Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-47(კ-20) 26 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 20 დეკემბერს ე. კ-ამ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა ... ფაბრიკაში 1975 წლიდან 1995 წლის ჩათვლით. გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით, ამავე ფაბრიკის 1987-1994 წლების დოკუმენტური მასალები არქივში არ ინახება. შესაბამისად, საარქივო მასალით არ დასტურდება ზემოხსენებულ ფაბრიკაში 1987 წლიდან ე. კ-ას მუშაობის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა ... ფაბრიკაში 1987-1995 წლებში ე. კ-ას უწყვეტად მუშად მუშაობის დადგენა, რათა შემდგომ მოეთხოვა პენსიის დანიშვნა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა, რომ ე. კ-ა 1987 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა ... ქარხანაში მუშად.

გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა; მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებით სარჩელზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა იურიდული ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის მიმართ. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ე. კ-ა ამჟამად არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, სადაც პენსიის დანიშვნის მიზნით, საჭიროა იმ ფაქტის დადგენა, რომ იგი 1987 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა ქ. ...ის (ამჟამად ოზურგეთი) ... ფაბრიკაში მუშად; საარქივო ცნობით კი აღნიშნული არ დგინდება, რადგან არქივში არ ინახება ფაბრიკასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალები დროის ზემოხსენებული მონაკვეთისთვის. ამდენად, მოსარჩელის უფლების დაცვის ერთადერთ საპროცესო-სამართლებრივ საშუალებად მიჩნეულ იქნა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის შესახებ აღიარებითი სარჩელი.

სათანადო მოპასუხის დადგენის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომელი სუბიექტია პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო (სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ამჟამად არ არსებობს ...ი ფაბრიკა, ამასთან მისი უფლებამონაცვლეც დადგენილი არ არის, მოსარჩელის საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის პერიოდში არსებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარების უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს სწორედ აპელანტი წარმოადგენდა.

სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოსარჩელის განმარტების გარდა, ასევე დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით, რომლებსაც მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიენიჭათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და ,,შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის N321/ნ ბრძანებაზე დაყრდნობით. ამას გარდა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: ის ფაქტი, რომ 1987-1995 წლების მონაცემები არქივში არ ინახება, არ უნდა იქნეს გამოყენებული ე. კ-ას შრომის უფლების უგულებელყოფის წინაპირობად, რადგან საარქივო მასალების დაცვის ვალდებულება აქვს არა მოსარჩელეს, არამედ - სახელმწიფოს. შესაბამისად, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა; მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, რადგან მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დაუსაბუთებელია და ამ საკითხზე სასამართლოს მიერ ინკვიზიციურად მსჯელობა სცდება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს.

გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის შეფასებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებები არ ვრცელდება მოსარჩელის მიმართ და მას უნდა დაედგინა მისი დამსაქმებლის უფლებამონაცვლე, რომლის მიმართაც წარადგენდა სარჩელს; კასატორი კი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №46/ნ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სოციალური მომსახურების სააგენტო, გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე. რაც არ გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა მივიჩნიოთ ყველა გაუქმებული დაწესებულების უფლებამონაცვლედ, რომელიც დაადასტურებდა პირის მუშაობის სტაჟს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებები არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ და სასამართლომ არასწორად განმარტა, ,,შრომითი და სადაზღვეო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 11 დეკემბრის №321/ნ ბრძანება. მისი შეფასებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ის გარემოება, რომ შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება შეუძლებელი არის სტიქიური უბედურების გამო, ზემოხსენებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი არ უნდა გავრცელდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სწორად.

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1975 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა ...ის (ამჟამად ოზურგეთის) ... ფაბრიკაში, რაც შეეხება 1987 წლიდან 1994 წლამდე პერიოდს, ინფორმაცია არქივში არ ინახება. შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა, რა პირობებშიც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლების დაცვის საპროცესო საშუალებად სწორადაა შერჩეული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის შესახებ აღიარებითი სარჩელი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლო გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და თვლის, რომ სარჩელის ტრანსფორმირების საპროცესო მექანიზმი წარმოადგენს ყველაზე ნათელ გამოვლინებას იმისა, თუ რა ფარგლებითაა სასამართლო შეზღუდული მოსარჩელის ინტერესების გარკვევის თვალსაზრისით და როგორია პროცესში მისი როლი, რაზეც არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკა. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს....მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას, პროცესის მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას.“ (სუსგ, 3.07.2018, Nბს-925-921(კ-17)).

საკასაციო სასმართლო თვლის, რომ სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის ინტერესი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის შეუძლებელი იქნება უფლების დაცვის საპროცესო საშუალების სწორად განსაზღვრა; სასამართლოს შეზღუდვა სარჩელის ტრანსფორმირების პროცესში უკავშირდება მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და არა - დასაბუთებას (სამართლებრივ არგუმენტებს), როგორც ამაზე შინაარსობრივად კასატორი მიუთითებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მოახდინა მოსარჩელის ინტერესის განსაზღვრა და არ არსებობს ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის კანონიერ ინტერესთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: აღიარებითი სარჩელის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება, როგორც წესი არ იწვევს დავის გადაწყვეტას, არამედ აღიარებითი სარჩელით მიღწეული შედეგი შესაძლოა საფუძვლად დაედოს შემდგომ მოთხოვნებს (სუსგ 07.07.2016, საქმე Nბს-383-377(კს-15); ასევე 02.10.2014 წ., საქმე Nბს-595-573(კს-13)). აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისათვის განმსაზღვრელია ის, რომ პირის კანონიერი ინტერესი გამოხატულია მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში და სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელეს გააჩნია უშუალო უფლებადამცავი ინტერესი, ამასთან ინტერესი არის კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები.

შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადგენის თვალსაზრისით პრინციპულია დადასტურდეს, რომ სარჩელი, დაკმაყოფილების პირობებში, ქმნის პირის მატერიალური სამართლით აღიარებული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.“ იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.“

საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პენსიის მიღება პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს. აღნიშნული, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს პენსიის დანიშვნა, ანუ სარჩელი ემსახურება კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანს, რაც მოსარჩელის მოთხოვნას ანიჭებს უპირობო კანონიერ ინტერესს. კანონიერი ინტერესის არსებობას ვერ გამორიცხავს ის მოცემულობა, რომ მოსარჩელე არ არის საქართველოს მოქალაქე, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, საპენსიო უზრუნველყოფის უფლება არ არის მხოლოდ ნაციონალური კანონმდებლობით დაცული უფლება და მოქცეულია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცულ სფეროში.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს მოსაზრებას მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის ნაწილში, რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს სპეციალური ურთიერთობების მარეგულირებელ შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: კომპეტენტური ორგანო – ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო; იმავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია: პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება; „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/ საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. მითითებული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, პენსიის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტაზე, რაც ექცევა მოსარჩელის ინტერესის სფეროში, პასუხისმგებელ ორგანოდ განსაზღვრულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი.

საკასაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს აღიარებითი სარჩელის თავისებურებაზე და აღნიშნავს, უდავო სამართალწარმოებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელისათვის მახასიათებელია დავა მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის თაობაზე, რა პირობებშიც მოპასუხედ განისაზღვრება ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება უფლებრივი საკითხის გადაწყვეტა. ასეთ ადმინისტრაციულ ორგანოდ კი, როგორც ზემოთ მიეთითა, მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე, განსაზღვრულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს დასაშვებად არ მიიჩნევს იმ საფუძველზე მითითებით, რომ საქმის განხილვა მოხდა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, ნორმატიული აქტი, რომელზე მითითებასაც შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განიხილება ძალადაკარგულ აქტად (საკანონმდებლო საფუძველი „სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით), თუმცა საკითხის შეფასების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ ფაქტების დადგენა, მოძიება და მოკვლევა მოახდინა სრულყოფილად. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება მიეკუთვნება მტკიცებულებათა სახეს, რაც სასამართლოს ანიჭებს მისი დაშვებისა და შეფასების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოსთვის განმსაზღვრელია ის, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე