Facebook Twitter

საქმე №ბს-1164 (კ-18) 27 თებერვალი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი – სამშენებლო სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციისგან განთავისუფლება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2018წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-მა 07.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილების, აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.05.2017წ. №1-1186 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ა-ის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის რეკონსტრუქციის ფაქტი სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა, აღნიშნული აღიარებული იქნა აგრეთვე თავად მ. ა-ის მიერ. უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილებით მ. ა-ი დაჯარიმდა 4000 ლარით და დაევალა ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში ს.კ. ...-ზე არსებული ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.05.2017წ. №1-1186 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ მოთხოვნებზე, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ დასტურდებოდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ აქტების კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც ოჯახი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და იღებს შემწეობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, ხოლო სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობა მოსარჩელის მიერ მითითებული მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით რაიმე სახის გამონაკლისს არ ითვალისწინებს, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელე მხარის სოციალური მდგომარეობა გათვალისწინებული ვერ იქნებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახს გააჩნია მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. ვინაიდან არ გააჩნდა საცხოვრებელი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობაში შესახლდა ოჯახთან ერთად და მათ მიერ დაკავებულ ფართზე არსებული ერთი ფანჯრის ღიობი შეამცირა, ხოლო მეორე ფანჯრის ღიობი გადააკეთა შესასვლელ კარად. ვინაიდან კასატორის მიერ დაკავებულ ფართს არ გააჩნდა ცალკე შესასვლელი კარი, აღნიშნულის გამო კასატორის მიერ ფანჯრის ღიობი გადაკეთდა შესასვლელ კარად, რადგან სხვაგვარად ვერ ახერხებდა სახლში შესვლას, ვინაიდან ყველა მაცხოვრებელმა ამოაშენა თავისი ფართი და მოაწყეს გარეთ გასასვლელი კარები. აღნიშნულით იყო განპირობებული რეკონსტრუქციის განხორციელება. კასატორი აღნიშნავს, რომ ამოჭრილი კარების გარდა სახლს არ აქვს სხვა შესასვლელი, ადმინისტრაციული ორგანოს მუშაკების მიერ არ მომხდარა სახლის შიდა მდგომარეობის დათვალიერება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სხვა მაცხოვრებლების მიერ უნებართვოდ სარდაფის ამოშენებაზე, გარე მიშენების განხორციელებაზე. მიუხედავად ამისა წინა კორპუსის მაცხოვრებლის საჩივრის საფუძველზე, ყურადღება გამახვილდა მხოლოდ კასატორის მიერ კარების უკანონოდ მოწყობაზე. ოჯახის მძიმე მატერიალურმა მდგომარეობამ განაპირობა მის მიერ რეკონსტრუქციის წარმოება, რაც გათვალისწინებული არ იქნა ადმინისტრაციული ორგანოების და სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას. მითითებული გარემოებების გაუთვალისწინებლობის გამო არსებობს სზაკ-ის 601 მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

12.02.2020წ. მ. ა-ის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი განცხადება გასაჩივრებული აქტებით განსაზღვრული სანქციის მოხსნის მოთხოვნით, სადაც კვლავ მიუთითა ოჯახის წევრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აგრეთვე ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო საჯარიმო თანხის გადახდის შეუძლებლობაზე. აღნიშნულის დასტურად კასატორის მიერ წარმოდგენილი იქნა 12.02.2020წ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და მ. ა-ის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ფორმა №100.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.02.2020წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.02.2020წ. განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება მ. ა-ის მიერ შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის რეკონსტრუქცია, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში ს.კ. ... არსებულ შენობაზე ფანჯრის ღიობის შემცირება, მეორე ფანჯრის ღიობის გადიდება და მის ნაცვლად კარის მოწყობა. აღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილებით მ. ა-ი დაჯარიმდა 4000 ლარით და მას დაევალა ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში ს.კ. ... არსებული ობიექტის (შენობის) პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.05.2017წ. №1-1186 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

საქმის მასალებით დასტურდება მ. ა-ის ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 21270 და შესაბამისი შემწეობის დანიშვნა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონზე, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ სამშენებლო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო მ. ა-ისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული, ამასთანავე, მ. ა-ი არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სარეიტინგო ქულით - 21270 (ს.ფ. 387). „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია („ა“ ქვ.პ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს მ. ა-ისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, სზაკ-ის 601 მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.05.2017წ. №1-1186 ბრძანება მ. ა-ის 4000 (ოთხი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში.

ვინაიდან „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით შეღავათი ეხება მხოლოდ ჯარიმისაგან და საურავისაგან განთავისუფლებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.05.2017წ. №1-1186 ბრძანება მ. ა-ისთვის შენობის პირვანდელ მდგომარეობის მოყვანის დავალების ნაწილში კანონიერია და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იდენტურ გარემოებაში კორპუსის სხვა მაცხოვრებლებისათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არ მოუთხოვიათ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევაზე რაეგირება არ განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს უფლებამოსილებათა რიგს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკა ამ მიმართებით ვერ ახდენს გავლენას სადავო აქტის კანონიერებაზე, მოცემული დავის ფარგლებს სცილდება ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა სხვა დარღვევის მიმართ. ამასთანავე, თანასწორობის პრინციპის დაცვა პირმა უნდა მოითხოვოს კანონის დაცვაში და არა მის დარღვევაში, უკანასკნელში თანასწორობის დაცვის მოთხოვნა დაუშვებელია. ის გარემოება, რომ მაცხოვრებლების მიერ მოხდენილი რეკონსტრუქციის შედეგად კასატორს არ აქვს ფართში სხვა შესასვლელი, ქმნის არა უკანონო რეკონსტრუქციის, არამედ კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურებით რეკონსტრუქციის ნებართვის საკითხის დასმის საფუძველს.

გასაჩივრებული აქტების უკანონობას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ კასატორის მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და არა მშენებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა ქ. თბილისში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაგებობაზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე რეკონსტრუქციის წარმოება, რაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.2 მუხლის თანახმად იწვევს 4 000 ლარით დაჯარიმებას. საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე კასატორის მოსაზრება სპეციალური კომისიის შექმნის და სადავო საკითხზე დასკვნის მომზადების საჭიროების შესახებ.

საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.

სასკ-ის მე-10 მუხლის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „მ1“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411–ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2018წ. განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.05.2017წ. №1-1186 ბრძანება მ. ა-ის 4000 ლარით დაჯარიმების ნაწილში;

5. მ. ა-ისათვის ქ. თბილისში, ...ას დასახლებაში (...ას დასახლება) ს.კ. ...-ზე არსებული ობიექტის (შენობის) პირვანდელი მდგომარეობაში მოყვანის დავალების ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 24.05.2016წ. №000946 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.05.2017წ. №1-1186 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.2018წ. განჩინება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი