Facebook Twitter

ბს-1606 (კ-18) 26 თებერვალი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. კ-მა 22.08.17წ. სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის 10.11.2017წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 20.04.2018წ. გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის 10.11.2017წ. №... გადაწყვეტილება და ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით (10.11.2014წ. №... განცხადება). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადასტურდა გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე მიღება, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ მიუთითა საკომლო წიგნის ჩანაწერებზე, მიღება-ჩაბარების აქტსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და მიიჩნია, რომ მთელ რიგ გარემოებებთან ერთად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კვლევას საჭიროებდა თ. კ-ის საკუთრების უფლების არსებობა იმავე უძრავ ნივთზე, რაც ნ. კ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა სადავო სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. კ-ის მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან თ. კ-ს სასამართლოსათვის მიმართვამდე არ მიუმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ნ. კ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თ. კ-მა საჯარო რეესტრს მიმართა 2567 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო რეესტრიდან საქმის მასალების გამოთხოვის გარეშე. გარდა ამისა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ადგილზე მიუსვლელად, რაც ადასტურებს, რომ საქმის გარემოებები სრულად არ გამოკვლეულა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ნ. კ-ის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, როგორც საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტზე. საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით კასატორი შუამდგომლობს თ. კ-ის 21.07.2017წ. განცხადების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვას.

საკასაციო სასამართლოს 08.01.2019წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს 10.01.2019წ. განჩინებით ნ. კ-ის შუამდგომლობა თ. კ-ის 21.07.2017წ. განცხადების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება როგორც ნ. კ-ის, ისე თ. კ-ის კომლების საკუთრებაში არსებული ქონების თაობაზე ინფორმაციის არსებობა საარქივო მასალებში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება ნ. კ-ის და თ. კ-ის მიერ საცხოვრებელი სახლით სარგებლობა. საქმეში დაცულია ნ. კ-ის სახელზე გაცემული ცაგერის რაიონის სოფ. ...ში არსებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (ტ.1.ს.ფ.50), აგრეთვე თ. კ-ის დედის დ. კ-ის სახელზე გაცემული ცაგერის რაიონის სოფ. ...ში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (ტ.1.ს.ფ.116). საჯარო რეესტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აღრიცხულია ნ. კ-ის სახელზე. სასამართლოს განხილვის საგანია ცაგერის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 2218 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურის 10.11.2017წ. №... გადაწყვეტილების კანონიერება. საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა დავის სასკ-ის 32.4 მუხლით გადაწყვეტის საჭიროება, სასამართლომ მიუთითა გამოსაკვლევ გარემოებათა საჭიროებაზე, რასაც იზიარებს საკასაციო პალატა და აღნიშნავს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, ორგანო ვალდებულია საკითხის ხელახალი განხილვისას იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოების მიერ მითითებულ გარემოებებზე, მოიძიოს დამატებითი მტკიცებულებები, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასოს ისინი და მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვიტოს სადავო საკითხი. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცაგერის სარეგისტრაციო სამსახურმა საკითხის ხელახალი განხილვისას საქმეში დაცული დოკუმენტების - საკომლი წიგნის ჩანაწერების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ უნდა მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ნ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება, მით უფრო რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სასამართლოსათვის მიმართვამდე თ. კ-ის მიერ ნ. კ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის საჩივრით მიმართვის სავალდებულოობის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლზე, რომლის თანახმად რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით, ამდენად, ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების აუცილებლობის შესახებ მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, თ. კ-ი უფლებამოსილი იყო ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების გარეშე, პირდაპირ სასამართლოში გაესაჩივრებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი