#ბს-1365(კ-19) 19 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 25 აგვისტოს ო. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის #... ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ო. გ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ გამოცემა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
2016 წლის 5 ოქტომბერს ო. გ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და დამატებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 14 მარტის MIA116000641738 დასკვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. გ-ის შუამდგომლობა გ. ს-ის, შ. ა-ას, რ. ს-ის, პ. გ-ის, მ. ნ-ის, ვ. კ-ას, ნ. ჟ-ის, ნ. ჯ-ას და ვ. ა-ის მოწმის სახით მოწვევისა და დაკითხვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 14 მარტის MIA116000641738 დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ო. გ-ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ო. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ო. გ-ის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ეყრდნობოდა ო. გ-ის მიმართ შედგენილ სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას, რომლითაც დადგინდა შემდეგი: ო. გ-ემ ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნაში, მოქალაქისთვის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინტიმური ურთიერთობით დაკავების შეთავაზებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის და პირადი ხელმძღვანელის მოთხოვნების შეუსრულებლობაში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს #709 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაში, რომლითაც აეკრძალათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველი თანამდებობის პირნი მუდმივად უნდა ასრულებდნენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებოდნენ საზოგადოებას და იცავდნენ ყველა პირს მართლსაწინააღმდეგო აქტებისაგან პასუხისმგებლობის იმ მაღალი ხარისხის შესაბამისად, მათი პროფესია რომ მოითხოვს. მეორე მუხლის თანახმად, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად კი მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ამ კოდექსს. ამასთანავე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს.
სააპელაციო სასამართლომ გარდა სხვა მნიშვნელოვანი განმარტებებისა, ასევე აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი შეიძლება დაეთხოვათ სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნული კანონის IX თავში განსაზღვრული იყო პოლიციის საქმიანობის კონტროლი, რომლის 59-ე მუხლი განსაზღვრავდა სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობის სახეებს, რომლის მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნა წარმოადგენდა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მიერ მოსამსახურის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის სახეს. აღნიშნული სახდელის გამოყენების წესი კი რეგულირდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრებოდა დისციპლინური სახდელი; იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი იყო ამ დისციპლინური გადაცდომის სახეები: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ო. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლება შესაბამისი იყო იმ დარღვევისა, რაც ო. გ-ის მიერ იქნა ჩადენილი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის ქცევის სტანდარტები მოწესრიგებული იყო ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით, რომლის თანახმად, პოლიცია საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელმწიფო ორგანოა და პოლიციელის საქმიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით ო. გ-ის მიერ ასევე მოთხოვნილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა გ. ს-ის, შ. ა-ას, რ. ს-ის, პ. გ-ის, მ. ნ-ის, ვ. კ-ას, ნ. ჟ-ის, ნ. ჯ-ასა და ვ. ა-ის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა. შ-ი, რ. ს-ის, პ. გ-ის, მ. ნ-ის, ვ. კ-ას, ნ. ჟ-ის, ნ. ჯ-ასა და ვ. ა-ის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა ო. გ-ემ დააყენა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც საქმის განხილვისას. აღნიშნული შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილ გ. ს-ის, შ. ა-ას, რ. ს-ის, პ. გ-ის, მ. ნ-ის, ვ. კ-ას, ნ. ჟ-ის, ნ. ჯ-ას ახსნა - განმარტებებში მითითებული იყო განსახილველ საკითხთან მიმართებით მათთვის ცნობილი ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას შეაფასა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ო. გ-ის შუამდგომლობაში აღნიშნულ პირთა სასამართლოს სხდომაზე მოწვევისა და მოწმის სახით დაკითხვის საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, მაშინ როცა მოწმეთა ახსნა-განმარტებებით დაადასტურებოდა, რომ მის ქმედებაში რაიმე სახის გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ შეუდარებია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და სასამართლოს არ მიუცია შესაძლებლობა მოწმეთა დაკითხვის გზით ემტკიცებინა საწინააღმდეგო პოზიცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის #... ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ო. გ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ 2016 წლის 6 მარტს მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების პროფილაქტიკური გადამოწმება. 2016 წლის 14 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის #123 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის ი. ჭ-ის მიერ დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურე ო. გ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა MIA116000641738. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ პოლიციის ... ო. გ-ეს შეფარდებოდა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი: ო. გ-ემ არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4 (პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქესთან კონფლიქტში შესვლასა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნაში, მოქალაქისთვის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინტიმური ურთიერთობით დაკავების შეთავაზებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის და პირადი ხელმძღვანელის მოთხოვნების შეუსრულებლობაში, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს #709 ბრძანების (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით) დარღვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ 2016 წლის 29 ივლისის #... ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს #709 ბრძანების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 მუხლებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების ...ი (...ი-...ი) პოლიციის ...ი ო. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. გამოცემულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა (MIA 1 16 00641738, 14.03.2016).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
აღნიშნული კანონის მეორე თავით განსაზღვრულია პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციპები, რომლის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამ პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს პოლიციელის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრულია პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის წესი, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნული კანონის IX თავში განსაზღვრულია პოლიციის საქმიანობის კონტროლი, რომლის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობის სახეებს, რომლის მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნა წარმოადგენს სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მიერ მოსამსახურის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის სახეს. აღნიშნული სახდელის გამოყენების წესი კი რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი; იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია ამ დისციპლინური გადაცდომის სახეები: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მის მიერ კონკრეტული გადაცდომების ჩადენის ფაქტები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მხარეთა წერილობითი ახსნა-განმარტებებით და შსს გენერალური ინსპექციის დასკვნით, ცალსახად დასტურდება კასატორის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესების და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტი. საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ მსგავსი ქმედება კასატორის მხრიდან არ იყო პირველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ გ. ს-ის, შ. ა-ას, რ. ს-ის, პ. გ-ის, მ. ნ-ის, ვ. კ-ას, ნ. ჟ-ის და ნ. ჯ-ას წერილობით ახსნა-განმარტებებში სრულად არის მითითებული განსახილველ საკითხთან მიმართებით მათთვის ცნობილი ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და აღნიშნული ახსნა-განმარტებები, სასამართლოების მხრიდან შეფასდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ამდენად, არ არსებობდა მათი დამატებით სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხვის საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე