Facebook Twitter

ბს-471-471 (2კ-18) 13 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. კ-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-ემ 20.06.2007წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 23.11.2006წ. მასსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული უძრავი ქონების (ქ. თბილისში, ...ის გამზ. N30–ში მდებარე 871.89 კვ. არასაცხოვრებელი ფართის) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების და 23.11.2006წ. მასსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული უძრავი ქონების (ქ. თბილისში, ...ის გამზ. N28–ში/...ის ქ. N2–ში მდებარე 1087,65 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე მ. კ-ის სასარგებლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება - 66 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მ. კ-ის მიმართ აღძრული შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბიუჯეტის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 22 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმული შპს „...ი ფ...ი“ და შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.07.2016წ. განჩინებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მ. კ-ის მოტყუების ან იძულების ფაქტი, აგრეთვე არ დასტურდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ექვივალენტური ღირებულების მქონე ქონების გადაცემის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით უსაფუძვლოა აგრეთვე შეგებებული სარჩელი, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ შემოსავლის მიუღებლობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2017წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მ. კ-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორი მ. კ-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით მისი სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს განჩინება, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“. ამასთანავე, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მ. კ-ის მიერ მითითებული გარემოებები მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული იძულების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე 27.07.2009წ. შედგა სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც აღინიშნა, რომ მ. კ-ის მიერ ნების გამოვლენაზე ადგილი ჰქონდა უკანონო ზემოქმედებას, რაც გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მ. კ-ის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის იძულების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის არარსებობის გამო იძულების დაუდასტურებლობის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალები ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა. იძულების გარდა მ. კ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა მოტყუებასაც, რადგან მ. კ-ეს მის საკუთრებაში არსებული ქონების ტოლფასი უძრავი ქონება არ გადასცემია სახელმწიფოსგან. მ. კ-ისათვის 2007 წლის იანვრის თვემდე შეუძლებელი იყო მისთვის გადაცემული ქონების დათვალიერება, რადგან ფართი იჯარით ჰქონდა გადაცემული წიგნების მაღაზია „ს...ის“ კოლექტივს. ქონების შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ მ. კ-ეს 2237690 აშშ დოლარით ნაკლები ღირებულების ქონება გადაეცა სახელმწიფოსგან. მ. კ-ის მოტყუებისა და იძულების გარეშე იგი სახელმწიფოს არ დათანხმდებოდა სახელმწიფოსგან 2237690 აშშ დოლარით ნაკლები ღირებულების ქონების მიღებას.

კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს განჩინება, ვინაიდან სათანადოდ არ შეფასდა შეგებებული სარჩელით მითითებული გარემოებები. კერძოდ, მ. კ-ემ 23.11.2006წ. მასსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება 2007 წლის იანვრის თვემდე ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში მოეყვანა მის მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონება. აღნიშნული ვალდებულება მ. კ-ის მხრიდან არ შესრულდა, რადგან მან ვერ უზრუნველყო უძრავი ქონების მოიჯარეებისგან გამოთავისუფლება, რითაც სახელმწიფომ იზარალა 10 000 000 აშშ დოლარით, ხოლო ქვეყნის ეკონომიკამ 12 000 000 აშშ დოლარით. აღნიშნული გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოების მიერ, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მ. კ-ის მოსაზრებები მის მიმართ განხორციელებული იძულებისა და მოტყუების შედეგად სადავო გარიგებების დადების თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება იძულებისა და მოტყუების ფაქტი. მხარის მოსაზრებების არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. კ-ის მიმართ განხორციელდა იმგვარი ქმედება, რაც მისი ნების გამოხატვის პროცესში აშკარა ჩარევას წარმოადგენდა და ამგვარი მოქმედების გარეშე სადავო გარიგებები არ დაიდებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს იძულების ან მოტყუების დამადასტურებელი მტკიცებულებები, აგრეთვე არ არსებობს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან რაიმე მოქმედების განხორციელებისა და მ. კ-ის მიერ ნების გამოხატვას შორის იმგვარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც დაადასტურებდა, რომ იძულების გარეშე მისი მხრიდან ნების გამოხატვა არ მოხდებოდა. მ. კ-ის მითითება, რომ იგი იძულებული გახდა ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მის მიერ იჯარით გაცემულ ფართში შესამოწმებლად შესვლის შესახებ, არ ადასტურებს იძულებას ან მოტყუებას, ვინაიდან მითითებულ პერიოდში (2006 წელი) ფინანსური პოლიცია იყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებას და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს. მითითებული ფუნქციის შესრულების მიზნით ფინანსური პოლიციის მიერ მოქმედებათა განხორციელება ვერ იქნება მიჩნეული მ. კ-ის მიმართ იძულებად ან მოტყუებად.

არ დასტურდება აგრეთვე ზიანის არსებობა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ ერთმანეთისთვის უძრავი ქონების გადაცემაზე, რომელთა ფართობი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. არ დასტურდება, რომ მხარეთა შეთანხმება იდენტური ფართის და ღირებულების ქონების გადაცემას ითვალისწინებდა. მნიშვნელოვანია, რომ მ. კ-ემ მიიღო იმავე ტერიტორიაზე მდებარე უფრო მეტი ფართის მქონე უძრავი ქონება (1087 კვ.მ.), ვიდრე სახელმწიფომ (871 კვ.მ.).

დაუსაბუთებელია მ. კ-ის მოსაზრება მისთვის გადაცემულ ფართში შესვლის შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან მას, როგორც ფართის მესაკუთრეს შეეძლო კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მიეღო შესაბამისი ზომები ფართში შესვლისა და მისი შეფასების მიზნით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ წიგნების მაღაზია „ს...ის“ მიერ ფართის დაკავების გამო მ. კ-ეს არ ჰქონდა ფართის შეფასების შესაძლებლობა, არ დასტურდება, რომ მ. კ-ემ რაიმე კანონიერ ზომას მიმართა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებების დაცვის მიზნით.

მ. კ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნაზე მითითება, ვინაიდან მითითებულ დასკვნას გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი. ამგვარი დასკვნის არსებობა არ ათავისუფლებს მხარეს მისი მოთხოვნის შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენაზე.

საფუძველს არის მოკლებული მ. კ-ის მოსაზრება სააპელაციო პალატის მიერ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა გამოუყენებლობის გამო გასაჩივრებული განჩინების უსწორობის თაობაზე. საქმეში დაცული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ან რომელიმე სხვა დოკუმენტი არ შეიცავს მითითებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე გარიგებების დადების თაობაზე. მ. კ-ის მხრიდან აღნიშნულის თაობაზე მითითება შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე არ არის საკმარისი, ვინაიდან მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებისაგან. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულ მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ისე მათი მტკიცების ტვირთი. ამდენად, არ დასტურდება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სადავო ურთიერთობის დარეგულიება, შესაბამისად არ არსებობდა მითითებული ნორმების სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამოყენების საჭიროება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას შეგებებული სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების ისეთი ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ მტიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილება, ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მისთვის მიყენებული ზიანისა და მისი მოცულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა პირის სუბიექტური შეფასებით (სუსგ №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.), შეგებებული სარჩელის ავტორს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რომლებიც შექმნიდა შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე (სუსგ 16.05.2019წ.საქმე №ბს-740-736(კ-17)). ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით მართებულად იქნა უარყოფილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეგებებული სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. კ-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.12.2017წ. განჩინება;

3. მ. კ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 20.02.2018წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3300 ლარის 70 % - 2310 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი