#ბს-1368(კს-19) 19 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენელი ჯ. გ-ი
მოსარჩელეები - თ. ხ-ი; კ. ხ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - რ. ბ-ი; დ. მ-ი
დავის საგანი - განჩინების განმარტება; განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 2 აპრილს თ. ხ-მა და კ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ცაგერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების - გ. გ-ის, ბ. გ-ის, რ. ბ-ის, დ. მ-ისა და ბი. გ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა უძრავ ნივთებზე (ს/კოდი: ...; ...; ...; ...; ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.
2019 წლის 2 აპრილს თ. ხ-მა და კ. ხ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართეს ცაგერის რაიონულ სასამართლოს და დავის დასრულებამდე, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ნივთებზე (ს/კოდი: ...; ...; ...; ...; ...) ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის დავალდებულება მოითხოვეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით, თ. ხ-ისა და კ. ხ-ის სარჩელი და განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თვითაცილების წესით აცილებულ იქნა და სხვა სასამართლოსათვის გადაცემის მიზნით გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებასთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით, თ. ხ-ისა და კ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურს, დავის დასრულებამდე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე (ს/კოდი: ...; ...; ...; ...; ...) ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის განხორციელება აეკრძალა.
2019 წლის 3 მაისს ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენელმა ჯ. გ-მა საჩივრით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა ნაწილობრივ; გაუქმდა უძრავ ნივთზე - ს/კოდით: ... ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის აკრძალვა; დანარჩენ ნაწილში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელი და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
2019 წლის 6 მაისს თ. ხ-ის და კ. ხ-ის წარმომადგენელმა ია შვანგირაძემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და დავის დასრულებამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის რ. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე - ს/კოდით ...ა, ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის დავალდებულება მოითხოვა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, თ. ხ-ისა და კ. ხ-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურს რ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, „...ის“ ნაწილზე ს/კოდი: ...ა, დავის დასრულებამდე ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის განხორციელება აეკრძალა.
2019 წლის 15 მაისს თ. ხ-ის და კ. ხ-ის წარმომადგენელმა ია შვანგირაძემ საჩივრით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმება, ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით, თ. ხ-ის და კ. ხ-ის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინება ნაწილობრივ და უცვლელად დარჩა 2019 წლის 8 აპრილის განჩინება; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურს დავის დასრულებამდე, სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (ს/კოდი: ...) ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის განხორციელება აეკრძალა.
2019 წლის 14 ივნისს ბ. გ-ის წარმომადგენელმა ჯ. გ-მა საჩივრით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით, ბ. გ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით, ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის საჩივრები ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილისა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებებზე საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, ბ. გ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილისა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2019 წლის 11 ნოემბერს ჯ. გ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება არ შეიცავდა არავითარ ინფორმაციას მათ მიერ დაყენებული სამართლებრივი მოთხოვნის და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის საფუძვლებზე, კერძოდ, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ აუცილებლად მესამე პირების კანონიერ საკუთრებაში არსებული 6.5-ჯერ მეტი ნაკვეთის ფართობის დაყადაღება/შეზღუდვა; თუ რომელი კანონის ან ნორმის საფუძველზე იქნა მიჩნეული საკმარისად სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, თუ კი სარჩელის უზრუნველყოფა უნდა გავრცელდეს მესამე პირების ქონებაზე; რის საფუძველზე იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, როცა აღნიშნული საკითხები დეტალურად რეგულირდება და მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით; თუ რომელი ნორმის საფუძველზე იქნა მიჩნეული კანონიერად მესამე პირების კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გავრცელება. ასევე განმცხადებელი მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის არასწორ გამოყენებაზე. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ ბ. გ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა არავითარ ინფორმაციას სხვა საჩივრის ავტორების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამასთან, დღემდე არ მიუღიათ არავითარი დამატებითი განჩინება ბი. და გ. გ-ების საჩივართან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ჯ. გ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების როგორც აღწერილობითი, ისე სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი და მისი განმარტების პროცესუალური აუცილებლობა არ არსებობდა, კერძოდ, ჯ. გ-ი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განმარტებული ყოფილიყო თუ რომელი ნორმის საფუძველზე დატოვა უცვლელი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, მაშინ როდესაც საქმეში ჩაბმული მესამე პირების მიმართ რეგისტრირებულ საკუთრებაზე დაუშვებელი იყო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გავრცელება. პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის მიმართ გამოყენებული იყო აკრძალვა - მხარეებს შორის დავის დასრულებამდე სადავო უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთებზე) ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის განხორციელება და არა ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც ამას განმცხადებელი უთითებდა, რაც სრულ შესაბამისობაშია არამარტო საპროცესო კანონმდებლობასთან, არამედ სასამართლო პრაქტიკასთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი ამოღებულ იქნა, როგორც ზედმეტად მითითებული; განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ბ., ბი. და გ. გ-ების წარმომადგენლის ჯ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს".
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ის, ბი. გ-ის და გ. გ-ის წარმომადგენელმა ჯ. გ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 03 იანვრის განჩინებით, ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორი ვრცლად მიუთითებს მის მიერ 2019 წლის 11 ნოემბრის განცხადებაში მითითებულ არგუმენტებზე და დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოსგან მოითხოვა განმარტება ბუნდოვანი და გაურკვეველი სარეზოლუციო ნაწილის თაობაზე და არა უსწორობის გასწორება, ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 11 ნოემბერს მან განცხადებით მიმართა როგორც ბი. და გ. გ-ის წარმომადგენელმა და არა - ბ., ბი. და გ. გ-ის წარმომადგენელმა, როგორც ეს განჩინებებშია მითითებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 03 იანვრის განჩინებით, ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის (წარმომადგენელი - ჯ. გ-ი) კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ საჩივარზე მიღებული განჩინების განმარტებაზე უარსა და იმავე განჩინებაზე სასამართლოს მიერ უსწორობის გასწორებას.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს განჩინების განმარტებისა და უსწორობის გასწორების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, თუ რა შემთხვევაში დგება საკითხი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების განმარტებაზე და რა შემთხვევაში უსწორობის გასწორებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამავე ნორმის თანახმად, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მითითებული ნორმის შინაარსი ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განმარტების გაცემა ხდება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს და წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის არაბუნდოვანებასთან მიმართებაში, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ბ. გ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის და 2019 წლის 07 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ; აღნიშნული კი წარმოადგენს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოტივაციაში ასახული სამართლებრივი შეფასებების შედეგს, ხოლო განჩინების მოტივაცია ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, ისევე, როგორც უსწორობის გასწორების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაშვებულია გადაწყვეტილების თუ განჩინების გამოტანის შემდეგ აღმოჩენილი იმგვარი მექანიკური თუ მექანიკური ხასიათის შეცდომის გასწორება ახალი განჩინების მიღების გზით, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან გადაწყვეტილება იძენს შეუცვლელობის თვისებას, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მისი გასწორების უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციას. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეცდომის გამოსწორების საგამონაკლისო შემთხვევა (სსკ-ის 260-ე მუხ.) ითვალისწინებს ისეთი შესწორების შეტანის შესაძლებლობას, რომელიც არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების არსს. უსწორობა შეიძლება ეხებოდეს მხარეთა დასახელებას, ცალკეული სიტყვების გამრუდებას, დაშვებულ მექანიკურ შეცდომებს წერის დროს. ამასთან, გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას. სსკ-ის 260-ე მუხლი გულისხმობს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაასწორა 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობები, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი, როგორც ზედმეტად მითითებული და ასევე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოაყალიბა შემდეგი რედაქციით: „ბ., ბი. და გ. გ-ების წარმომადგენლის ჯ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების შესავალ, აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში მითითებული არის სამივე მარწმუნებლის - საჩივრის ავტორის (ბა., ბი. და გ. გ-ები) ვინაობა. ამდენად, სარეზოლუციო ნაწილში მხოლოდ ერთი პირის - ბ. გ-ის მითითება წარმოადგენდა აშკარა ტექნიკურ უზუსტობას, რისი გამოსწორებაც ცალსახად შესაძლებელი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ განცხადებელი არ ითხოვდა უსწორობის გასწორებას და ითხოვდა განჩინების განმარტებას, სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო საკუთარი ინიციატივით მოეხდინა განჩინებაში იმგვარი მექანიკური ხასიათის შეცდომების გასწორება, რომელიც არსებითად არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს; მოცემულ შემთხვევაში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან ზედმეტად მითითითებული საპროცესო მუხლის ამოღება და სარეზოლუციო ნაწილში საჩივრის ავტორთა დამატება, ასეთ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, რაც შეეხება, კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე რომ ჯ. გ-მა 2019 წლის 11 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა, როგორც ბი. და გ. გ-ის წარმომადგენელმა და არა როგორც - ბ., ბი. და გ. გ-ების წარმომადგენელმა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 11 ნოემბრის განცხადების პირველ გვერდზე ჯ. გ-ი მითითებულია როგორც - ბ., ბი. და გ. გ-ების წარმომადგენელი (ტომი 2, ს.ფ. 25), ხელმოწერა კი განხორციელებულია, მისი როგორც ბი. და გ. გ-ების წარმომადგენლის მიერ, ამდენად, თავად განცხადებაც შეიცავს ტექნიკურ უზუსტობებს, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლოს მხრიდან ტექნიკური შეცდომის დაშვების პირობებშიც არ გვაქვს სახეზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბ., ბი. და გ. გ-ების წარმომადგენლის ჯ. გ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 262-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ის, ბი. გ-ისა და გ. გ-ის წარმომადგენლის ჯ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბერის განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინების განმარტების თაობაზე;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბერის განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე