის აქტის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენით გ.ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი.
გ.ბ-ეს განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება და გ.ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ამნისტიის აქტის საფუძველზე.
სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “თ” ქვეპუნქტი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ერთ-ერთ გარემოებად ითვალისწინებს ამნისტიის აქტის გამოცემას, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
“ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს 2004წ. 24 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყვეტას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმე იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც ჩადენილია 2004წ. 1 იანვრამდე და დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო ინსტანციაში გამოვლინდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ გ.ბ-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს 2004წ. 24 დეკემბრის ამნისტიის აქტი, სისხლის სამართლის საქმე გ.ბ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის, ასევე “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს 2004წ. 24 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, “ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს 2004წ. 24 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განაჩენი და გ. ბ-ს მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე ამნისტიის აქტის საფუძველზე.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.